Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში კოდორის ხეობიდან რეგულარული ჯარის გაყვანა გადაწყდა


საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ განზრახვას კოდორის ხეობიდან თავდაცვის სამინისტროს რეგულარული საჯარისო ნაწილების გამოყვანის შესახებ,

როგორც აფხაზეთიდან დევნილი პოლიტიკური ელიტა, ასევე სხვა პოლიტიკური პარტიები მწვავე პროტესტით შეხვდნენ. მიუხედავად ამისა, ოფიციალურმა თბილისმა, იმ დროს, როდესაც მოსკოვის მხრიდან სამხედრო მუქარაც კი გაისმა, 29 მარტს სოხუმში გამართულ მოლაპარაკებებზე კოდორის ხეობიდან ქართველ ჯარისკაცთა გამოყვანის შესახებ ოფიციალური თანხმობა განაცხადა.

აფხაზეთის იმ ტერიტორიაზე, სადაც თბილისის იურისდიქცია ჯერ კიდევ ვრცელდება, თავდაცვის უწყების რეგულარული საჯარისო ნაწილები გასული წლის შემოდგომაზე მას შემდეგ შეიყვანეს, რაც კოდორის ხეობა რამდენჯერმე დაიბომბა. მაშინ თავდაცვის სამინისტროს შეზღუდულმა კონტინგენტმა კოდორის ხეობის უსაფრთხოება უზრუნველყო და საბრძოლო მოქმედებების განახლების შეჩერებაც მოხერხდა.

თუმცა „გაეროს“ გენერალური მდივნის პირადმა წარმომადგენელმა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში დიტერ ბოდენმა და, რა თქმა უნდა, აფხაზურ-რუსულმა მხარემაც კოდორში ჯარების შეყვანა თბილისის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევად გამოაცხადა. ლაპარაკია 1994 წელს მოსკოვში ხელმოწერილ დოკუმენტზე, რომლის ძალითაც, თბილისს კოდორის ხეობაში თავდაცვის სამინისტროს ნაწილების შეყვანა არ შეეძლო.

ხანმოკლე სტაბილურობის შემდეგ ვითარება კოდორის ხეობის ირგვლივ კვლავ დაიძაბა, რამაც თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძეს ასეთი შინაარსის განცხადების გაკეთების საფუძველი მისცა.

[თევზაძის ხმა] „მზადდება პროვოკაცია. საბაბად იქნება გამოყენებული თავდასხმის ინსცენირება სამშვიდობოთა ბლოკპოსტებზე, რაც გახდება საბაბი სამშვიდობოების მხრიდან ჯერ თავის დაცვის მიზნით ცეცხლის გახსნისა და შემდეგ გარკვეული შემტევი ღონისძიებების გატარებისა კოდორის მიმართულებით“[სტილი დაცულია].

26 მარტს გამოთქმულ ამ განცხადებას მეორე დღესვე მოჰყვა აფეთქებების სერია აფხაზ სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც ოფიციალური მოსკოვის მხრიდან საქართველოში სამხედრო დასწრების შენარჩუნების მიზეზად იქნა დასახელებული.

მიუხედავად ასეთი რთული ვითარებისა, 29 მარტს „გაეროს“ სოხუმის ოფისში გამართულ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ქართული მხარე კოდორის ხეობიდან თავდაცვის სამინისტროს რეგულარული საჯარისო ნაწილების 10 აპრილამდე გამოყვანას დათანხმდა. ქართული დელეგაციის წევრმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ ჩემთან საუბარში კოდორიდან ჯარების გამოყვანაზე თბილისის თანხმობა ასე განმარტა:

[ანთაძის ხმა] „რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ის პროვოკაცია, რაზედაც თავდაცვის მინისტრი ლაპარაკობდა, ბუნებრივია, ასეთი კონსტრუქციული მიდგომით და იმ პოზიციის დაფიქსირებით, სადაც საქართველო, როგორც მხარე, კონფლიქტში გამოდის და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის მზად არის შეასრულოს ვალდებულებები, ისეთი, რომელიც მაინცდამაინც მისთვის მთლად სახარბიელო არ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვცდილობთ ყველა ნაბიჯი გადავდგათ, რათა არაკეთილისმსურველს შეუზღუდოთ ის მოქმედების არეალი, თუნდაც პოლიტიკური ან საინფორმაციო, რათა მან ვერ დაგვაბრალოს, რომ ჩვენ არ ვართ მზად კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის“[სტილი დაცულია].

სანაცვლოდ, აფხაზურმა მხარემ ვალდებულება აიღო, რომ ტყვარჩელის ზონიდან სამხედრო ძალასა და შეიარაღებას გაიტანს, რის შემდეგაც გაეროს სამხედრო დამკვირვებლების მიერ ამ ტერიტორიების მონიტორინგი დაიწყება. თუმცა სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღწეულ შეთანხმებებს ხელი მაინც არ მოაწერეს, რადგან მის შემუშავებას სოხუმის მთავრობის ლიდერი ანრი ჯერგენია არ დასწრებია. დოკუმენტის ხელმოწერა 2 დღის შემდეგ იგეგმება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ჯერგენიამ ქართულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებები დაიწუნოს.

ეს ასეც რომ არ მოხდეს და ორივე მხარემ ნაკისრი ვალდებულებების რეალიზება დაიწყოს, ძნელი სავარაუდოა, თბილისმა დათმობის საბოლოო მიზანს - კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას - მიაღწიოს. ამის თქმის საფუძველს აფხაზ სეპარატისტთა ურყევი პოზიცია იძლევა. სეპარატისტთა წარმომადგენლის ასტამურ ტანიას განცხადებით, აფხაზეთი რუსეთის ასოცირებულ წევრად გახდომას ესწრაფვის:

[ასტამურ ტანიას ხმა] „აზრი ამ ასოცირებული ურთიერთობებისა მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზეთი, თავისი დამოუკიდებლობის შენარჩუნების პარალელურად, რუსეთთან განსაკუთრებულ ურთიერთობებს ამყარებს. ეს არის ერთობლივი პოლიტიკის განხორციელება თავდაცვისა და უშიშროების სფეროში, ასევე - საზღვრების დაცვასა და სავალუტო - საბაჟო სფეროში.“

დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯი ამ ეტაპზე მოსკოვის რეალური აგრესიის განეიტრალებასა და პოლიტიკურ არენაზე უპირატესობის მოპოვებას უფრო ემსახურება, რაც მერაბ ანთაძის განცხადებაშიც გამოჩნდა. თბილისის მხრიდან დათმობა სულაც არ ნიშნავს კოდორის ხეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ხელის აღებას. ამ მისიის განხორციელება საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებსაც ძალუძთ.
XS
SM
MD
LG