Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინა კვირის რუსეთის პრესაში საქართველოსთან დაკავშირებული არაერთი თემა გაშუქდა, მათ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი წინა კვირის რუსეთის პრესაში საქართველოსთან დაკავშირებული არაერთი თემა გაშუქდა, მათ შორის, ბაქო-სუფსა-ჯეიჰანის გაზსადენის ხელშეკრულების გაფორმებისა და პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის შესაძლო განხორციელების საკითხები.



საინტერესოა აღინიშნოს, რომ 12 მარტის "ნეზავისიმაია გაზეტა" პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის შესაძლო განხორციელებას სომხეთის უსაფრთხოების კუთხით განიხილავს.
გაზეთის თქმით, "არსებობს სრული საფუძველი ვამტკიცოთ, რომ ამიერკავკასიაში არსებული სიტუაციის გაკონტროლებაზე პასუხისმგებლობის ნაწილი ვაშინგტონმა თავის რეგიონულ პარტნიორს, ანკარას, გადააბარა. თურქმა გენერალმა ტუნჯან ჩანკაიმ თბილისში ყოფნისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერს პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის შესაძლო განხორციელებას."
შემდეგ "ნეზავისიმაია გაზეტა" წერს:

"გასაგებია, რომ ეს გულისხმობს თურქეთის სამხედრო მრჩევლების ჩასვლას საქართველოში, ამასთან, არც სპეციალური დანიშნულების ძალების გამოჩენაა გამორიცხული.
არსებული ინფორმაციით, გეოპოლიტიკური მოვალეობების ამგვარი ახალი განაწილება მოწოდებულია იმისათვის, რომ მინიმუმადე დაიყვანოს მოსკოვის გარკვეული წრეების შეშფოთება, რომელიც რეგიონში ამერიკული გავლენის ზრდით არის გამოწვეული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თურქეთი ამერიკა ხომ არ არის. მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ასეთი პერსპექტივა გარდაუვლად გამოიწვევს სომხეთის შეშფოთებას, რომელიც დღესაც რჩება მოსკოვის ერთადერთ თანამიმდევრულ სამხედრო-სტრატეგიულ პარტნიორად ამიერკავკასიაში. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ერევანი ისედაც ძალიან ნერვიულად რეაგირებს ნებისმიერ ინფორმაციაზე საქართველო-თურქეთის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. საქართველოში თურქეთის მცირერიცხოვანი ქვედანაყოფების გამოჩენაც კი სომხეთის მიერ შეფასდება როგორც აქტიური მუქარა ეროვნული უსაფრთხოებისათვის."

15 მარტის გაზეთი "ვრემია ნოვოსტეი" წერს, რომ წინა დღეს თბილისში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობის შესახებ. ცერემონიას ესწრებოდა ქვეყნის მთელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, -პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო მინისტრი, -რაც, გაზეთის აზრით, იმის მიმანიშნებელია, რომ საქართველო თავის მომავალს სწორედ რომ სატრანზიტო ფუნქციას უკავშირებს.

საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭანტურიამ "ვრემია ნოვოსტეის" განუცხადა, რომ პრეზიდენტ შევარდნაძის ბრიუსელში ვიზიტის დროს ნატოს შტაბ-ბინაში დაგეგმილია ნავთობისა და გაზის ტრანზიტთან დაკავშირებული რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განხილვა.
გიორგი ჭანტურიას თქმით, "ნატო აქტიურად ჩაერთვება საქართველოზე გამავალი ენერგეტიკული დერეფნების უსაფრთხოების ორგანიზებაში, ხოლო თვით "ერზერუმის ხელშეკრულების" ხელმოწერის ფაქტი მოწმობს იმას, რომ წევრი ქვეყნები სერიოზული გარანტიების შექმნით არიან დაინტერესებულნი."

წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვიკტორ კალიუჟნიმ საკმაოდ დიდი სიფრთხილე გამოავლინა პროექტის მიმართ. კალიუჟნიმ "ვრემია ნოვოსტეის" უთხრა, რომ "რუსეთმა, თავდაპირველად, უნდა შეისწავლოს ბაქო- თბილისი-ერზერუმის პროექტის ეკონომიკა, ვინაიდან მანამდე შეფასებების გამოთქმა მარჩიელობის ტოლფასი იქნებოდა."

თუმცა, როგორც გაზეთი აღნიშნავს, გიორგი ჭანტურია შეეცადა ვიკტორ კალიუჟნის დაინტერესება გამოეწვია. კორპორაციის პრეზიდენტი მას გადასცემს წინადადებათა პაკეტს, რომელიც ეხება ნოვოროსიისკი-სუფსა-ჯეიჰანის შემაერთებელი ნავთობსადენის მშენებლობას აფხაზეთის ტერიტორიის გავლით. გიორგი ჭანტურიას სიტყვებით, "ამ პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში რუსეთი ყოველწლიურად მიიღებს 500-დან 700 მილიონ დოლარამდე შემოსავალს; გარდა ამისა, წინ წაიწევს კონფლიქტის მოგვარება აფხაზეთში, რომელიც ტრანზიტისაგან მიიღებს 60-90 მილიონ დოლარს , რაც 20-30-ჯერ აღემატება აფხაზეთის ამჟამინდელ ბიუჯეტს."
მაგრამ, როგორც ჩანს, კალიუჟნის დაყოლიება რთული იქნება: მან "ვრემია ნოვოსტეის" განუცხადა, რომ პირველად ესმის ნოვოროსიისკი-სუფსა- ჯეიჰანის პროექტის არსებობა. რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა თავი შეიკავა პროგნოზებისაგან და მხოლოდ ის თქვა, რომ, შემაერთებელი ნავთობსადენის საშუალებით, შესაძლებელი გახდება დიდი წყალწყვის მქონე გემების დატვირთვა.
"მაგრამ იარსებებს კი იმის საშუალება, რომ ამ გემებმა ბოსფორის სრუტე გაიარონ?" - სვამს კითხვას ვიკტორ კალიუჟნი.
XS
SM
MD
LG