Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაჩრდილავს თუ არა გლობალიზაციის საწინააღმდეგო მოძრაობას ანტიტერორიზმი


ლამის აღარავის ახსოვს 23 წლის იტალიელი სტუდენტის კარლო ჯულიანის მკვლელობის ამბავი,

როცა პოლიციელმა პისტოლეტით მოკლა გენუაში საპროტეტო გამოსვლის ეს მონაწილე. ჯულიანის მკვლელობიდან ნახევარ წელიწადზე მეტი გავიდა. გამოძიებას ვერ დაუდგენია, სტუდენტი დაემუქრა პოლიციელს და ის თავდაცვამ აიძულა ესროლა, თუ ჯულიანი უდანაშაულო მსხვერპლია, მოკლული ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ, რომელმაც საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. არავის ახსოვს ეს ამბავი იმიტომაც, რომ მას მერე სხვა ტრაგედიებიც მოხდა და, რაც მთავარია, იმ მოძრაობამ, რომელსაც მიეკუთვნებოდა ჯულიანი, ფრთები, დროებით შეიკეცა.

11 სექტემბრის შემდეგ, როცა ტერორიზმი შეერთებულმა შტატებმა საკუთარ ტყავზე იწვნია და ომი გამოუცხადა მას მთელ მსოფლიოში, გლობალიზაციის მოწინააღმდეგე მოძრაობა მიჩუმდა. მიჩუმდა, მაგრამ არ გამქრალა. მიჩუმდა იმიტომ, რომ ერთობ ცუდი პირობები შეიქმნა ამერიკის და საერთოდ დასავლეთის საფინანსო სამყაროს პოლიტიკის კრიტიკისათვის. არადა როგორც გლობალიზაციის მოწინააღმდეგეები ამბობენ, ის უსამართლობა, რომელიც სამყაროში იყო, არ აღმოფხვრილა. ახლა ამერიკის ბრძოლას მხარში ამოუდგა მთელი დასალეთი და არა მარტო ის, თვით რუსეთიც, რომელიც სამრეწველო თვალსაზრისით 7 უმსხვილესი სახელმწიფოს გვერდში დააყენეს, და ახლა არის რა აქედან გამომდინარე გლობალიზაციის ავანგარდში, ანტიტერორისტული მოძრაობის აქტივისტიც გახდა.

სექტემბრის ბოლოსთვის ვაშინგტონში დაგეგმილი იყო მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიური შეხვედრა. ამ შეხვედრის დროს საპროტესტო გამოსვლის ორგანოზატორები ვარაუდობდნენ, რომ ვიეტნამის ომის შემდეგ, უდიდესი მასშტაბის საპროტესტო გამოსვლას მოაწყობდნენ ამერიკის დედაქალაქში. მაგრამ გადაიდო ყველანაირი შეხვედრა. ასევე ნიუ იორკში გლობალიზაციის მოწინააღმდეგეები გეგმავდნენ გამოსვლებს ნოემბრისთვის, მაგრამ ვერ გაბედეს მოწყობა, შეეშინდათ, რომ ანტიპატრიოტულად იქნებოდა აღქმული ამგვარი გამოსვლა. გლობალიზაციის მოწინააღმდგეები ახლა ფიქრობენ, როგორ განაგრძონ მომავალში საქმიანობა. ბრიტანეთში გამომავალი გაზეთი “გარდიანის” მიმომხილველი, ჯორჯ მონბაიოტი ადასტურებს, რომ ტერაქტებმა შეცვალა პროტესტების ფონი. მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ პროტესტის საჭიროება კვლავაც დიდია: [მონბაიოტის ხმა] “11 სექტემბრის ამბებმა რაღაც შეცვალა, მაგრამ არ არის ნათელი, რა. ეჭვი არ არის, რომ ის ძირითადი პრობლემები, რომელსაც ვაპროტესტებდით, არ მოგვარებულა, პირიქით მეტად გამწვავდა”. ბრიტანელი მიმომხილველის თანახმად, უდავოა, რომ პროტეტი საჭიროა, საკითხავი ის არის, როგორ გზებს ავირჩევთ პროტეტის გამოსახატავადო, ამბობს ის.

1999 წელს გლობალიზაციის მოწინააღმდგეებმა პირველი გრანდიოზული საპროტესტო გამოსვლა მოაწყვეს სიეტლში, შეერთებულ შტატებში. ესენი იყვნენ ბუნების დაცვის და სამართლიანი ვაჭრობის მომხრე ჯგუფები. მათი კრიტიკის სამიზნე იყო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიდგომა სხვადასხვა ქვეყნებისადმი, კერძოდ ის, რომ იგი დასავლეთის სახელმწიფოებს უპირატესობას ანიჭებდა მატერიალურად ღარიბი ქვეყნების მიმართ. პროტესტის მომხრეთა აზრით, საერთოდ საფინანსო და სავაჭრო სფეროში ჩრდილოეთი სამხრეთს ჩაგრავს და მდიდარი ღარიბს.

სიეტლს მოჰყვა შემდეგ პრაღა, სადაც ასევე საერთაშორისო მასშტაბი მიიღო გლობალიზაცის მოწინააღმდეგეთა გამოსვლამ. შემდეგ იყო კვებეკი კანადაში, გიოტებორგი შვეციაში და გენუა, სადაც დაიღუპა კარლო ჯიულიანი, რომელიც ამ გადაცემის დასაწყისში ვახსენეთ. გენუაში, გამოსვლებს პირველად მოჰყვა მსხვერპლი. იტალიის მთავრობამ განსაკუთრებით თავის გამოჩენა მოინდომა და ქალაქში 20 ათასი პოლიციელი და ჯარისკაცი იქნა მობილიზებული. შეტაკებების შედეგად დაშავდა 200 ადამინი. გენუა იმ პერიოდში სიმბოლურად გამოხატავდა საერთო დამოკიდებელებას გლობალიზაციის მოწინააღმდეგეთა მიმართ. ერთნი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მხარს უჭერენ პროტესტებს, სხვები, ძალადობას და რბევას არ ემხრობოდნენ. მაგალითად, ერთი გენუელი სტუდენტი გოგონა თვლიდა, რომ აუცილებელი იყო ამგვარი გამოსვლები, რათა დაცული ყოფილიყვნენ ისინი, ვინც უუფლებოა და თავისი სამართლის მოპოვება უჭირს. სხვა, გენუაში მცხოვრები მამაკაცი ხელჩაქნეული იყო და ფიქრობდა, რომ ამგვარი პროტესტი ნონსენსია, რადგან ჩვენ ყველანი ავტომატურად, როგორც ის ამბობდა, გლობალიზებული ვართ. დასავლეთის მთავრობები, სხვადასხვა ხერხით ცდილობდნენ თავი აერიდებინათ ამგვარი პროტესტებისთვის. ყველაზე გავრცელებულ ფორმად შეიძლებოდა გადაქცეულიყო შეხვედრების ისეთ ადგილებში გადატანა, სადაც გამოსვლების მოწყობა გაჭირდებოდა. ეს იყო 11 სექტებრამდე.

ახლა გლობალიზაციის მოწინააღმდგეები გარეთ არ აქტიურობენ. მაგრამ მოძრაობის მონაწილეები ამბობენ, რომ ავღანეთის ომის დამთავრების შემდეგ, პროტესტი აღდგება. საპროტესტო მოძრაობის საფრანგეთის ჯგუფის “ატაკის” ლიდერი, შეერთებულ შტატებში დაბადებული სიუზენ ჯორჯი, უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ ტერორისტული თავდასხმები ადასტურებს საპროტესტო მოძრაობის აზრს, რომ ეკონომიკური უთანასწორობა აღვივებს უკმაყოფილებას. [ჯორჯის ხმა] ”ჩვენი აზრით, ჩვენი პოზიცია, ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უწინ. ცხადი უნდა იყოს, რომ ამ შოკმა ხალხს უნდა შეაგნებინოს, რომ მსოფლიოში არსებული უთანასწორობა არ გვაძლევს საშუალებას შინ მშვიდად ვიცხოვროთ. რადგან მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვერ გავერიყებით სამყაროს”.

გლობალიზაციის მოწინააღმდეგეთა ზოგიერთმა ჯგუფმა შეიცვალა პროფილი და ანტიმილიტარისტულ ჯგუფად გადაიქცა. თუმცა, როგორც გაირკვა, მათი საპროტესტო გამოსვლები არ შეედრება გლობალიზაცის მოწინააღმდეგეთა თავყრილობებს. “გარდიანის” მიმხილველი ჯორჯ მონბაიოტის აზრით, ანტისაომარი მოძრაობაც მნივნელოვანია. [მონბაიოტის ხმა] “და დიდწილად, რაც ავღანეთში ხდება, კონკრეტული მაგალითია რაღაც ზოგადისა,რასაც ჩვენ პროტესტს ვუცხადებთ”.

მომავალი წლის გაზაფხულზე მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, ასევე ნატო, აპირებენ განაახლონ თავიანთი შეხვედრები. გლობალიზაციის მომხრეების წარმატება, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მსვლელობაზე იქნება დამოკიდებული.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG