Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2001 წელს ახალი “ქართული ეკონომიკური სასწაული” შედგა, ოღონდ უკიდურესად “ქართული” ინტერპრეტაციით


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი როგორც მოსალოდნელი იყო, მომავალ 2002 წელს საქართველო ისევ ძველი სახელმწიფო ბიუჯეტით გააგრძელებს და ძნელი სავარაუდოა, ახალი კანონის მიღება იანვრის ბოლომდე მოხერხდეს.

საგულისხმოა, რომ საბიუჯეტო კრიზისის გარდა, ქვეყნის ეკონომიკა მომავალ წელს თავის სხვა ტრადიციულ პრობლემებსაც გადაულოცავს. აქვე დავძენთ, რომ ეს პრობლემები, შარშანდელთან ან შარშანწინდელთან შედარებით, გაცილებით სერიოზულია. თუმცა, ამ დღეებში მსოფლიო ბანკმა ხელისუფლებას ნამდვილი საახალწლო საჩუქარი გაუკეთა და უკვე იმედგადაწურულ და მორიგი სეკვესტრისათვის განწირულ ბიუჯეტს და, შესაბამისად, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩენილ მთავრობას, ჯერ კიდევ საშემოდგომოდ მისაღებ კრედიტებზე დასტური მისცა. ეს კრედიტები ენერგეტიკის სექტორის სრუქტურული გარდაქმნისთვის არის გამიზნული, მაგრამ წინასაახალწლოდ ფინანსთა სამინისტრო ალბათ ცდუნებას ვერ გაუძლებს და ნანატრ კრედიტს ბიუჯეტის დეფიციტის ნაწილობრივ დასაფარად მაინც გამოიყენებს.

ჯერ კიდევ გაზაფხულზე ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოში ეკონომიკურ აღმავლობას წინასწარმეტყველებდა და ახალი “ქართული ეკონომიკური სასწაულის” იმედს გვისახავდა. მართალია, ამ განცხადებების ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, მაგრამ ვერც იმას იფიქრებდა კაცი, რომ ეკონომიკური სასწაულის განხორციელება მართლაც უკიდურესად ქართული სპეციფიკით წარიმართებოდა.

2001 წლის განმავლობაში საქართველოში თითქმის ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი გაუარესდა. ფისკალურ სფეროში ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაწყებულმა ხმაურიანმა რეფორმამ შედეგი ვერ გამოიღო და ეს წელიც სერიოზული დეფიციტით დავამთავრეთ. საგადასახადო შემოსავლების მობილიზების მხრივ, გაზაფხულის ბოლოს დაწყებული შედარებითი პროგრესი ორიოდ თვეში ისევ სერიოზულ ჩავარდნად გვექცა.

მთავრობამ ვერც წელს შეძლო ბიუჯეტის ჯერ რეალურად დაგეგმვა და შემდგომ შესრულება, რის გამოც სეკვესტრი უკვე ჩვეულ, ყოველწლიურ პროცედურად გვექცა. რუსეთთან სკანდალური “ნულოვანი ვარიანტის” სანაცვლოდ ფინანსთა სამინისტრომ, მართალია, მოახერხა პარიზის კლუბის ფარგლებში საგარეო ვალების ნაწილის რესტრუქტურიზება და 2001-ის ბიუჯეტს მძიმე ტვირთი შედარებით შეუმსუბუქა, მაგრამ თუ გაისად ვალების გადავადება ვერ მოვახერხეთ, ქვეყანას მარტო მათი გასტუმრება დაახრჩობს, ამასთან, ვალების გასტუმრების პიკი 2003-2004 წლებში გვიწევს.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ვალი ამჟამად 5 657 000 000 ლარს შეადგენს. სახელმწიფო ვალის უდიდესი ნაწილი – 4,1 მილიარდი ლარი – საგარეო ვალია, ხოლო 1,55 მილიარდი ლარი – საშინაო ვალი. 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, როგორც მომსახურებაზე, ასევე სახელმწიფო ვალის დაფარვაზე, გათვალისწინებულია სულ 263,6 მილიონი ლარი, რაც 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 21,3 პროცენტს, ანუ 2002 წლის ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 25,4 პროცენტს შეადგენს. მოცემული თანხიდან 190,2 მილიონი ლარი საგარეო ვალზე მოდის, ხოლო 73,4 მილიონი ლარი – საშინაო ვალის წილზე. 2002 წლის ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად, სახელმწიფო ვალის მომსახურება და დაფარვა ბიუჯეტის დაცული მუხლების რიცხვს მიეკუთვნება.

ქვეყნის ეკონომიკის მთავარ პრობლემად მიმავალ წელსაც სუსტი ადმინისტრირება, კორუფციის მაღალი დონე და მიზანმიმართული პოლიტიკის არარსებობა რჩებოდა. მუდმივმა საგადასახადო ექსპერიმენტებმა, გაუმართლებელი შეღავათების დაწესებამ და კომპეტენტურობის დეფიციტმა თავი ბიუჯეტში გადასახადების მობილიზებაში იჩინა.

ფისკალური კრიზისი მუდმივ პრობლემებს გვიქმნის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაში. თუმცა, სავალუტო ფონდმა წელს, ბევრის გასაკვირად, პროგრამის დაფინანსება აღადგინა, რასაც წლის ბოლოს საპასუხო ჟესტი მსოფლიო ბანკის მხრიდანაც მოჰყვა. ამ ორგანიზაციებიდან კრედიტების მიღება შეიძლება 2001 წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად მივიჩნიოთ, თუმცა ისიც აშკარაა, რომ ფონდმაც და მსოფლიო ბანკმაც ტრანშები ავანსად გამოგვიყო, რადგან მათთან შეთანხმებული პარამეტრები ხელისუფლებამ ბოლომდე ვერ დაიცვა.

გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ ბრიტანეთის ITS-ს კონტრაქტი გაუგრძელა. ამ კომპანიის მიმართ იმთავითვე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობდა და მის საქმიანობასაც სხვადასხვაგვარად აფასებენ. ITS-ი საბაჟოზე წინასაიმპორტო ექსპერტიზას ატარებს. საქართველოში ბრიტანეთის კომპანიის შემოსვლას კონტრაბანდის მასშტაბი არ შეუმცირებია, საბაჟოს მიერ აკრეფილი გადასახადები ორი წლის მანძილზე ვერა და ვერ მიუახლოვდა დაგეგმილ მაჩვენებელს. ბევრი პოლიტიკოსისათვის ეს გარემოება ბრიტანეთის კომპანიის წინააღმდეგ გასალაშქრებლად საკმარისი არგუმენტია, თუმცა მორღვეული საბაჟო საზღვრებისა და ამ სფეროში არსებული კორუფციული ვერტიკალის არსებობის პირობებში, ძნელი წარმოსადგენია, უცხოეთის რომელიმე სხვა კომპანიას უკეთესი შედეგისათვის მიეღწია.

საერთოდ, ჩვენში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დამნაშავის “სხვაგან”მოძებნა ყოველთვის შესაძლებელია. თუ ეკონომიკა არ მუშაობს და წარმოების ტემპები პერმანენტულად ეცემა, დამნაშავე, ბუნებრივია, სავალუტო ფონდში ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში უნდა ვეძებოთ, რომლებიც ქართულ წარმოებას ახშობენ და ბაზარს იაფი იმპორტით აჯერებენ; თუ ელექტროგადამცემ ხაზებს სისტემატურად აფეთქებენ და ენერგობლოკებზე ავარიები წესად გვექცა, ამაში, რა თქმა უნდა, ამერიკის AES-ის ხელი ურევია; და თუ საბაჟოზე აღებ-მიცემობა სამუშაო პრაქტიკის ნაწილია და ექსპორტ-იმპორტიდან გადასახადებს ვერ ვიღებთ, ვისკენ უნდა გავიშვიროთ ხელი, თუ არა ბრიტანეთის ITS-ისკენ. მოკლედ, დამნაშავის პოვნა ადვილია. აი, სიტუაციის გამოსწორებისა კი რა მოგახსენოთ.
XS
SM
MD
LG