Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი წერა-კითხვისა და არითმეტიკის სწავლებას უბრუნდება


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ავღანეთში ნებისმიერი ოფიციალური პირი გეტყვით, რომ 23 წლის ომების განმავლობაში დანგრეული ქვეყნის აღდგენას თვეები და წლები დასჭირდება.

მაგრამ განათლების სამინისტროს ამდენი დრო ნამდვილად არა აქვს. 22-რ მარტს იხსნება სკოლები. ქვეყანა შეეცდება აუნაზღაუროს ხალხს დრო და შესაძლებლობები, რომლებიც არ მიეცა მას თალიბანის რეჟიმისა და ომების პერიოდში.

ავღანეთის მოსახლეობა განათლებას უპირველეს ამოცანად მიიჩნევს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელი ავღანეთში, აჰმად ფავზი ასე ახასიათებს სიტუაციას:

[ფავზის ხმა] "ავღანეთის მოსახლეობა პრიორიტეტს განათლებას ანიჭებს. როცა ელაპარაკები მათ იმის შესახებ, ყველაზე მეტად რა სურთ, ისინი მათი შვილებისთვის საჭმელზე წინ განათლებას ასახელებენ."

მაგრამ ათეული წლების განმავლობაში განათლება ხელმიუწვდომელი ფუფუნება იყო. სკოლის შენობები ხშირად მებრძოლების მიერ იყო დაკავებული. და ბრძოლების დროს ზიანდებოდა. შედეგად, ბევრ ავღანელ ბავშვს საკლასო ოთახი შიგნიდან არასოდეს უნახავს. დღეს ხშირად შეხვდებით პატარა ბიჭებს, რომლებიც სკოლაში სიარულის მაგიერ მშობლებს ეხმარებიან სახელოსნოებში თუ დუქნებში, უარეს შემთხვევაში კი მათხოვრობენ.

ავღანეთის დროებითი მთავრობის განათლების მინისტრის მოადგილე მოჰამად მუინ მარასტიადი სკოლის შენობების სავალალო მდგომარეობის შესახებ ლაპარაკობს.

[მარასტიადის ხმა] "სკოლების 50 პროცენტი დანგრეულია. არ არსებობს. კიდევ 20-25 პროცენტი დაზიანებული და დარჩენილი 20 თუ 25 თუ30 პროცენტი შესაკეთებელია. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა."

მაგრამ ეს მხოლოდ ერთი პრობლემაა, რომელიც დგას განათლების სამინისტროს წინაშე. მეორეა ავღანელი გოგონების საკითხი, რომელთაც კატეგორიულად ეკრძალებოდათ სკოლებში სიარული და რომლებიც, თავის ტოლ ბიჭებთან შედარებით, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან. განსაკუთრებით მძიმეა მოზრდილი გოგონების მდგომარეობა. როცა თალიბანმა გოგონებს სკოლაში სიარული აუკრძალა ისინი 11-12 წლისანი იყვნენ. დღეს ისინი ასაკის მიხედვით მაღალ კლასებში უნდა სწავლობდნენ, მაგრამ მათი ცოდნა ამ დონეს არ შეესაბამება. ხოლო პატარებთან ერთ მერხზე დაჯდომას ბევრი ითაკილებს. ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად, მარასტიადის თქმით, შეიქმნება საგანგებო საზამთრო ჯგუფები, რომლებიც საშუალებას მისცემს ამ ასაკის, როგორც გოგონებს ისე ბიჭებს აინაზღაურონ დაკარგული ცოდნა.

იმ ბავშვებსაც კი, რომლებიც რეგულარულად დადიოდნენ სკოლაში, შეიძლება არ ჰქონდეთ მიღებული სრული ცოდნა. ზოგი დადიოდა სკოლაში ავღანეთის საზღვრებს გარეთ, ლტოლვილთა ბანაკებში, ზოგიც ღრმა პროვნციაში, სადაც ადგილობრივ, და არა ქვეყნის ორ ოფიციალურ ენაზე - დარისა და პაშტუზე - ასწავლიდნენ.

კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა კვალიფიცირებული მასწავლებლების უკმარისობა. ზოგი მოკლეს ომში, ზოგი გაიქცა და ჯერ არ დაბრუნებულა. ბევრ საგანს, განსაკუთრებით პროვინციაში, გაუძღვებიან არა პედაგოგები, არამედ, როგორც მარასტიადი ამბობს, "განათლებული ადამიანები."
წამყვანი:




ელენე ლორთქიფანიძის მონაყოლს დავამატებ, რომ სკოლაში იმ ბავშვების მიზიდვა რომლებსაც თავის დღეში არსად არ უსწავლიათ. ერთგვარი პრობლემაა.
გაეროს მსოფლიოს სასურსათო პროგრამა საგანგებო წამაქეზებელ საშუალებებს ამზადებს. ერთერთი მათგანია სკოლებში კვება. როგორც აღნიშნავს პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი კატერინე ბერტინი, გამოკვლევები აჩვენებს, რომ როგორც მდიდარ, ისე ღარიბ ქვეყნებში კვება იზიდავს ბავშვებს: ისინი ცდილობენ არ დააგვიანონ გაკვეთილზე, არ გააცდინონ სკოლა.
XS
SM
MD
LG