Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ფედერალური უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტი საქართველოში


15 აპრილს საქართველო საერთაშორისო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას, ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ ევროპის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა სესიას, უმასპინძლებს.

9 აპრილს კი თბილისში გერმანიის ფედერალური უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტის, პროფესორ გიუნთერ ჰირშის, ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. გერმანელი კოლეგების ჩამოსვლას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც, გერმანიის ფედერალური მთავრობის მხარდაჭერით, 1993 წლიდან არაერთი პროექტი განხორციელდა.

პოსტსაბჭოთა სასამართლო სისტემის რეფორმირებისკენ მიმართული საქართველო-გერმანიის ურთიერთობა 1993 წლიდან იწყება. იმ წელს, გერმანიის ფედერალური მთავრობის დავალებით, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ აქტიური კონსულტაციები დაიწყო, საქართველოში სამართლის რეფორმების საკითხებთან დაკავშირებით. რეკომენდაციებს კი სულ მალე მოჰყვა ისეთი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, რაც საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული დემოკრატიული საზოგადოების აღმშენებლობისა და ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის შექმნის აუცილებელი წინაპირობა უნდა გამხდარიყო. განსაკუთრებით საგულიხმოა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის შემუშავებაში, ქართველ იურისტებთან ერთად, ცნობილი გერმანელი პროფესორი რუდოლფ კნიპერიც მონაწილობდა.

[ლადო ჭანტურიას ხმა] "ბატონი რუდოლფ კნიპერი, რომელიც გახლავთ საქართველოს საპატიო მოქალაქე და უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, ჩვენთან ერთად მუშაობდა ახალ სამოქალაქო კანონმდებლობაზე იმ დროს, როდესაც უცხოელები საქართველოში საერთოდ არ ჩამოდიოდნენ იმიტომ, რომ აქ იყო სამოქალაქო ომი, აქ "კალაშნიკოვებით" დარბოდა ხალხი ქუჩაში. ზოგიერთს დღეს ეს ენატრება, სამწუხაროდ".

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია მიიჩნევს, რომ ახალი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება ხანგრძლივი პროცესია და ამ პროცესში ყველაზე რთული მოსამართლეთა ისეთი კადრების მომზადებაა, რომლებიც ახლებური სულისკვეთებითა და ცოდნით გამოიტანენ გადაწყვეტილებებს. ქართველი კოლეგის ეს მოსაზრება გერმანიის ფედერალური უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გიუნთერ ჰირშმაც გაიზიარა.

[გიუნთერ ჰირშის ხმა] "რა თქმა უნდა, მთელ თქვენს სასამართლო სისტემას მე ვერ შევაფასებ, მაგრამ თქვენი სამართლებრივი და საკანონმდებლო ბაზა იძლევა იმის შესაძლებლობას, ვთქვა, რომ იგი შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტებსა და მოთხოვნებს. მაგრამ, ამასთანავე, ერთი სისტემიდან მეორეზე გადასვლისას ძალიან მნიშვნელოვანია მოსამართლეთა განათლება."

აღსანიშნავია, რომ 2000 წლის მაისიდან ამოქმედდა გერმანიის
ფედერაციული მთავრობისა და ტექნიკური თანამშრომლობის დახმარებით შექმნილი ახალი პროგრამა, რომელიც სწორედ ქართველი მოსამართლეების კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. გერმანიის სასამართლო სისტემის გაცნობამ კი ქართველი მოსამართლეები, პირველ ყოვლისა, საკუთარი სამართლებრივი ბაზის არასრულყოფილებაზე ჩააფიქრა. სახელდობრ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იური ტყეშელაშვილი 9 აპრილს გამართულ ერთობლივ შეხვედრაზე მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობდა.
[იური ტყეშელაშვილის ხმა] "საჭიროა მაქსიმალურად იქნეს გამარტივებული საპროცესო კანონმდებლობა. აი, ამ მხრივ, გერმანიის გამოცდილების გადმოღება ჩვენთვის იქნება ძალიან სასარგებლო. ეს შეამცირებს როგორც საქმის განხილვის ვადებს, ისე ხარჯებს, რომელიც ბიუჯეტიდან გადის, და არავითარ შემთხვევაში უარყოფითად არ იმოქმედებს ბრალდებულის უფლებების დაცვაზე."

აღსანიშნავია, რომ, მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, მომავალი კვირიდან ქართველ მოსამართლეებს ბევრი სიახლე ელით. 15 აპრილს თბილისში საზეიმოდ გაიხსნება ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სემინარი, რომელზეც ევროპის ქვეყნების უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები მოიყრიან თავს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG