Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამიდ კარზაის გამოსვლა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსმა, ჰამიდ კარზაიმ წამოაყენა წინადადება,

რომ ვითარების სტაბილიზაციის მიზნით საერთაშორისო ძალები არა მარტო ქაბულში, არამედ ავღანეთის სხვა ქალაქებში იქნეს განთავსებული.


თავისი პირველი ოფიციალური სტუმრობისას შეერთებულ შტატებში, კარზაიმ თქვა, რომ საერთაშორისო ძალების განთავსება ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშიც დასტური იქნება იმისა, რომ მსოფლიო თანამეგობრობას მტკიცედა აქვს გადაწყვეტილი ავღანეთში მშვიდობის დამყარება. უშიშროების საბჭოს სხდომაზე კარზაიმ განაცხადა, რომ მრავალწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, ავღანელ ხალხს, უწინარესად ყოვლისა, ქვეყანაში უშიშროების უზრუნველყოფა სურს: [ჰამიდ კარზაის ხმა] ”უშიშროებაა მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკის აღდგენის გარანტი. პირადად გავესაუბრე ავღანეთის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ ასობით დელეგატს და თვითეულმა მათგანმა უშიშროებას მიანიჭა გადამწყვეტი მნიშვნელობა”.

უშიშროების საბჭოს მიერ გასულ თვეში მიღებული რეზოლუციის თანახმად, დღეს ავღანეთში, საერთაშორისო ძალებში მომსახურე 2000-ზე მეტი ჯარისკაცია განთავსებული, და მათი რიცხვი მომავალ თვეს 4500-დე გაიზრდება.
ამ ძალების მანდატი, ავღანეთის ხელისუფალთა თხოვნის შესაბამისად, ქაბულსა და მის მიმდებარე დასახლებებზე ვრცელდება, თუმცა კარზაი ამჯერად სამშვიდობო მისიის გაფართოებას მოითხოვს.

იმ დროს, როცა კარზაი უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოდიოდა სიტყვით, ფაქთიის პროვინციის ქალაქ გარდეზში, ქაბულის სამხრეთით, ბრძოლა დაიწყო ერთ-ერთი ადგილობრივი საველე მეთაურის რაზმებსა და ამ რეგიონის გუბერნატორის მომხრეებს შორის. ”რეიტერის” სააგენტოს ცნობით, გარდეზის შემოგარენში თალიბებისა და ”ალ-ყაიდის”
300-ზე მეტი მებრძოლია თავმოყრილი, და ისინი, როგორც ჩანს, გარდეზის აღებას შეეცდებიან.

უშიშროების საბჭოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, მავრიტანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანილ კუმარსინგ გაიანმა განაცხადა, რომ ავღანელმა ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის მომავალი, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობა მხარში ამოუდგება ძალისხმევას, რაც ბონში მიღწეული შეთანხმების განუხრელი შესრულებისკენ იქნება მიმართული. უშიშროების საბჭოს წევრები მიესალმნენ ჰამიდ კარზაის მთავრობის საწყის ნაბიჯებს, სახელდობრ ქალთა უფლებების გაფართოებასა და ნარკოტიკების წარმოებისათვის საჭირო მცენარეების მოყვანაზე დაწესებულ აკრძალვას.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლის შემდეგ კარზაიმ ნიუ-იორკის ის რაიონი მოინახულა, სადაც 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმამდე ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ორი ასათსართულიანი ცათამბჯენი იდგა.
იქ მყოფი ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა: [ჰამიდ კარზაის ხმა]
”ყველა სხვა ხალხისაგან განსხვავებით ავღანელებს ყველაზე კარგად ესმით ამერიკელი ხალხის ტკივილი, ვინაიდან ავღანელმა ხალხმა ზუსტად იგივე დანაკლისი განიცადა. ასეთივე ბარბაროსული მეთოდით დახოცეს ისინი, დაანგრიეს მათი შენობები, და ავღანელებს ესმით ამერიკის ტკივილი”.

ჰამიდ კარზაიმ განაცხადა აგრეთვე, რომ მისი მთავრობა არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ის პირები, ვისაც 11 სექტემბერს მომხდარი ტრაგედიის პასუხისმგებლობა აკისრია, მარლთმსაჯულების წინაშე წარსდგნენ.

ნიუ-იორკში სტუმრობის შემდეგ, ჰამიდ კარზაი
31 იანვარს ლონდონს ეწვია და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ტონი ბლერთან გამართა მოლაპარაკება. კარზაიმ მადლობა გადაუხადა ტონი ბლერსა და ბრიტანეთის მთავრობას ტოკიოს კონფერენციაზე, გასულ კვირაში, ავღანეთისათვის დაპირებული დახმარებისთვის.
XS
SM
MD
LG