Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის დასაწყისში თბილისში გავრცელდა ხმა – ოთარ იოსელიანი


გასული კვირის დასაწყისში თბილისში გავრცელდა ხმა – ოთარ იოსელიანი

საქართველოში ჩამოვიდა, ჩამოიტანა თავისი ახალი ფილმი, რომელიც ედუარდ შევარდნაძეს უნდა უჩვენოსო. იმავე დღეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნდა წლევანდელი “ბერლინალეს” საკონკურსო პროგრამა, რომელშიც ოთარ იოსელიანის სურათი “ორშაბათი დილაა” ჩართული. “ბერლინალეს” ახალი დირექციის ცნობით, იოსელიანის ფილმის საერთაშორისო პრემიერა სწორედ აქ, თებერვლის შუა რიცხვებში გაიმართება და ეს იქნება იოსელიანის დებიუტი “ბერლინალეზე”. ბერლინის ფესტივალის დირექცია იმასაც ხაზს უსვამს, რომ “ორშაბათი დილა” ჯერ საფრანგეთშიც არ უჩვენებიათ და რომ კინოს მოყვარულები მოუთმენლად ელიან საფრანგეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის ახალ ნამუშევარს. გამოდის, რომ ოთარ იოსელიანის ფილმის პირველი მაყურებელი ედუარდ შევარდნაძე და საქართველოს ხელისუფლებაა... დიახ, თბილისში გავრცელებული ხმა ჭორი არ აღმოჩნდა. იოსელიანი საახალწლოდ თბილისში ჩამოვიდა და კინოთეატრ “რუსთაველში” თავისი ახალი ფილმის სპეციალური სეანსი გამართა. ამ ჩვენებაზე კინემატოგრაფისტთა უმრავლესობა ვერ მოხვდა – კინორეჟისორები, ჩვეულებრივ კინომაყურებელზე რომ არაფერი ვთქვათ, კანცელარიის თანამშრომელთა სეანსზე არ შეუშვეს. პირველ ჩვენებაზე, როგორც ჩანს, მასმედიის წარმომადგენლებიც არ დაპატიჟეს. ყოველ შემთხვევაში, შევარდნაძისთვის დანიშნული სეანსი ჩვენმა პრესამ თითქმის არ გააშუქა... ოთარ იოსელიანი კინემატოგრაფისტთა ბუნტისგან ოთხშაბათს, იმავე კინოთეატრ “რუსთაველში” დანიშნულმა დამატებითმა სეანსმა გადაარჩინა. თუმცა ამ სეანსის შესახებ კინოს მოყვარულებმა მხოლოდ ოთხშაბათს დილით შეიტყვეს. იოსელიანზე განაწყენებული კინემატოგრაფისტები აღნიშნავდნენ, რომ დიდმა რეჟისორმა თავისი ამოცანა უკვე გადაწყვიტა – უჩვენა ფილმი ადამიანს, რომელმაც, თავის დროზე, კომუნისტების ეპოქაში, საფრანგეთში სამუშაოდ გამგზავრებაში დაეხმარა. მაგრამ იოსელიანი მაინც იოსელიანია. საქართველოში მისი ფრანგული ფილმები ბევრს არ უყვარს, ბევრს შურს კიდეც მისი, ზოგი იმასაც ამბობს “თბილისის ქუჩებში არ დადის? ვერ ხედავს, რა ხდება ქვეყანაზე, რაღა ამ ხელისუფლებას უწყობს პრემიერასო”... მაგრამ მისი ახალი ფილმის ნახვა ყველას უნდა. მაშინაც კი, როცა წინასწარ იცის, რომ ოთარ იოსელიანი არასოდეს ცდილობდა შეექმნა რაღაც ახალი, განსაკუთრებული, ეფექტური, ან სკანდალური. იგი ნაყოფიერად მუშაობს, მაგრამ, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე ფილმს იღებს.

ამჯერადაც ასე მოხდა – ოთხშაბათს საღამოს, კინოთეატრ “რუსთაველის” დარბაზი ბოლომდე შეივსო. სეანსის დაწყებამდე რეჟისორმა რამდენიმე სიტყვით მიმართა მაყურებელს. [ოთარ იოსელიანის ხმა] “ამჟამადაც ეს არის ქართული ფილმი, ოღონდ საფრანგეთში გადაღებული, ფრანგულ ენაზე... მე გადაგითარგნით ამ ფილმს, ბევრი არ არის სათარგმნი... რაც ისედაც გასაგები იქნება, არ გადაგითარგმნით.”

იოსელიანს შეეძლო საერთოდ არ გადაეთარგმნა ფილმი. აქ ყველაფერი ისედაც გასაგებია, განსაკუთრებით იმ მაყურებლისთვის, ვისაც ოთარ იოსელიანის სხვა ფილმები კარგად ახსოვს. ამბავი შუახნის კაცისა, რომელიც თავისი ოჯახით საფრანგეთის პატარა სოფელში ცხოვრობს, რომელსაც ყოველ დილით მატარებლით უხდება სამუშაომდე მისვლა, კანალიზაციის მილების ქარხნამდე, რომელიც წამლავს ჰაერს და ანადგურებს ბუნებას... ამბავი შუახნის კაცისა, რომელსაც მობეზრდება ეს ყველაფერი, დატოვებს ოჯახს და სამოგზაუროდ გაეშურება ვენეციაში, მერე ეგვიპტეში, ეს ნოსტალგიურ-ლირიკული ამბავი სავსეა იოსელიანის ძველი ფილმების კლიშეებით. განსხვავებით თავისი წინა ფილმისგან, რომლის სათაურს მრავალნაირად თარგმნიან, თუმცა პირადად მე ყველაზე მეტად მაინც მომწონს ასეთი თარგმანი: “მშვიდობით, ჩემო ბოსელო”, და განსხვავებით იოსელიანის საქართველოში გადაღებული ფილმებისგან, “ორშაბათი დილა” თვითირონიას საერთოდ მოკლებულია. ეს უფრო იოსელიანის შემოქმედების კარიკატურაა, ვიდრე “პაროდია ძველ იოსელიანზე”, ეს უფრო დაღლილი, დაბნეული მორალისტის ქადაგებაა, რომელსაც, მიუხედავად ასეთი მორალიზმისა, მაინც შეეძლო მაყურებლის აღელვება, თავად რომ ტკიოდეს, თავად რომ აღელვებდეს. მაგრამ “ორშაბათი დილა” მეტისმეტად ცივი ფილმია იმისთვის, რომ მაყურებელმა ავტორის ეს ტკივილი იგრძნოს. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რეჟისორი თვითონაა აღფრთოვანებული იმ კინემატოგრაფიული მიგნებებით, იმ კინოსახეებით, რომლითაც მართლაც მდიდარია ეს ფილმი, მაგრამ სახეები და მიგნებებიც აქ თითქოს თავისთვისაა, გადაუბმელი და ხშირად საკმაოდ ფორმალურად ჩართული ფილმში. თანაც, არც ეს კინემატოგრაფიული სახეებია მაინც და მაინც ახალი. დროდადრო ფილმი ბრესონის სურათებს გვაგონებს, დროდადრო ჟაკ ტატის, ხანაც ჟან ვიგოს ფილმებს. ხოლო სურათის ყველაზე მკაფიოდ და იოსელიანის საერთო შემოქმედების ფონზე ძალზე სწორხაზოვნად დასმული ასე ვთქვათ “ეკოლოგიური პრობლემა”, იმის ჩვენება, თუ როგორ აბინძურებს ბუნებას ქარხნის მილებიდან გამონაბოლქვი – უკვე ძველზე ძველი, გადაღეჭილი სახეა, რომელიც მხოლოდ იმ მაყურებელს გააკვირვებს, ვისაც არ უნახავს, ვთქვათ, 60-იან წლებში გადაღებული მიქელანჯელო ანტონიონის “წითელი უდაბნო”.

ცხადია, თანამედროვე ქართული კინემატოგრაფის მდგომარეობას თუ გავიხსენებთ, თუ კიდევ ერთხელ ვნახავთ 90-იანი წლების მეორე ნახევარში დასრულებულ ქართულ მხატვრულ ფილმებს, “ორშაბათი დილა” – პროფესიონალიზმის, ოსტატობის ნიმუშად მოგვეჩვენება. ის, რასაც ვერაფრით სწავლობენ ჩვენი კინორეჟისორები – კინემატოგრაფიული ენის დახვეწილობა, რაფინირებული მონტაჟი, რიტმის უბადლო გრძნობა, იოსელიანის სტიქიაა. თანამედროვე კინოში მას ბევრი დიდი რეჟისორიც კი ვერ შეეჯიბრება კინოენის ფლობაში. მაგრამ ერთია, როცა კარგად მეტყველებ და მეორეა, რას ამბობ ამ ენით, რა გაწუხებს. “ორშაბათი დილა” ეჭვს ბადებს, რომ იოსელიანს ის უფრო აწუხებს, რომ სამყარო კარგავს მამა-პაპათა ტრადიციებს, ის, რომ (ფილმის გმირის ერთ მონოლოგს თუ გავიხსენებთ) “ფრანგები ღვინოს გემოსთვის სვამენ, იტალიელები კი – სულისთვის”, ის რომ – სამყარო გაიხრწნა და გადაგვარდა. ამ თვალსაზრისით, იოსელიანს დღევანდელი ქართული კულტურის მრავალი “მუშაკი” გაუგებს. ალბათ, ედუარდ შევარდნაძემაც გაუგო... საეჭვოა “გაუგოს” ბერლინის კინოფესტივალმა, სადაც ყოველთვის აღიზიანებდათ ნოსტალგიურ-კონსერვატორული იდეოლოგია. თუმცა, ვინ იცის, “ბერლინალეს” ხომ წელს ახალი დირექცია ჰყავს, რომელიც “იმუქრება”, რომ ამჯერად ევროპულ კინოს დაუჭერს მხარს. იოსელიანი კი სულითა და ხორცით “ანტიჰოლივუდური” რეჟისორია.

იოსელიანის ახალი ფილმის პრემიერამ კინოთეატრ “რუსთაველს” ერთ სეანსზე მაინც დაუბრუნა ეს ევროპული კინემატოგრაფი. თბილისში მოქმედი ერთადერთი კინოთეატრი ხომ თავის რეპერტუარს ძირითადად მოსკოვიდან ჩამოტანილ ამერიკულ “ჰიტებზე” აგებს. თუმცა ამ კვირაში “რუსთაველს” კონკურენტი გაუჩნდა. კინორეჟისორ ლევან თუთბერიძის ძალისხმევით, თბილისში გარემონტდა და გაიხსნა სუპერთანამედროვე კინოთეტრი “ამირანი”, რომლის ოფიციალური პრეზენტაცია 15 იანვარს გაიმართება. თუმცა კინოთეატრის მენეჯერი, კინომცოდნე მანანა სურაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, როცა საქართველო კინოდარბაზების კატასტროფულ ნაკლებობას განიცდის, კონკურენციაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია
[მანანა სურაძის ხმა] “უკეთესია, რომ ბაზარი გავიყოთ. ამათ აქვთ კენტი საათები, ჩვენ ლუწი, იმიტომ რომ ხალხი მიეჩვიოს კინოთეატრში სიარულს...”

კონკურენცია ჯერჯერობით იმიტომაცაა გამორიცხული, რომ ორივე კინოთეატრს, როგორც “რუსთაველს”, ისე “ამირანს”, ფილმებს რუსული კინოკომპანიები აწოდებს... ანუ “ამირანში” მაყურებელი მხოლოდ რუსულ ენაზე გახმოვანებულ ფილმებს იხილავს. თუმცა მანანა სურაძის თქმით, მომავალში, შესაძლებელია, რეპერტუარი ევროპული კინოს მოყვარულთათვისაც შეადგინონ, და, რაც მთავარია, ფილმების ქართულ ენაზე დუბლირება მოახერხონ. [მანანა სურაძის ხმა] “მარტო იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ მაყურებელი მივიზიდოთ და ვუჩვენოთ თინეიჯერებს გასართობი ფილმები. ასეთი პროექტები აუცილებლად იქნება. გვინდა “ფორუმების” გაკეთება, როცა თანხები შემოგვივა, მინიფესტივალების გაკეთება, რეტროსპექტივების, მაგრამ ეს უფრო ორი, სამი თვის შემდეგ... ძირითადად ევროპული ფილმები”

მაშ ასე – თბილისში ევროპულ კინოზე მოთხოვნილება საგრძნობი ხდება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ “ამირანის” მფლობელები პროფესიონალი კინემატოგრაფისტები არიან, უახლოეს ხანში შესაძლებელია ქართველი მაყურებელი მართლაც მოწყდეს ტელეეკრანებს, გაერკვეს, რა ხდება რეალურად თანამედროვე კინოში, რათა პლაგიატს ნოვატორული აღარ უწოდოს, რათა დარწმუნდეს, რომ მიუხედავად პრობლემებისა, რომელიც აქვს თანამედროვე კინოს, ევროპაში არიან რეჟისორები, რომლებიც ფორმით კი არ კეკლუცობენ, არამედ სხვისი ტკივილი, მათ შორის, შესაძლებელია, ჩვენი ტკივილიც ტკივათ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG