Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობებში დაძაბულობა შეიმჩნევა


რუსეთის რეაქცია ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე, ჩვენს ქვეყანას სამხედრო დახმარება გაუწიოს, უკვე ცნობილია.

მოსკოვის შემდეგ შეშფოთება სომხეთშიც გამოთქვეს და, თუმცა გამოთქვეს, შედარებით, ფრთხილად, ურთიერთობა ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის მაინც საგრძნობლად დაიძაბა. თბილისში ერევნის დამშვიდებას ცდილობენ, რადგან საქართველო-სომხეთის ურთიერთგაგებასა და კეთილმეზობლობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჯავახეთის რეგიონის სტაბილურობა.

სომხეთის პარლამენტის კომუნისტური დეპუტაციის ინიციატივას, განეხილათ საქართველოსათვის ამერიკის სამხედრო დახმარების საკითხი, თან დაერთო სამხრეთ კავკასიის საკითხის შესახებ ამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დახურული მოსმენა. საქართველოს ირგვლივ მიმდინარე საგარეო პოლიტიკური პროცესებისადმი მეზობელი სახელმწიფოს პარლამენტის ამგვარ რეაქციას თბილისში დიდი ინტერესით შეხვდნენ.

არავისთვისაა საიდუმლო სომხეთ-რუსეთის განსაკუთრებული ურთიერთობები, თუმცა ამას საქართველო-სომხეთის კეთილმეზობლობაზე უარყოფითი გავლენა დიდად არ მოუხდენია. ეს ჩემთან საუბარში საქართველოს პარლამენტის წევრმა ვან ბაიბურთმაც დაადასტურა:

[ბაიბურთის ხმა] „იყო ერთ-ერთი დეპუტატის გამოსვლა, რომელმაც დააყენა საკითხი, მოდით, განვიხილოთ საქართველო-ამერიკის სამხედრო ურთიერთობაო. კრების თავმჯდომარემ განუცხადა, ეს ჩვენი განსახილველი საკითხი არ არის, ჩვენ არ შეგვიძლია ჩავერიოთ სხვა სახელმწიფოს საქმეებშიო. ეს იყო და ეს.“

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრი, ფრაქცია “ახლების” ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ფიქრობს, რომ სომხეთის პოლიტიკური ძალები ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელებისათვის აზერბაიჯანის მზადყოფნამ უფრო შეაშფოთა, ვიდრე საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობამ. შესაბამისად, ამან განაპირობა სამხრეთ კავკასიის საკითხის შესახებ სომხეთის პარლამენტის მიერ დახურული მოსმენის გამართვა.

მიუხედავად ამისა, ოფიციალური თბილისი მაინც დიდი ყურადღებით ეკიდება ერევანთან ურთიერთობას და ვითარების დაძაბვის თავიდან აცილებას საწყის ეტაპზევე ცდილობს. არადა, ურთიერთობის გართულების რამდენიმე მიზეზი რეალურად არსებობს. სომხეთთან ჯერ კიდევ არაა გავლებული საზღვარი და ჯავახეთში სეპარატისტული მოძრაობის წამოწყების საფუძველი რუსეთის სამხედრო ბაზის დემონტაჟი შეიძლება გახდეს.

ვან ბაიბურთი აღნიშნავს, რომ ახალქალაქში პოლიტიკურზე უფრო მწვავედ სოციალური პრობლემები დგას. რაიონში სოციალური საკითხების მოგვარების - ანუ რუსეთის სამხედრო ბაზაზე გამოთავისუფლებული 1500-მდე ადგილობრივი მაცხოვრებლის დასაქმების – შემთხვევაში თავიდან იქნება აცილებული ვითარების ბუნებრივი ესკალაცია. თუმცა, ამასთან ერთად, სიტუაციის დაძაბვის ხელოვნური საფუძველიც არსებობს, რომლის გამოყენებას მოსკოვი ყოველთვის შეეცდება, მან ამისთვის სათანადო ნიადაგი წლების მანძილზე მოამზადა.

რეგიონში ბევრი ფიქრობს, რომ ახალქალაქიდან რუსების გასვლის შემდეგ მათ ადგილს ამერიკელთა მოკავშირე თურქეთის ჯარი დაიკავებს. ვან ბაიბურთის აზრით, ჯავახეთში საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის გამო შესაძლო პოლიტიკური გართულებების თავიდან აცილება მოსახლეობასთან დიალოგითაა შესაძლებელი.

[ბაიბურთის ხმა] „ყველას ახსოვს, რაც იყო თურქეთი 80 წლის წინ და ხალხს ეშინია. აი ეს პრობლემა, მე ვთვლი, რომ, როგორც სოციალ-ეკონომიკური პრობლემები, ასევე ეს ეთნოფსიქოლოგიური მეხსიერების პრობლემაც დგას, რომელიც ჩვენ რაღაცნაირად უნდა მოვხსნათ, ხალხს ავუხსნათ, რომ დღევანდელი თურქეთი ის თურქეთი აღარ არის“ [სტილი დაცულია].

თბილისი რომ ამ რეალობისათვის ანგარიშის გაწევას აპირებს, ერევანში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ჯონი ფირცხალაიშვილის ვიზიტიც მოწმობს. 5 აპრილს ერევანში ფირცხალაიშვილმა განაცხადა, რომ ახალქალაქში რუსეთის ბაზაზე დასაქმებულთა სოციალური პრობლემების მოგვარებამდე თბილისი არ აპირებს სამხედრო ბაზის გატანის საკითხის დაყენებას. მისვე ინფორმაციით, თბილისში შემუშავებულია რეგიონის განვითარების პროგრამა, რომელიც ადგილობრივ მაცხოვრებელთა სოციალური პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად.

5 აპრილს, გენერალური შტაბის უფროს ჯონი ფირცხალაიშვილთან შეხვედრისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრანიკ მარქარიანმა აღნიშნა, რომ შეწუხებულია ჯავახეთსა და აფხაზეთში მცხოვრები სომხების ბედით. როგორც სააგენტო პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტი ერევნიდან იტყობინება, მარგარიანი იმედოვნებს, რომ, მიუხედავად ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მცდელობისა, საქართველოს ხელისუფლება შეძლებს თავიდან აიცილოს ჯავახეთში სიტუაციის დაძაბვა.

იმავე 5 აპრილს სამცხე-ჯავახეთის რეგიონს 2 დღით ესტუმრა სომხეთის დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის სტეპან მარქარიანის ხელმძღვანელობით. ვიზიტის მთავარი მიზანი რეგიონის გაცნობაა.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ინფორმაციის ამგვარი ურთიერთგაცვლა ორ ქვეყანას შორის წარმოქმნილი მცირე დაძაბულობის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.
XS
SM
MD
LG