Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს მორიგი დელეგაცია საქართველოში


ნატოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ივნისში თბილისთან ახლოს კიდევ ერთი მრავალეროვნული სამშვიდობო სწავლება გაიმართება.

წვრთნების არსებითი დეტალების შესათანხმებლად თბილისში უკვე შეუდგა მუშაობას ნატოს ექსპერტთა ჯგუფი. 25 მარტს კი საქართველოს ჩრდილოატლანტური სამხედრო ალიანსის მეორე დელეგაციაც ესტუმრა. განსხვავებით პირველი ჯგუფისაგან, რომელიც ვითარებას მხოლოდ ერთ, ვაზიანის, სამხედრო ნაწილში შეისწავლის, ნატოს დაგეგმარებისა და ანალიზის ჯგუფის წევრების მიზანი უფრო ფართოა და იგი ნატოს სტრუქტურებთან საქართველოს შეიარაღებულ ძალთა თავსებადობის დონის დადგენაში მდგომარეობს.

ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამებში მონაწილეობა საქართველოს სამხედრო ძალების წარმომადგენლებს ყოველწლიურად მნიშვნელოვანი სამხედრო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

მოყოლებული 1996 წლიდან, რაც საქართველო აღნიშნულ პროგრამას შეუერთდა, ქართველმა სამხედროებმა ორასზე მეტ სახმელეთო, სამხედრო-საზღვაო და საინჟინრო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. შარშან ივნისში კი საქართველო პირველი ქვეყანა გახდა სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც საკუთარ ტერიტერიაზე მრავალეროვნულ სწავლებას "კოოპერეითივ პარტნერ 2001" უმასპინძლა.

ნატოს სამხედრო ექსპერტების მიერ წარმატებულად შეფასებული წვრთნების დამთავრებისთანავე, საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე კიდევ ერთი მრავალეროვნული სწავლების ჩატარების თაობაზე გააკეთა განაცხადი. ღონისძიების გამართვის თარიღად, სავარაუდოდ, კვლავ ივნისი დასახელდა, ხოლო ადგილად - ვაზიანის სამხედრო ტერიტორია, რომელიც, თავისი ინფრასტრუქტურისა და ადგილმდებარეობის მხრივ, სამხედრო თვალსაზრისით, ყველაზე უფრო მოხერხებულია დიდმასშტაბიანი მანევრების გასამართავად.

რაც შეეხება თავად წვრთნების ხასიათს. როგორც საქართველოს გენერალური შტაბის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პასუხისმგებელმა ოფიცერმა, მაიორ ომარ ბეგოიძემ, ჩვენთან საუბარში განაცხადა, "ბესთ ეფორტზე" სრულად იქნება დემონსტრირებული თანამედროვე სამშვიდობო-ჰუმანიტარული ოპერაციის სამხედრო ელემენტები.
[ომარ ბეგოიძის ხმა] "სწავლება იქნება სამშვიდობო, ამ სწავლების პროგრამაში, როგორც ნაწილები, შედის ჰუმანიტარული დახმარების ოპერაცია, ლტოლვილებისთვის დახმარების ოპერაცია, საკონტროლო პუნქტების ორგანიზაცია და მოქმედება, ანტისნაიპერული მოქმედება - მაგალითად, მცირე კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ მოქმედება."

არავინ დაობს, რომ საქართველოს ნატოს წევრობამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, თუმცა სამშვიდობო სწავლებებში ინტენსიურმა მონაწილეობამ საქართველოს ჩრდილოატლანტური ალიანსის კიდევ ერთი ინიციატივისაკენ გაუხსნა გზა. 1999 წელს საქართველო ნატოს პროგრამის "მშვიდობისათვის პარტნიორობის" დაგეგმარებისა და მიმოხილვის პროცესს შეუერთდა. ამ პროცესში მონაწილეობა საქართველოს აძლევს საშუალებას მიაღწიოს ნატოს სტანდარტებთან საკუთარი სამხედრო ორგანიზაციის ფართო თავსებადობას, თანაც, ისევ და ისევ, სამხედრო ბლოკის ინტელექტუალური და ფინანსურ-მატერიალური დახმარებით.
თუმცა, როგორც მაიორი ომარ ბეგოიძე განმარტავს, თავდაპირველად საჭირო იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესების მიმოხილვა და ნატოს ანალიტიკოსების მხრიდან შესაბამისი გათვლის გაკეთება.
[ომარ ბეგოიძის ხმა] "და, ამის საფუძველზე, ნატომ შემოგვთავაზა პარტნიორობის მიზნები. 29 პარტნიორობის მიზანი არის შემოთავაზებული საქართველოსთვის. ამ პარტნიორობის მიზნებს თუ მივაღწევთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულ დონეზე მივაღწიეთ თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან. აქ არის ზოგადი პარტნიორობის მიზნები, არის სახმელეთო ძალების პარტნიორობის მიზნები, საზღვაო ძალების და საჰაერო ძალების მიზნები."

ბუნებრივია, ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, საქართველოს არ შეეძლო სამი წლის განმავლობაში თავსებადობის ყველა მოთხოვნის შესრულება, განსაკუთრებით ეხება ეს თავსებადობის ისეთ ამოცანებს, როგორიცაა საბრძოლო მომზადების გეგმები, შეიარაღების სტანდარტები, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ახალი ლიდერების მომზადების დონე და საშტაბო მართვის სტრუქტურები.

გაცილებით უფრო ხელშესახებია ცვლილებები კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფაში, რაც, დასავლეთის ქვეყნების დახმარებით, თითქმის სრულად დაუახლოვდა ნატოს სტანდარტებს. იგივე შეიძლება ითქვას საინჟინრო ნაწილებსა და კოჯრის სამშვიდობო ბატალიონზე, რომელიც ნატოს კონტინგენტის შემადგენლობაში უკვე მესამე წელია იცავს მშვიდობას კოსოვოში.

მაგრამ, თუ პირველი ორი წლის განმავლობაში ნატოელი ექსპერტები შეწყნარებით ეკიდებოდნენ საქართველოს მიერ ნაკისრი ამოცანების შეუსრულებლობას, წელს, შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს. მას შემდეგ, რაც თბილისში მყოფი ექსპერტები თავიანთ დასკვნებს ნატოს შტაბ-ბინას გააცნობენ, ბრიუსელში მაისის თვეში იგეგმება სპეციალური სხდომა ფორმატით 19+1, რომელზეც, როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, საქართველოს წარმომადგენლებს ბევრ მწვავე შეკითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG