Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-რუსეთის ურთიერთობა პანკისის ხეობაში შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე - ამ


ანდრო ეული, პრაღა საქართველო-რუსეთის ურთიერთობა პანკისის ხეობაში შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე - ამ საკითხს დაეთმობა მთლიანად უცხოეთის პრესის დღევანდელი მიმოხილვა.

მიმოხილვას დავიწყებთ ციტატით გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსიდან", რომელშიც პანკისის ხეობა მოხსენიებულია "ისლამისტი ექსტრემისტების ნავსაყუდელად". მაგრამ გაზეთი იმასაც აღნიშნავს, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია დაადგინო, ვინ არის ტერორისტი და ვინ - ჩეჩენი მეამბოხე, რომელიც თავისი რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის იბრძვის. ხოლო გაზეთ ”ფრანკფურტერ რუნდშაუში” გამოქვეყნებული სტატია ასეა დასათაურებული: ”ქართული თამაშები ძალაუფლებისათვის მიმდინარე ბრძოლაში”; სტატიაში ვკითხულობთ:

”ძნელ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, და რამდენად წაადგება მას ამერიკელთა სამხედრო დახმარება, ეს – დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. საქმის არსი იმაში როდია, რომ ამერიკელი სამხედრო მრჩევლები ტერორისტებთან საბრძოლველად მოამზადებენ თავიანთ ქართველ კოლეგებს. ლაპარაკია საქართველოს ურთიერთობაზე რუსეთთან, აგრეთვე შიდა ერთიანობაზე, თავად საქართველოში. პანკისის ხეობაში შექმნილ ვითარებას, ისევე, როგორც საქართველოში შემორჩენილ თავის სამხედრო ბაზებს, შევარდნაძეზე ზეწოლის ბერკეტად იყენებს რუსეთი და საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, დღითიდღე სუსტდება. თავისი რეჟიმის შესანარჩუნებლად ედუარდ შევარდნაძეს დახმარება ესაჭიროება. სულაც არაა გასაკვირი, რომ შეერთებულმა შტატებმა ხელიდან არ გაუშვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ამიერკავკასიაში ფეხის მოკიდების კარგი შესაძლებლობა. ვაშინგტონს ხელს აძლევს, რაღა თქმა უნდა, ამ რეგიონში რუსეთის გავლენის მინიმუმამდე დაყვანა. მაგრამ თავად საქართველოში, შევარდნაძის შემობრუნებას ამერიკისკენ, არაერთგვაროვნად აღიქვამენ”.

გასარკვევი ისაა, ვისია კავკასია-წერს გაზეთი ”ველტი” და სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

”მოსკოვი მოითხოვს, რომ შევარდნაძემ რუსეთის ჯარი შეუშვას პანკისის ხეობაში. კრემლს მიაჩნია, რომ კავკასიაში მოქმედებს ძველი წესი: საზღვარი მხოლოდ მაშინაა უსაფრთხო, თუ მის ორივე მხარეზე რუსი ჯარისკაცები დგანან. ამერიკელები ეჭვობენ, რომ პანკისის ხეობაში ”ალ-ყაიდის” შემორჩენილი მებრძოლები ზამთრობენ და სამხედრო დახმარებას უწევენ საქართველოს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კავკასია-შუა აზიის რეგიონში ნავთობის, ბუნებრივი აირისა და მილსადენებისთვის, დიდი თამაში დაიწყო. რუსეთი – აფხაზეთს იყენებს ამ თამაშში და იმედოვნებს, რომ ბათუმის ნავსადგური მის კონტროლქვეშ აღმოჩნდება სულ მალე. ანტიტერორისტული კამპანიის ჩარჩოებში ამერიკას ახალი მოკავშირეების ნახვა და ბაზების შექმნა სურს ყველგან, სადაც კი მიეცემა ამგვარი შესაძლებლობა. ამდენად, პასუხი შეკითხვაზე – ვისია კავკასია, ლაკმუსის ქაღალდი გახდება ამერიკა-რუსეთის ახალი მეგობრობისთვის”.

გაზეთ ”ლიბერასიონის” აზრით, ვაშინგტონის გადაწყვეტილება სამხედრო მრჩევლები, აღჭურვილობა და, შესაძლოა, ჯარიც გააგზავნოს საქართველოში, კავკასიაში რუსეთის გავლენის შემცირების მომასწავებელია. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

”და ამ აბის გადაყლაპვა არ იქნება ადვილი მოსკოვისთვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ 11 სექტემბრის შემდეგ პრეზიდენტ ბუშის ანტიტერორისტული ჯვაროსნული ლაშქრობა გაამართლებდა კრემლის ბარბაროსობას ჩრდილოეთ კავკასიაში. რუსეთის ჯარმა ვერ ისარგებლა იმით, რომ დასავლეთს, რამდენიმე თვის განმავლობაში, თვალი ჰქონდა დახუჭული იმ სისასტიკეზე, ფედერალური ჯარი რომ სჩადის ჩეჩნეთში. გაუთავებელ ძალადობას ის მოჰყვა შედეგად, რომ ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ახალი ბრალდებები წაუყენეს ფედერალური ჯარის სარდლობას, ხოლო ევროპაში კვლავ ღებულობენ ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერებს. მოსკოვმა ზეწოლა გააძლიერა ამასთანავე საქართველოზე, თუმცა ეს, თავისებური მათრახი იყო კვერის გარეშე, და აი შედეგიც: ამიერკავკასიაში არა რუსი, არამედ ამერიკელი ჯარისკაცები ჩადიან. კრემლს – კავკასიასა და შუა აზიაში მომხდარ ცვლილებათა შედეგების სერიოზული გაანალიზება მოუხდება. ამერიკელი ჯარისკაცები არა მარტო უზბეკეთში, არამედ ყირგიზეთშიც, და რაც მთავარია, რუსეთის საყრდენ პუნქტში – ტაჯიკეთში არიან უკვე განთავსებული. ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერთა შეხვედრაზე, ალმა-ათაში, ვლადიმირ პუტინმა ზეწოლა მოახდინა პარტნიორებზე – არ დაუშვან თავიანთ ქვეყანაში ამერიკელების სამუდამოდ დარჩენა, თუმცა როგორც ჩანს, გვიანაა უკვე”.

ჟურნალ ”ტაიმის” პოლიტიკური მიმომხილველი ტონი კერონი განცვიფრებულია იმის გამო, რომ ამერიკელი სამხედრო მრჩევლების საქართველოში ჩასვლას ესოდენ მძაფრი რეაქცია მოჰყვა რუსეთში. ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

”დაუჭირა რა მხარი შეერთებულ შტატებს ტერორიზმის წინააღმდეგ დაწყებულ ომში, მოსკოვი იმედოვნებდა, რომ ვაშინგტონი სამაგიეროდ, მას დაუჭერდა მხარს ჩეჩნეთში მიმდინარე ომში, და თან რუსეთი – შეერთებული შტატების გეოპოლიტიკურ პარტნიორიც გახდებოდა. ამიტომაც განარისხა მოსკოვი საქართველოში ამერიკელი სამხედრო მრჩევლების ჩასვლამ. რუსეთი, ოსამა ბინ ლადენის ტერორისტულ ორგანიზაცია ”ალ-ყაიდასთან” აიგივებს, მთლიანად, ჩეჩენ სეპარატისტთა პარტიზანულ მოძრაობას და წინააღმდეგია იმისა, რომ მოსალოდნელი ანტიტერორსტული ოპერაციის დროს ქართველებმა, პანკისის ხეობაში მყოფი ”ალ-ყაიდის” წევრები გაანადგურონ, ხოლო ჩეჩენ მეამბოხეთა წინააღმდეგ არ გამოიყენონ ძალა. საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც ვაშინგტონის, ასევე მოსკოვისთვისაც ბევრად სცილდება ”ალ-ყაიდის” წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის, ან კიდევ ჩეჩნეთის ომის ჩარჩოებს. ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროიდან მოყოლებული, საქართველო – მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მოსკოვის სამხრეთი ფლანგის დაცვის საქმეში, ხოლო დღეს, რუსეთისა და ირანის გვერდზე ავლით სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე გადის მილსადენი, რომლითაც კასპიის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება მოხდება თურქეთში. მოსკოვის მხრიდან პროტესტების მიუხედავად, ამერიკელი ჯარისკაცების განთავსება საქართველოში საბოლოოდ გააქარწყლებს იმის ილუზიას, რომ რუსეთის ჩართვა ანტიტერორისტულ კოალიციაში უბიძგებს დასავლეთს – მწვანე შუქი მისცეს ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობას. პუტინი იმედოვნებდა, რომ ანტიტერორისტულ კოალიციაში ჩართვა – რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს მოემსახურებოდა კავკასიაში. მაგრამ შევარდნაძემ ჭკუით აჯობა რუსეთის პრეზიდენტს, როცა ”ალ-ყაიდის” წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია საქართველოში ამერიკელების მისაწვევად გამოიყენა. თუ ამერიკელები ბაზას დაარსებენ საქართველოში, ეს ფაქტობრივად, მისივე ეზოდან რუსეთის გაძევების ტოლფასი იქნება. გამოვა ისე, რომ ქართველებმა, მოსკოვის გავლენისაგან თავის დასაღწევად გამოიყენეს ამერიკა-რუსეთის დაახლოება. პირადი ურთიერთობა პრეზიდენტებს: ბუშსა და პუტინს შორის თბილი და საქმიანიც შეიძლება იყოს, მაგრამ გეოპოლიტიკა – გეოპოლიტიკაა”.
XS
SM
MD
LG