Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის საზოგადოებრივი სტრუქტურა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ანტიტერორისტულმა კამპანიამ ავღანეთში ჩრდილში მოაქცია ჩეჩნეთში

მიმდინარე ომი, – მეორე ბოლო ათწლეულის განმავლობაში – რომელშიც ათასობით ადამიანი დაიღუპა და რომელმაც შეუქცევადი ცვლილებები შეიტანა ჩეჩენი ხალხის რელიგიურ ცხოვრებაში და საოჯახო სტრუქტურაში.
რაში გამოიხატება ეს ცვლილებები?

ჩეჩნები მჭიდროდ შეკრული საზოგადოებაა, დაფუძნებული ფართოდ განშტოებულ ოჯახებზე ანუ კლანებზე, რომელთაც უხუცესთა საბჭო ხელმძღვანელობს. ასეთ კლანს, რომელიც ტრადიციულად ერთ სოფელში ცხოვრობს, ტეიპს ეძახიან.

კავშირები თითოეული ტეიპის წევრებს შორის ძალიან მტკიცეა. ისინი ვერ შეასუსტა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, სტალინის ბრძანებით, ჩეჩნების შუა აზიაში დეპორტაციამ და ახლაც, როცა ომმა და სოციალურმა უკუღმართობამ ათასობით ჩეჩენი აიძულა დაეტოვებინა მშობლიური სოფელი ან საერთოდ წასულიყო რეგიონიდან, ეს კავშირები ურღვევი რჩება.

ჩეჩნეთში 150-ზე მეტი ტეიპია, ყოველი მათგანი საკუთარი ტრადიციებითა და უხუცესთა საბჭოთი. უფროსის პატივისცემას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩეჩნეთში, სადაც გადამწყვეტი სიტყვა, ტრადიციულად, კლანის უხუცეს წევრებს ეკუთვნის. მაგრამ ბოლო წლებში, უხუცესთა აბსოლუტური ავტორიტეტი შეირყა. ახლა ისინი იძლევიან რეკომენდაციებს, რომელსაც ტეიპი ყოველთვის არ მისდევს.

სერგეი არუთინოვი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, მოსკოვის ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების უფროსი, დღევანდელ სიტუაციას ასე ახასიათებს: [სერგეი არუთინოვის ხმა] “კლანს შეიძლება ჰყავდეს ცოტად თუ ბევრად არაოფიციალური უხუცესები: ამ უხუცესებისგან შედგება ერთგვარი საბჭო, რომელმაც, შეიძლება, გასცეს რეკომენდაციები, რომელთა შესრულება სავალდებულო არ არის. უხუცესებს არა აქვთ ამ რეკომენდაციების ცხოვრებაში გატარების უფლებამოსილება. მაგრამ ისინი ზოგჯერ იძლევიან საღ რეკომენდაციებს, რომლებიც შეიძლება მისაღები იყოს კლანის წევრების უმრავლესობისთვის.”

ტეიპის წევრებმა, როგორც წესი, იციან ყველა იმ წინაპრის სახელები, რომელთაგანაც მათი კლანი მომდინარეობს. მათ შეუძლიათ, სულ ცოტა, შვიდი თაობის წინაპარი მამაკაცის ზეპირად ჩამოთვლა და მათი ცხოვრებისა და სიკვდილის –უმრავლეს შემთხვევაში ბრძოლის ველზე დაცემის – ამბის მოყოლა.

იან ჩესნოვმა, რუსეთის ჰუმანიტარული სახელმწიფო ინსტიტუტის ანთროპოლოგიის პროფესორმა, რამდენიმე წელი გაატარა ჩეჩნეთში, სწავლობდა იქაური ხალხის კულტურულ ჩვევებსა და ხასიათს. მისი თქმით, კავკასიური ტრადიციების თანახმად, ტეიპის წევრს გასაჭირში არასდროს დატოვებენ. ტეიპი მოქმედებს, როგორც ერთი ოჯახი, ზრუნავს თავის ყოველ წევრზე.

ჩესნოვი დაესწრო კლანის ერთ-ერთ თავშეყრას, რომელზეც ირჩეოდა ობლად გაზრდილი ახალგაზრდა ქალის მზითვის საკითხი. ეს მზითვი ახალი ოჯახის შესაქმნელად ტეიპს უნდა შეეგროვებიანა.

ტეიპი ჩეჩენი საზოგადოების სული და გულია და, მრავალი ჩეჩენის აზრით, მისი წევრების ხასიათსა და რაობასაც ის განაპირობებს. კავშირი კლანსა და პიროვნების ტიპს შორის იმდენად მჭიდროა, რომ ტეიპი, შეიძლება ითქვას, რეგიონის პოლიტიკური ცხოვრების მთავარი ელემენტია.

ჩეჩენი საველე მეთაური სალმან რადუევი, რომელსაც დეკემბრის ბოლოს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ტერორისტული საქმიანობისა და მკვლელობებისთვის, გორდალოის ტეიპს ეკუთვნის. მის მიერ ჩადენილმა ბოროტმოქმედებებმა (მათ შორის აღსანიშნავია ქალაქ ყიზლარზე თავდასხმა, რომელშიც 78 ადამიანი დაიღუპა), თავი მოჭრა ტეიპის ყველა წევრს, პრეზიდენტ ასლან მასხადოვის ჩათვლით. მასხადოვის მეუღლე გორდალოის ტეიპიდანაა.

რუსი ჟურნალისტი ვალერი ბატუევი, რომელიც კავკასიის საკითხებს აშუქებს, ამბობს რომ მასხადოვს, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის ვერ უმკლავდება დაჯგუფებათა შორის ქიშპობას, არ შეეძლო რადუევის დაპატიმრება ან დაგმობა, რადგანაც ასეთი ქმედება ტეიპის შიგნით კონფლიქტს გამოიწვევდა.

ჩეჩნეთის ტეიპები შედიან ცხრა ტუხკუმში. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ჩეჩნები 9 ძმისგან მოდიან. ეს ჩეჩნეთის სიმბოლოშიც აისახა: ეს არის მგელი, რომელიც ცხრა ვარსკვლავითაა გარშემორტყმული. ტუხკუმს ბატუევი ასე ახასიათებს: [ვალერი ბატუევის ხმა] “ტეიპში შედის ცხრა ტუხკუმი. ტუხკუმი სამხედრო-პოლიტიკური კავშირია, რომელიც საშიშროების, აგრესიის დროს მოქმედებას იწყებს. ისინი ერთგვარად აერთიანებენ მთელ ხალხს, ყველა ტეიპს.”

ტუხკუმს ლიდერი არ ჰყავს. მასში სუსტად არის გაერთიანებული რამდენიმე კლანი, რომელთაც საერთო წინაპარი ჰყავთ. ბატუევის თქმით, თუ უწინ ტუხკუმებს ომის დროს დარაზმვა შეეძლოთ, ბოლო დროს ისინი უფრო მეტად სიმბოლურ, და არა სამხედრო როლს თამაშობენ. ბოლო ორი სამხედრო კონფლიქტის დროს ტუხკუმების გავლენა უმნიშვნელო იყო.

რუსეთთან ბოლო ორი ომის განმავლობაში ჩეჩნეთის მოსახლეობა განახევრდა. ბევრი გაიქცა, ბევრიც დაიღუპა. მხოლოდ 1994-96 წლების ომში 50 ათასი ადამიანი იქნა მოკლული. ომამდე ჩეჩნეთის მოსახლეობა მილიონ 200 ათასს ითვლიდა. 1999 წლისთვის ის 600-დან 780 ათასამდე შემცირდა. დედაქალაქ გროზნოში ოდესღაც 400 ათასი კაცი ცხოვრობდა, დღეს ეს რიცხვი 40 ათასსაც ვერ აღწევს.

ასეთმა სერიოზულმა დემოგრაფიულმა ცვლილებამ დაღი დაასვა ტუხკუმისა და ტეიპების სტრუქტურას. სერგეი არუთინოვის თქმით, რესპუბლიკა მეობის სერიოზულ კრიზისს განიცდის.

ათი წლის წინ ახალგაზრდა თაობა ვარაუდობდა, რომ მისი ცხოვრების გზა, უმეტესწილად, მშობლების გზას დაემსგავსებოდა: ქორწინება, შვილები, კარიერა. ეს კი ნიშნავდა, რომ ახალგაზრდები ყურს უგდებდნენ მამებისა თუ ტეიპის უხუცესების რჩევებს და კლანის ძველი თაობა ეხმარებოდა ახალგაზრდობას პარტნიორის შერჩევაში, კარგი სამუშაობს პოვნაში. მაგრამ ახლა, ამბობს არუთინოვი, ჩეჩნეთის საზოგადოება შეიცვალა.

[სერგეი არუთინოვის ხმა] “დღეს, უმრავლეს შემთხვევაში, უფროსებმა დაკარგეს გავლენა და, როგორც წესი, თუ მდიდარსა და გავლენიან ადამიანებს არ ჩავთვლით, მამას არ შეუძლია თავისი ვაჟისთვის ღირსეული ქორწილის ორგანიზება. მას არ შეუძლია ვაჟისთვის კარგი სამუშაო ადგილის პოვნა. და ამგვარად, მისი ავტორიტეტი, მისი პრესტიჟი, უმცროს თაობაზე მისი გავლენა, ეცემა.”

ახალგაზრდა თაობამ ორიენტირები დაკარგა და ახალ ავტორიტეტებს ეძებს. ხშირ შემთხვევაში ასეთი ავტორიტეტის ძებნას ის რადიკალურ ვაჰაბისტურ სექტებში ან კრიმინალურ წრეებში მიჰყავს. თაობათა შორის უფსკრული იმდენად გაფართოვდა, რომ ახალგაზრდების მიერ მამების სიკვდილამდე ცემის რამდენიმე შემთხვევაც კი აღინიშნა. სულ რამდენიმე წლის წინ მამისთვის ხელის მოქნევაც წარმოუდგენელი რამ იყო.
XS
SM
MD
LG