Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სამართალდამცავი სისტემის რეფორმაში ეხმარება


გასულ წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ჩამოყალიბდა სამართალდამცავი სისტემის რეფორმის კონცეფციის შემმუშავებელი კომისია,

რომელსაც კონცეფციის წარმოდგენა 2002 წლის 15 აპრილამდე დაევალა. ამ ინიციატივის მიმართ მხარდაჭერისა და დახმარების სურვილი გამოთქვა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ და პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა. 17 თებერვალს შეერთებული შტატებიდან დაბრუნდა საქართველოს სამართალდამცავი სისტემის რეფორმის კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის დელეგაცია.

სამართალდამცავი სისტემის რეფორმის კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის ხელმძღვანელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია, სხვა ჩინოვნიკებისაგან განსხვავებით, არ ფარავს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომელთა დიდი ნაწილი არც ადამიანის უფლებებს იცნობს და მათთვის საქართველოს კონსტიტუციაც უცხოა. ასეთ კადრებს ის სისტემა იზიდავს, რომელიც თავად უნდა იცავდეს კანონის უზენაესობას. ცხადია, რომ სისტემის რეფორმა გარდაუვალი აუცილებლობაა.

რეფორმის კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის წევრებს 12 დან 15 თებერვლამდე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სემინარი მოუწყო. 19 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე დელეგაციის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამერიკაში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ შეერთებული შტატების მთავრობის მეგობრულ ზრახვებში. სემინარებზე კომისიის წევრებს, შეერთებული შტატების სამართალდამცავი სტრუქტურის გარდა, ევროპის ქვეყნების გამოცდილებაც გააცნეს. საქართველოში ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯეკ გრისონის, განცხადებით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს რომელიმე ქვეყნის სამართალდამცავი სისტემის მოდელს ახვევენ თავს: [გრისონის ხმა] „შეერთებული შტატების მთავრობას სურს, რომ საქართველომ ისეთი მოდელი შეიმუშაოს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საქართველოს კულტურა, ტრადიციები და ქართული ხასიათი."

თუმცა, საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში ქართული ტრადიციებისა და კულტურის გარდა, ლადო ჭანტურიას განმარტებით, ხელისუფლების დანაწილების პრინციპიცაა გასათვალისწინებელი. ასევე, უნდა ჩამოყალიბდეს სისტემის შიდა კონკურენცია და კონტროლი. არის მესამე პრინციპიც, რომელიც სამართალდამცავი სტრუქტურების ძალაუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს და სისტემის გამჭვირვალეობას მოითხოვს.

ამ პრინციპების ქართულ რეალობასთან მორგების მექანიზმებსა და სათანადო საკანონმდებლო ცვლილებებს პრეზიდენტთან არსებული სამართალდამცავი სისტემის რეფორმის კომისია ამერიკის მთავრობის ფინანსური დახმარებით გააგრძელებს. უშიშროების სტრუქტურის რეორგანიზებაში დახმარებას გერმანიაც გვპირდება.

ლადო ჭანტურიას აზრით: [ჭანტურიას ხმა] „ნებისმიერი სტრუქტურული რეფორმა, ნებისმიერი ინსტიტუციური რეფორმა, შედეგებს გამოიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სისტემაში მოვა ახალი აზროვნების ხალხი, მაღალი პროფესიონალები, ის ხალხი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს პასუხისმგებლობა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე."

ლადო ჭანტრიას თქმით, უშიშროებისა და სამართალდამცავი სისტემის რეფორმის კონცეფციის შემუშავება სექტემბრამდე არ მოესწრება, აპრილში კი შეიძლება მხოლოდ კონცეფციის პრინციპები ან შუალედური ნამუშევარი გამოქვეყნდეს.
XS
SM
MD
LG