Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისი დროშის ქვეშ ერთიანდებიან ვეტერანი მებრძოლები?


გასულ კვირას საქართველოში ვეტერან მებრძოლთა ყველაზე დიდ გაერთიანებას ჩაეყარა საფუძველი.

სამოქალაქო ომით გათიშულმა და წლების განმავლობაში ბარიკადების სხვადასხვა მხარეს მდგარმა მებრძოლებმა 8 მარტს სახალხო დამცველის ოფისში სათათბიროს შექმნის მემორანდუმს მოაწერეს ხელი და მიზნად ვეტერანთა სოციალურ-სამართლებრივი რეაბილიტაცია და სამშობლოს გამთლიანებისთვის ბრძოლა დაისახეს. 16 მარტს კი ვეტერანთა 21 არასამთავრობო ორგანიზაციის ბაზაზე შექმნილმა სათათბიროს წარმომადგენლებმა თავისი გაერთიანება საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე ფიცის მიღების რიტუალით განამტკიცეს.

დღესდღეობით, საქართველოში მებრძოლ ვეტერანთა ორი თაობა არსებობს, განსხვავებული ბედისწერისა, და სახელმწიფოში, თუკი იგი ჰუმანურია, მათი ღვაწლის დაფასება თანაბრად უნდა ხდებოდეს. და მართლაც, საქართველოში, ამ თვალსაზრისით, ყოველ შემთხვევაში, კანონმდებლობის დონეზე, ყველაფერი მოწესრიგებული ჩანს - მეორე მსოფლიო ომისა და დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვეტერანები სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეღავათებით თანაბრად სარგებლობენ. მაგრამ, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ჯარისკაცთა უფლებების დარგში, ნოდარ ეფრემიძე ირწმუნება, კანონი და რეალობა ერთმანეთისგან ძალზე დაშორებულნი ყოფილან.
[ნოდარ ეფრემიძის ხმა] "არსებობს რეალობა, რომელიც, სამწუხაროდ, არ სრულდება. ჩვენთან უამრავი განმცხადებელი შემოვიდა, როდესაც საპენსიო დავალიანებას ვერ იღებენ. ყველაზე საწყენი და გულდასაწყვეტი ის არის, რომ სახელმწიფო მიდგომა არის ამ ადამიანების მიმართებაში რაღაც ისეთი შეურაცხმყოფელი. ვეტერანთა დეპარტამენტში ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება, დავუშვათ, პენსია, წადი და, შევარდნაძემ მოგცეს, ან არძინბამ მოგცეს."

გარდა ამისა, ახალგაზრდა ვეტერანები ომში დამარცხებულთა თაობას მიეკუთვნებიან, რაც კიდევ უფრო აუტანელს ხდის მათ საზოგადოებრივ მდგომარეობას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სახელმწიფოს სტრუქტურებმა ამ ხნის განმავლობაში ვერ დაადგინეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ბრძოლებში მონაწილეთა ზუსტი ციფრი. ზედმეტია საუბარი ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერ მეომრებზე, რომლებზეც, საერთოდ, არანაირი შეღავათები არ ვრცელდება. ხოლო პრეზიდენტის მომხრე ბევრი ჯარისკაცი, სხვადასხვა ბრალდებებით, დღემდე საპყრობილეში იმყოფება. ამ ინფორმაციას ადასტურებს ვეტერან მებრძოლთა სათათბიროს წევრი, გენერალ-მაიორი გუჯარ ყურაშვილი, რომელმაც აშკარად შეთითხნილი უმძიმესი ბრალდებით ციხეში ორ წელიწადზე მეტი გაატარა. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რაც სათათბიროს წევრებმა მიზნად დაისახეს, იმ მეომრების სოციალური რეაბილიტაციაა, რომლებიც ციხეში სწორედ რწმენის გამო მოხვდნენ.

[გუჯარ ყურაშვილის ხმა] " გამოსაშვები არიან სუყველანი. როგორ შეიძლება, ისინი ხომ თავის პრეზიდენტს იცავდნენ. ბოლომდე იცავდნენ თავის პრეზიდენტს. ახლა, ღმერთმა დაგვიფაროს და, რაღაც რომ მოხდეს, პრეზიდენტი ხომ უნდა დაიცვან, ხომ არ უნდა მიატოვონ პრეზიდენტი? მაშ, როგორ არიან მოღალატეები... აუცილებლად უნდა გამოუშვან, ეს იქნება მართლა შერიგება."

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ, გამსახურდიას მომხრეების გარდა, რეპრესიებს თავის დროზე ვერც სახელმწიფო საბჭოს მხარეზე მებრძოლი სამხედრო პირები გადაურჩნენ. თუმცა, მიუხედავად დაუმსახურებელი დევნა-შევიწროებისა, ბარიკადების სხვადასხვა მხარეზე მყოფმა ვეტერანებმა დაივიწყეს წყენა და შეძლეს გაერთიანება. მეტიც, როგორც ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე გვარდიელმა თენგიზ როსტომიანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ისინი თავიანთი გაერთიანებით შეეცდებიან წინ აღუდგენენ იმ ძალებს, რომლებიც საზოგადოების ორად გახლეჩასა და საქართველოში ახალი სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებას ცდილობენ.
[თენგიზ როსტომიანის ხმა] "ჩვენ ეს უკვე გავიარეთ, ბევრჯერ გავიარეთ და ვალდებულებას არავინ არ მოიხსნის და არავის მივცემთ უფლებას, რომ ეს დაიწყოს და ქართველმა ქართველს ვიღაცის გამო, ვიღაცის სკამის გამო ტყვია ესროლოს".

აქედან გამომდინარე, ვეტერანები არც ერთი პოლიტიკური ძალის დროშის ქვეშ გაერთიანებას არ აპირებენ. თუმცა, რადგან სათათბიროში გაერთიანებულ ათასობით ადამიანს საბრძოლო გამოცდილება აქვს, ისინი იტოვებენ უფლებას ომის დროს რომელიმე სამხედრო უწყებაში გაწევრიანდნენ.

ბუნებრივია, ვეტერან მებრძოლთა ასეთ უპრეცედენტო გაერთიანებას ევროპაში გამგზავრების წინ საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. საგანგებო მიმართვაში, რომელიც შაბათს ოფიციალური არხებით გავრცელდა, ედუარდ შევარდნაძე ვეტერანებს სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ჰპირდება და წუხილს გამოთქვამს, რომ მათ თავყრილობაში პირადად ვერ ღებულობს მონაწილეობას.

თუმცა 16 მარტს ვეტერანი მებრძოლების ფიცის მიღების ცერემონიალზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათ მიერ მხარდაჭერის საჯაროდ გამოხატვა- დემონსტრირების ნაკლებობა ნამდვილად არ იგრძნობოდა. სიტყვით გამოსვლისას, საგანგებო საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ თავის დროზე მეომრების ორ ნაწილად გახლეჩა ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნისსპეცსამსახურების ძირგამომთხრელ მუშაობას დააბრალა, ხოლო ქვემო ქართლის გუბერნატორმა ლევან მამალაძემ, რომელსაც პოლიტიკური მიზნებით ამ გაერთიანების აქტიურად მხარდაჭერას მიაწერენ, ჩვენთან საუბარში ვეტერანების პატრიოტული თაოსნობა რეგიონული პოლიტიკის კონტექსტში განიხილა.
[ლევან მამალაძის ხმა] "ამხელა თანადგომა გამოჩნდა იმავე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, გარანტია იმისა, რომ ჩვენ მარტონი არა ვართ და აი, ამ სიტუაციაში ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, მით უფრო, რუსეთს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის მტკიცე და ერთიანი".

მიუხედავად ამ სიტყვიერი მხარდაჭერისა, რაც ვეტერანებს ადრეც არაერთხელ მოუსმენიათ, სათათბიროში შემავალი ორგანიზაციები ახლო მომავალში აპირებენ ყრილობის მოწვევას, რათა ხელისუფლებას დანაპირები შეახსენონ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG