Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახლდება თუ არა ქართულ-აფხაზური სამშვიდობო მოლაპარაკებები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, აფხაზეთის კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც შეიარაღებული ძალების დაშორიშორებას ითვალისწინებს.

10 აპრილამდე ქართულმა მხარემ კოდორის ხეობიდან თავდაცვის სამინისტროს რეგულარული ნაწილების გამოყვანა უნდა ეზრუნველყოს. პარალელურად, აფხაზური მხარე ტყვარჩელის რაიონიდან მძიმე ტექნიკას გამოიყვანს.

2 აპრილს თბილისში ხელმოწერილ ოქმს, რომელიც მხარეებს მოსკოვის 1994 წლის 14 მაისის შეთანხმების შესრულებას ავალდებულებს, წინ უსწრებდა სოხუმში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის დიტერ ბოდენის ინიციატივით გამართული კონსულტაციები. ექვსთვიანი ჭოჭმანის შემდეგ, ქართულმა მხარემ კოდორის ხეობიდან თავისი რეგულარული შეიარაღებული ძალების გამოყვანაზე თანხმობა განაცხადა. საქართველოს საგანგებო საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე ვარაუდობს, რომ ეს კომპრომისი ქართულ-აფხაზური სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების საფუძვლად იქცევა.
შეგახსენებთ - ოფიციალურმა თბილისმა კოდორის ხეობაში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალები მას შემდეგ შეიყვანა, რაც, დაუდგენელ საფრენ ობიექტებად წოდებულმა თვითმფრინავებმა კოდორის ხეობა დაბომბა. კოდორში საქართველოს შეიარაღებული ძალების შეყვანა იქაური მოსახლეობის თხოვნით მოხდა. მაშინ თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე საკმაოდ კატეგორიულად იყო განწყობილი და კოდორის ხეობაში ჯარების შეყვანას მოსკოვის შეთანხმების დარღვევად არ თვლიდა.
[დავით თევზაძის ხმა] " ანუ ჯარის გაყვანა - ეს არის ერთი პროცედურა, რომელიც განხორციელდა 94 წელში. ხოლო ჯარის შეყვანა - ეგ არის მეორე პროცედურა, რომელიც არსად ნახსენები არ არის. არც აკრძალვებსა და არც ნების დართვებში. მაგრამ ის, რაც აკრძალული არ არის, იმას ვერავინ ვერ ამიკრძალავს."
თუმცა, გაეროს ბოლო დადგენილების შემდეგ, რომელიც ქართულ მხარეს კოდორის ხეობიდან ჯარების გაყვანის რეკომენდაციას აძლევს, ოფიციალური თბილისის ტონი შერბილდა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთმა მხარი დაუჭირა საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გაყოფის შესახებ. გასული კვირის მიწურულს, სოჭში გამართულ კავკასიური ოთხეულის უშიშროების საბჭოს მდივნებთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება ამ დოკუმენტის საფუძველზე უნდა მოხდეს. ამ განცხადებას ორშაბათის რადიო ინტერვიუში პრეზიდენტი შევარდნაძე გამოეხმაურა, რომლის განცხადებითაც, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში გადამწყვეტია პრეზიდენტ პუტინის პოზიცია:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] " ის ამბობს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის გასაღებად უნდა იქცეს გაეროს უშიშროების საბჭოს დოკუმენტები. მათ შორის, საქართველოსა და აფხაზეთს შორის უფლებამოსილებათა და კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ."
აფხაზური მხარე კატეგორიულად უარყოფს გაეროს მოწონებული დოკუმენტის განხილვის შესაძლებლობასაც კი. თუმცა, მეორე მხრივ, თუ რუსული მხარის განცხადებები კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობის თაობაზე, გულწრფელია, მოსკოვი აფხაზების მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასმის საკითხს ადვილად მოაგვარებს.
XS
SM
MD
LG