Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ალბათ, ბევრს ემახსოვრება ეროვნული მოძრაობის "ეკონომიკური რომანტიზმის" პერიოდის პოპულარული ლოზუნგი, რომელიც დაახლოებით შემდეგნაირად ჟღერდა:

"მთავარია დამოუკიდებლობა მოვიპოვოთ და შემდეგ მარტო ბორჯომის წყალი და ტურიზმიდან შემოსული ფული გვაცხოვრებს". მართალია დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ ბორჯომითა და ტურიზმით შეპირებულ სამოთხემდე ჯერ ბევრი გვიკლია. ტურიზმი მართლაც უმდიდრესი ინდუსტრიაა და ბევრი სახელმწიფო ამ ბიზნესით მნიშვნელოვნადაც ხეირობს, მაგრამ ტურიზმის განვითარებისათვის მხოლოდ შესაბამისი ლანდშაფტი და ჩვენი კეთილი სურვილი არ კმარა. ამ ბიზნესს სერიოზული ინვესტიციები და სტაბილური პოლიტიკური გარემო სჭირდება.

არასტაბილურობის გამო საქართველოში იმ უცხოელთა რაოდენობაც მკვეთრად შემცირდა, რომლებიც წინა წლებში თავისი სამსახურებრივი მოვალეობის თუ უბრალოდ, ეგზოტიკის გამო მეტ-ნაკლებად სწყალობდნენ ჩვენს ქვეყანას.

ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2001 წელს 22%-ით შემცირდა საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტებისა და ვიზიტიორების რიცხვი. აღნიშნული დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა შუბლაძე მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია სავსებით კანონზომიერია და მას ჩვენთან არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაცია განაპირობებს.

"უცხოელი ტურისტების მარტო მრავალრიცხოვანი ძარცვისა და ცემის, ადამიანთა გატაცების, ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიების დაბომბვის ფაქტები რად ღირს, ამას კიდევ უნდა დავუმატოთ შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა და ყოვლისმომცველი ეკონომიკური კრიზისი", - აცხადებს ვაჟა შუბლაძე.

ამასთან, ტურისტული მოგზაურობების ინტერესზე უარყოფითად აისახება პოლიტიკური არასტაბილურობა მსოფლიო მასშტაბით. კერძოდ, აშშ-ს 11 სექტემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ ტრანსატლანტიკური ვიზიტების რიცხვი 36%-ით შემცირდა, 60-70%-ით შემცირდა ტურისტების განთავსების ადგილებში მუდმივი ტურისტების რიცხვი და უმაღლესი სასტუმროების გადატვირთულობამ 20-30%-ით იკლო. ასევე 30%-ით შემცირდა სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენისა და ბაზრობის ვიზიტიორთა რიცხვი. აშშ-ს ტურისტული სააგენტოების შემოსავალი შემცირდა 9,9 მლრდ დოლარით, როდესაც 2000 წელს იგი 13,4 მლრდ დოლარს უდრიდა.

რაც შეეხება ქართულ რეალობას, აქ მსოფლიო ტურიზმში არსებული ტენდენციების გარდა სხვა ობიექტური ფაქტორებიც მოქმედებენ. მაღალი დონის სერვისის უქონლობის, კომუნიკაციების სისუსტის და ინვესტიციების სიმცირის გამო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება შეფერხებულია. ამასთან, საბჭოთა პერიოდის ყველაზე პოპულარული ტურისტული ზონები დე ფაქტო საქართველოს იურისდიქციაში არ შემოდის. ტურიზმის დეპარტამენტი ამ სიძნელეების მიუხედავად, ოპტიმიზმს არ კარგავს. დეპარტამენტის შეფი აცხადებს, რომ "მისი უწყება ეძებს ტურიზმის თვალსაზრისით საქართველოს განვითარებისა და პოპულარიზაციის არაორდინალურ გზებს". კერძოდ, 2002 წელი ქვეყანაში გამოცხადებულია ტურიზმის წლად. ამა წლის აპრილში თბილისში მოეწყობა საერთაშორისო ტურისტული ბაზრობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დიდი აბრეშუმის გზის ქვეყნების წარმომადგენლები. "ქართულმა მხარემ უკვე მიიღო სხვადასხვა ქვეყნების ტურისტული კომპანიებისაგან ბაზრობაში მონაწილეობის თაობაზე დასტური", - ამბობს ვაჟა შუბლაძე. ამას გარდა, დეპარტამენტი მაქსიმალურად ეცდება მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობაზე, რომელიც ბერლინში ამა წლის მარტში გაიმართება.

დეპარტამენტი მუშაობს ტურიზმის სფეროში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების საკითხზეც. კერძოდ, მთავრობას შესთავაზეს შეიტანონ ცვლილებები და დამატებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომლის თანახმად, ტურისტულ სექტორში დასაქმებული კომპანიები 5-6 წლით უნდა გათავისუფლდნენ მოგებაზე და ქონებაზე გადასახადისგან. "ასეთი შეღავათების შემოღება საშუალებას მისცემს ტურისტული ობიექტების მშენებლობის ტემპების დაჩქარებას, სამუშაო ადგილების გაზრდას, რის შედეგადაც გაიზრდება სახელმწიფო შემოსავლები", - თვლის ვაჟა შუბლაძე.

დეპარტამენტის ინფორმაციით, 2001 წელს ტურისტების რიცხვის შემცირების მიუხედავად საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა 64 ახალი სასტუმრო (675 ნომერი). მთლიანად ქვეყანაში 210 სასტუმროა (2,5 ათასი ნომერი).
2001 წელს ტურიზმიდან შემოსავლებმა შეადგინეს 667 მლნ ლარი, რომელთაგან 96,7 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა. თუმცა, როგორც ვაჟა შუბლაძემ აღნიშნა, შემოსავლების 60% ჩრდილოვან სექტორშია მოქცეული და შემოსავლების მხოლოდ 40%-ია ლეგალიზებული. "დამალული შემოსავლები მაკონტროლებელი სტრუქტურების ჯიბეებში ილექება".

სახელმწიფოს მხრიდან ტურიზმისათვის ყურადღების მიქცევა, ბუნებრივია, სასიამოვნოა, მაგრამ სანამ არსებობს აფხაზეთის და პანკისის ხეობის პრობლემა, სანამ ქვეყანაში ჰყვავის კორუფცია და ნებისმიერი უცხოელის სტუმრობა საქართველოში ელემენტარულად სიცოცხლის რისკთან არის დაკავშირებული, ძნელია ტურიზმის ინდუსტრიის პერსპექტივაზე ისაუბრო. ამასთან, ვერანაირი სახელმწიფო პროგრამები და ტურიზმის წლად გამოცხადების ხმაურიანი კამპანიები ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს, ამ შემთხვევაშიც, საგადასახდო ოაზისის შექმნით შესაძლოა, ფულის გათეთრების მორიგი წყარო გავიჩინოთ.

ტურიზმის განვითარება სერიოზულ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული, ინვესტორი კი იმ ქვეყანაში ფულის დაბანდებაზე მაქსიმალურად შეიკავებს თავს, სადაც უცხოელებს უმოწყალოდ სცემენ და ძარცვავენ, მძევლებად აჰყავთ და ფულის დაკარგვის პერსპექტივა განუზომლად მაღალია.
XS
SM
MD
LG