Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი იძულებული იქნება, დათანხმდეს შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევაზე საქართველოში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ცნობამ, რომ შეერთებული შტატები აპირებს საქართველოში სამხედრო მრჩევლების გაგზავნას უმართავ პანკისის ხეობაში წესრიგის დასამყარებლად,

რუსეთის მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა თქვა, რომ მოვლენების ამგვარმა განვითარებამ რეგიონის დესტაბილიზაცია შეიძლება გამოიწვიოს.

არსებული ცნობებით, შეერთებული შტატები 200 სამხედრო მრჩევლის გაგზავნას აპირებს საქართველოში, რესპუბლიკის სამართალდამცავი ძალების გასაწვრთნელად. არსებული ინფორმაციიდან არ არის ნათელი, მიიღებენ თუ არა ამერიკელი ჯარისკაცები მონაწილეობას უშუალოდ ოპერაციებში. არც ის არის ცნობილი, ეღირსება თუ არა შეერთებული შტატები საქართველოში სამხედრო ბაზის დაარსებას, როგორც ამაზე სრულიად დაუსაბუთებლად ლაპარაკობს საქართველოს მედია.

თავდაცვის ექსპერტების თქმით, შეერთებული შტატების ძალების გაფართოებისთვის რეგიონში მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი მიზეზები არსებობს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, რომ საქართველოში დამყარდეს სტაბილურობა. მეორე, ვაშინგტონი ცდილობს არ გააღიზიანოს რუსეთი, რომელიც საქართველოს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს.

იერუსალიმში გამომავალი ელექტრონული ბიულეტენის “დებკა ფაილის” მთავარმა რედაქტორმა გიორა შამისმა, ჩვენი რადიოს კორესპონდენტ ჟან-კრისტოფ პეკთან საუბარში თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ძალიან გაუჭირდება საქართველში შეერთებული შტატების ოპერაციების გაპროტესტება, ვინაიდან ის დაეთანხმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მასთან ითანამშრომლებს.

მაგრამ რუსეთის სამხედროების თანხმობა არცთუ ისე ნათელია. რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა, განსახვავებით პოლიტიკური ლიდერებისგან, თავის დროზე კრიტიკულად განეწყო, როცა შეერთებულმა შტატებმა შუა აზიაში თავისი სამხედრო ბაზების დაარსება მოინდომა.

ვაშინგტონის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექსპერტის სვანტე კორნელის აზრით, რუსეთის ლიდერებს შორის ამერიკელები გულზე არავის ეხატება. მაგრამ მათ გააზრებული აქვთ, რომ თუ რუსეთს სურს, იყოს ამერიკის მოკავშირე და მოიპოვოს გავლენა ნატოზე, შეუძლებელია ლაპარაკი შუა აზიაში ამერიკის ყოფნის წინააღმდეგ.

სულ სხვა საქმეა საქართველოო, ამბობს კორნელი. შეერთებული შტატების ყოფნამ საქართველოში შეიძლება დაძაბოს ურთიერთობები პუტინსა და მის სამხედროებს შორის. მაგრამ, ვარაუდობს კორნელი, რუსეთს სხვა რეალური გამოსავალი არა აქვს.

[კორნელის ხმა] “საქართველში ამერიკელების ჩასვლისთვის ხელშესაშლელად მათ ბევრი საშუალება არ აქვთ, თუმცა მათ შეუძლიათ, ისევ გააძლიერონ ზეწოლა საქართველოზე, როგორც ამას აკეთებდნენ ბოლო წლების განმავლობაში.”

ერთ-ერთი საშუალებაა მოლაპარაკებების გაჭიანურება აჭარიდან და ახალქალაქის რაიონიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის თაობაზე. საქართველო მათ 2-3 წელიწადში გატანას მოითხოვს, რუსეთი კი, იმიზეზებს რა ფინანსურ პრობლემებს, გაცილებით უფრო მეტ ხანზე ლაპარაკობს. ამას წინათ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ კოშოვანმა, მას შემდეგ, რაც გაიგო საქართველოში შეერთებული შტატების შესაძლო ოპერაციების შესახებ, თქვა, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანას შეიძლება 14 წელი დასჭირდესო.

გარდა ამისა, მოსკოვმა შეიძლება გამოიყენოს თავისი გავლენა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. შარშან, ივლისში, რუსეთის პარლამენტმა მიიღო უცნაური კანონპროექტი, რომლის მიხედვით, პრინციპში შესაძლებელია უცხო ქვეყნის ან მისი ნაწილის რუსეთის ფედერაციაში მიღება.

ჯერჯერობით კი მოსკოვმა შეიძლება პანკისის ხეობაში ნებისმიერ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა მოითხოვოს. სწორედ ეს წინადადება წამოაყენა ოთხშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრმა ივანოვმა. მისი სიტყვით, ეს მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა როგორც საქართველოს, ისე რუსეთს და კაკასიაში სტაბილურობასაც შეუწყობდა ხელს.

[ივანოვის ხმა] “მოსკოვი კვლავ იმეორებს, რომ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს მეგობარ ხალხს ტერორიზმის საშიშროებასთან ბრძოლაში, კავკასიაში მშვიდობიანი ცხოვრების დასამყარებლად, ცხოვრებისა, რომელიც ურთიერთპატივისცემისა და კეთილმეზობლობის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული.”

11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ რუსეთი ირწმუნება, რომ პანკისის ხეობას, გარდა ჩეჩენი ბოევიკებისა, “ალ ყაიდის” მებრძოლებიც აფარებენ თავს. ახლა მოსკოვს, სხვა არა დარჩენია რა, მოითხოვოს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა პანკისში. კორნელის აზრით, ამერიკელებს გაუჭირდებათ ამ მოთხოვნის იგნორირება, მაგრამ ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, თუ რა სახის თანამშროლობაზე დათანხმდება ვაშინგტონი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა ხუთშაბათს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, კატეგორიულად გამორიცხა რუსეთის მონაწილეობა სამხედრო ოპერაციებში, მაგრამ თქვა, რომ მზად არის, განიხილოს მოსკოვის მიერ შემოთავაზებული თანამშრომლობის სხვა ინიციატივები.
XS
SM
MD
LG