Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასრულწლოვან მსჯავრდებულთა პრობლემები საქართველოში


26 მარტს საქართველოს ჟურნალისტთა სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ახალი პროექტის -"არასრულწლოვან დამნაშავეთა განათლების"- პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი, რომელსაც, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით, ბავშვთა უფლებათა დაცვის საქალაქო ცენტრი ახორციელებს, მიზნად ისახავს სასწავლო-აღმზრდელობითი საქმიანობის გაუმჯობესებას, ოცდაათამდე მსჯავრდებულის რეაბილიტაციასა და პედაგოგთა გადამზადებას არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში. იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, უკვე დასასრულს მიუახლოვდა იმ შენობის რეკონსტრუქცია, რომელშიც ახალი ტიპის სასწავლო დაწესებულება დაიდებს ბინას.

თანახმად ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციისა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ საქართველოც შეუერთდა, მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია, გაითვალისწინოს დამნაშავის ასაკი და ხელი შეუწყოს მცირეწლოვანი მსჯავრდებულის რეინტეგრაციას საზოგადოებაში.
საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დღეისთვის მის კმაყოფაზეა 70 არასრულწლოვანი. აქედან, სხვადასხვა დანაშაულის გამო, მსჯავრდებულია 27 მოზარდი, რომლებიც სასჯელს იხდიან არა სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში, არამედ ე.წ. ხონის მიუვალ სპეცკოლონიაში.
აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება ავჭალიდან ხონში გადატანილ იქნა მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს და ამ საქმის ერთ-ერთი თაოსანი გახლდათ პარლამენტარი ელენე თევდორაძე. თუმცა, როგორც ირკვევა, ამით მსჯავრდებულთა მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ცალკე საუბრის თემაა იქ გამეფებული ანტისანიტარია და საშინელი საყოფაცხოვრებო პირობები, რის გამოც, როგორც სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა მხეიძე აცხადებს, მცირეწლოვან პატიმართა მშობლებს უკვე გამოტირებული ჰყავთ თავიანთი შვილები.
[პაატა მხეიძის ხმა] "ხონში თითონ, იმ გეოგრაფიული მომენტის გათვალისწინებით და მისასვლელი გზების სირთულით და ამ სიდუხჭირის ჟამს როგორი ჩასასვლელია მშობლისთვის? და ვიტყვი ერთ ძალიან ცუდ რაღაცას - უმეტესი მათგანის სურათების სახლში გადაბრუნებული აქვთ".[სტილი დაცულია]


რამდენიმე თვის წინ იუსტიციის ახალმა მინიტრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების მოთხოვნით, დაწესებულების ავჭალაში დაბრუნება გადაწყვიტა. მაგრამ ვინაიდან ძველ შენობას ამასობაში სხვა მფლობელი გამოუჩნდა, არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების განთავსება ყოფილ სამხედრო ყაზარმაში გადაწყდა. მიუხედავად მწირი დაფინანსებისა, იუსტიციის სამინისტრომ გამონახა თანხები შენობის გასარემონტებლად, რომლის დამთავრებასაც სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 15 აპრილისთვის ვარაუდობს.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი დაწესებულება, სადაც ყველა პირობა არსებობს სასწავლო პროცესის სრულყოფილად ჩატარებისთვის, 120 მსჯავრდებულზეა გათვალისწინებული. გარდა ამისა, უკვე შეირჩნენ აღმზრდელებიც, რომელთა გადამზადება, როგორც ბავშვთა უფლებათა დაცვის საქალაქო ცენტრის ხელმძღვანელმა ბელა სარიამ განაცხადა, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით შემუშავებული პროექტის ფარგლებში მოხდება.
[ბელა სარიას ხმა] "ძირითადად, ყურადღება იქნება გამახვილებული არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების ჰუმანიზაციის პრობლემებზე, რაც გულისხმობს, პირველ რიგში, მასწავლებელთა კონტინგენტის გადამზადებას და, უკვე შემდეგ ეტაპად, აღსაზრდელებთან ფსიქო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. ჩვენ ფიქრად გვაქვს გავაგრძელოთ ეს სამუშაოები".

პროექტის გაგრძელების იდეა პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ლადო კახაძემ წამოაყენა. მისი თქმით, ქალაქის ხელმძღვანელობა, რომლის ინიციატივითაც სამი წლის წინ ბავშვთა უფლებათა დაცვის საქალაქო ცენტრი დაარსდა, შეეცდება, აგრეთვე, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ პროექტს, რომელიც,მსჯავრდებულთა ეფექტური რეაბილიტაციის გარდა, არასრულწლოვანთა დამნაშავეობის პრევენციისკენ იქნება მიმართული.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG