Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება


საქართველოს პარლამენტის 1999 წლის არჩევნებისას უამრავი მცირე თუ დიდი დარღვევა იქნა გამოვლენილი, თუმცა მმართველ პარტიას საპარლამენტო უმრავლესობა და სამთავრობო ბერკეტები საშუალებას აძლევდა საარჩევნო კანონის დარღვევები დაემალა,

ან უხეში პოლიტიკური ზეწოლით დაეძლია. ასე მოხდა ხონის, ფოთის, აბაშისა და წალენჯიხის საარჩევნო ოლქში კენჭისყრის შედეგების კანონიერების ცნობისას.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ითხოვდა პარლამენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას დალოდებოდა, სამანდატო კომისიამ სასამართლოს მიერ ოთხი დეპუტატის არჩევის კანონიერების გარკვევამდე 3 დღე ვერ მოითმინა და მათი უფლებამოსილება ცნო. ამით მოქალაქეთა კავშირის უმრავლესობას ის 4 ხმა შეემატა, რომელიც ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობდა ამა თუ იმ კანონის მიღებისას.

დრო გავიდა და ოპოზიციამ იმას მიაღწია, რომ 2001 წლის 30 მარტს საკონსტიტუციო სასამართლომ ოთხ საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრის შედეგები არაკონსტიტუციურად ცნო. მაშინ ამ გადაწყვეტილებაზე რეაგირებისაგან პარლამენტმა თავის არიდება საპარლამენტო უმრავლესობის ძალით შეძლო.

ოპოზიციამ ფარ-ხმალი არ დაყარა და საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე სარჩელიც შეიტანა, რომლითაც გაყალბებული კენჭისყრის შედეგად არჩეული პარლამენტარების უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვდნენ. სასამართლომ ეს სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, რაც ერთი წლის წინანდელი საპარლამენტო უმრავლესობის ნარჩენებს კვლავ აძლევთ იმის საფუძველს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი გადაწყვეტილება არ აღასრულონ.

8 აპრილს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტში ოპოზიციის წარმომადგენელ ზაქარია ქუცნაშვილსა და ყოფილი უმრავლესობის წევრ ხათუნა ხოფერიას შორის, აი, ასეთი კამათი გაიმართა:

[ქუცნაშვილისა და ხოფერიას კამათი] „- ავტომატურად მოხდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტის გაუქმება. სხვა რა დადგენილება, რა განჩინება არ შეასრულა ან პლენუმმა ან კოლეგიამ საკონსტიტუციო სასამართლოსი? და რას არ ვასრულებთ, მე კონკრეტული შეკითხვა მაქვს. - გიპასუხებთ: სამჯერ ვთქვი, რას არ ვასრულებთ. 49-ე მუხლს არ ვასრულებთ საქართველოს კონსტიტუციისას, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლს არ ასრულებთ, საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლს არ ასრულებთ, თქვენ იძახით, რომ მარტო 54-ე შევასრულეთ. - საკონსტიტუციო სასამართლოს რომელ გადაწყვეტილებაში წერია, რომ პარლამენტი არ ასრულებს კონსტიტუციის ამა და ამ მუხლებს და ამის გამო გთხოვთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება მოიყვანოთ შესაბამისობაშიო."

ის, ვინც ამგვარ ინსტრუქციებს ელოდება, ცხადია, იურიდიული მოთხოვნის შინაარსს ძნელად თუ გაიგებს, ან მასზე შეგნებულად დახუჭავს თვალს იმ იმედით, რომ საზოგადოებას საკანონმდებლო ნიუანსებში გარკვევა გაუჭირდება. ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ემყარება:

[ქუცნაშვილის ხმა] „ბერაიას, მებუკეს, ჭანტურიას და ჭანტურიას დეპუტატობის საკითხი არ უნდა განიხილებოდეს, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თვალსაზრისით, საქართველოს კონსტიტუციის 54 მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით. ეგენი ხომ იძახიან, რომ 54 მუხლის საფუძველზე უნდა განიხილებოდეს, ისინი გვწერენ, რომ არ უნდა განიხილებოდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას სპეციფიკურ ვითარებაში, როცა იგი მთლიანად არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად და ბათილად ცნობას ემყარება. მათი არჩევა საქართველოს პარლამენტის წევრებად საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად და ბათილად გამოაცხადა, რითაც სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა პარლამენტის ხსენებული დადგენილების ნაწილებს. ანუ საფუძველი, სამართლებრივი, მათ არჩევას აღარ გააჩნია და საფუძველი არ არსებობდეს და დეპუტატი არსებობდეს, ეგეთი საქართველოს პარლამენტში შეიძლება ნახოთ."

პარლამენტი საკმაოდ კურიოზულ სიტუაციაშია ჩავარდნილი. მისგან არც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა იქნება კანონიერი და არც 4 დეპუტატის პარლამენტიდან გაწვევა, რადგან ეს უკანასკნელი ნაბიჯი 2 წლის მანძილზე მიღებული საკანონმდებლო აქტების კანონიერებას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
XS
SM
MD
LG