Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში


ოთხშაბათს, გამთენიისას, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ორ ქალაქში ისრაელის ტანკები შევიდნენ. მოწმეთა თქმით, გაიმართა შეტაკებები პალესტინელ მებრძოლებთან.



ტანკები შევიდნენ სალფიტსა და ჯენინში. ზოგიერთი ინფორმაციით, ამ უკანასკნელს თავს აფარებენ პალესტინელი თვითმკვლელი ტერორისტები. ამ მანევრის განხორციელებამდე ისრაელის არმიამ დაიკავა ბეთლემი და მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის კიდევ ერთი ქალაქი. იქ მომხდარ შეტაკებებში სამშაბათს 13 პალესტინელი იქნა მოკლული.

ჯენინში სულ ცოტა 30 ტანკი შევიდა. ეს ნაბიჯი ნაწილია ოპერაციისა, რომელიც უკვე შვიდი დღე მიმდინარეობს. ისრაელის თანახმად, მისი მიზანია ტერორიზმის კერების მოსპობა. როგორც იტყნობინებიან, ჯენინში განხორციელებული იერიშის შედეგად, 27 წლის პალესტინელი ქალი დაიღუპა. ქალაქ სალფიტში ისრაელის ჯარებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

სამშაბათს სერიოზული შეტაკებები მოხდა ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის. შეიარაღებულმა პალესტინელებმა შობის ეკლესიას შეაფარეს თავი. ისრაელის ტანკებმა და შვეულმფრენებმა კი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ჯიბრილ რაჯუბის შტაბ-ბინაზე მიიტანეს იერიში.

18-თვიანი კოფნლიქტის ყველაზე მწვავე იერიშის მსვლელობისას ისრაელმა პალესტინელთა ლიდერს, იასირ არაფატს წინადადება მისცა, დატოვოს პალესტინა და სხვა ქვეყანას შეაფაროს თავი. ამაზე არაფატმა განრისხებული პასუხი გასცა, რომ ქვეყნის დატოვებას ურჩევნია მარტვილის სიკვდილით მოკვდეს. მისი შტაბ-ბინა ისრაელის ჯარების მიერ არის ალყაშემორტყმული და მას გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.

ოპერაცია, რომელსაც ისრაელი ”დამცველ კედელს” უწოდებს, ითვალისწინებს პალესტინელთა ტერიტორიებზე ტერორისტთა განადგურებას და ისრაელის წინააღმდეგ ტერაქტების შეჩერებას.

ამასობაში ისრაელის ჯარების იერიშის შვიდი დღის მანძილზე შვიდმა თვითმკვლელმა ტერორისტმა სცადა თავის აფეთქება. უკანასკნელმა ვერ მოასწრო მიზნის მიღწევა. ისრაელის ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს და ააფეთქეს მის სხეულზე დამაგრებული ბომბი.

ეს ინციდენტი მოხდა ბაქა ალ-შარქიიეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს შორის. აფეთქების შედეგად არავინ დაღუპულა გარდა თავად ტერორისტისა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა შიმონ პერესმა განაცხადა, რომ ისრაელის ჯარების იერიში სამ-ოთხ კვირას გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის თქმით კი, აქცია არ არის დროთ შემოფარგლული, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ისრაელის მთავრობაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე.

ვაშინგტონში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა თქვა, რომ ისრაელმა სწრაფად უნდა დაასრულოს სამხედრო კამპანია. მაგრამ, მისი სიტყვებით, ამერიკამ ამ საკითხში არ უნდა განახორციელოს ისრაელზე ზეწოლა.

ამის საპირისპიროდ დღეს ბრიუსელში ევროპის კომისიის თავმჯდომარემ რომანო პროდიმ განაცხადა, რომ სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის ესკალაცია.
XS
SM
MD
LG