Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არიან თალიბანისა და “ალ ყაიდის” დაკავებული წევრები – პატიმრები თუ ტყვეები?


ელენე ლორთქიფანიძე შეერთებულ შტატებს დაკავებული ჰყავს თალიბანისა და “ალ ყაიდის” 350 მებრძოლი.

თალიბანის ლიდერ მოლა მოჰამად ომარზე ნადირობა გრძელდება. ჯერჯერობთ ამ მებრძოლებს “დაკავებულებს” და არა ტყვეებს უწოდებენ. რა განსხვავებაა ამ ორ ტერმინს შორის?

1949 წლის ჟენევის კონვენციის თანახმად, ომის ტყვის სტატუსის გარეშე, დაკავებულის უფლებები შეზღუდულია. კონვენციით ტყვეს უნდა მოექცნენ ადამიანურად – ნორმალურად კვებონ, შეუქმნან ნორმალური საცხოვრებელი პირობები; უზრუნველყონ სამედიცინო დახმარებით. არ შეიძლება მათი წამება ან პასუხების გამოძალვა. ომის დამთავრების შემდეგ ისინი რეპატრირებულ უნდა იქნენ მათ მშობლიურ ქვეყანაში.

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ პატიმრებს ისე ეპყრობა, როგორც ომის ტყვეებს. ამასთან, არ ამხელს თუ რა განსხვავებას ხედავს ტყვესა და პატიმარს შორის. იბადება კითხვა, რა სტატუსი უნდა მიენიჭოს ადამიანს, თუ ის კონფლიქტის, და არა ომის მსვლელობაში დააკავეს?

ადამ რობერტსი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობათა დარგში, და ცნობილი წიგნის “ომის კანონების დოკუმენტების” გამომცემელი ამბობს, რომ დაკავებული მოწინააღმდეგე იმისთვის რომ სამხედრო ტყვედ გამოცხადდეს, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. თალიბანისა და “ალ ყაიდის” მებრძოლები კი ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ.

1949 წლის ჟენევის კონვენციით, მებრძოლს უნდა ჰქონდეს განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც შორიდან არის შეცნობადი და ის დაუფარავად უნდა ატარებდეს იარაღს. ის უნდა ექვემდებარებოდეს გარკვეულ სუბორდინაციას. “ალ ყაიდის” და, შეიძლება, “თალიბანის” საკომანდო სტრუქტურა კი გაურკვეველია.

იმისთვის რომ ადამიანი სამხედრო ტყვე იყოს, ის უნდა ეკუთვნოდეს ძალებს, რომელიც სამხედრო ოპერაციებს ომის კანონებისა და წესების დაცვით ატარებს. ხოლო ვინაიდან “ალ ყაიდას”ტერორისტული აქტები მიეწერება, შეუძლებელია იმის თქმა, რომ მისი ოპერაციები ომის კანონებსა და წესებს ექვემდებარება.

რობერტსი აღნიშნავს, რომ არის კიდევ სხვა სირთულეები, განსაკუთრებით “თალიბანისა” და “ალ ყაიდის” რიგებში მებრძოლ უცხოელებთან დაკავშირებით. ნორმალურად, ომის დამთავრების შემდეგ სამხედრო ტყვეებს მათ სამშობლობში აბრუნებენ. ამ შემთხვევაში კი ეს შეუძლებელია, ვინაიდან ეს პატიმრები კვლავაც საფრთხეს წარმოადგენენ მათი იდეოლოგიისა და მიღებული წრთვნის გათვალისწინებით. გარდა ამისა, არ არის ნათელი, რამდენად არიან მათი ქვეყნები დაინტერესებული მათი, როგორც თავისუფალი ადამიანების დაბრუნებით. შესაძლებელია, რომ მათ სამშობლოშიც ციხეში ამოყონ თავი.

პრობლემები წარმოიქმნება იმ შემთხვევაშიც, თუ შეერთებული შტატები მათ გასამართლებას გადაწყვეტს.
ნოემბერში პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხელი მოაწერა განკარგულებას ტერორიზმში ეჭვმიტანილების სამხედრო ტრიბუნალით გასამართლების შესახებ. ამ განკარგულების დეტალებმა პრესაში გაჟონა.

პიროვნების დამნაშავედ აღიარებისთვის, საჭიროა ხმების ორი მესამედი, მაგრამ სიკვდილით დასჯის განაჩენს ასპროცენტიანი თანხმობა დასჭირდება. პროცესები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, ძირითადად საჯარო იქნება. განსასჯელი, სანამ დანაშაულს დაუმტკიცებენ, უდანაშაულოდ ჩაითვლება და აქვს უფლება დაიქირავოს სამოქალაქო ადვოკატი და შეიტანოს აპელაცია. პრეზიდენტმა ბუშმა ამის თაობაზე თქვა:

[ბუშის ხმა] “როგორიც არ უნდა იყოს სამხედრო ტრიბუნალის პროცედურა, ჩვენი სისტემა ყველა შემთხვევაში ოსამა ბინ ლადენისა და თალიბანის სისტემაზე უფრო სამართლიანი იქნება. ჩვენს ხელში მყოფ პატიმრებს მიეცემათ გაცილებით უფრო კარგი შანსი სასამართლოში, ვიდრე ბინ ლადენმა მისცა იმ ჩვენ მოქალაქეებს, რომლებიც ვაჭრობის მსოფლიო ცენტრსა და პენტაგონში იმყოფებოდნენ.”

ბუშის ნოემბრის გადაწყვეტილებამ შეაშფოთა სამოქალაქო უფლებების დამცველი წრეები. ისინი შიშობენ, რომ ტრიბუნალი, შეიძლება სავსებით სამართლიანი არ იყოს. გაჟონილმა ცნობებმა გააქარწყლა შიში, თუმცა ბუშმა აღნიშნა, რომ ეს გეგმა ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არ არის.
XS
SM
MD
LG