Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საოჯახო პორტრეტები ინტერიერში"


თბილისში ახლად დაარსებული ფოტოსტუდიის, "ზუმ სტუდიოს," მესვეურებმა თავიანთი პირველი პროექტის პრეზენტაცია გამართეს - დიზაინერთა კავშირის საგამოფენო დარბაზში მოეწყო ფოტოხელოვან დიმიტრი ჩიკვაიძის ნამუშევრების ექსპოზიცია,

რომლის შესახებ ჩვენი თბილისელი თანამშრომელი გიორგი გვახარია გვიამბობს.

"საოჯახო პორტრეტი" ფოტოხელოვნების ძველი და პოპულარული ჟანრია, რომელიც ფოტოგრაფიამ, შეიძლება ითქვას, "ფერწერიდან ისესხა". ეს ის ჟანრია, რომლითაც ფოტოხელოვნება უარს ამბობს შემთხვევითის, მოულოდნელის, დოკუმენტურის ეფექტზე, ანუ სწორედ იმაზე, რაც ფოტოგრაფიის სპეციფიკად ითვლება. ფოტოგრაფი თავის თავს აღარ აღიქვამს "აპარატმომარჯვებულ" დამკვირვებლად, რომელიც ქუჩა-ქუჩა დარბის და ცხოვრების დინების შეჩერებას ცდილობს. ფოტოგრაფს უჩნდება პრეტენზია იყოს მხატვარი, თუ გნებავთ, "ფერმწერი", იმ განსხვავებით, რომ "ფერით წერას" ამ შემთხვევაში "სინათლით წერის" ხელოვნება ცვლის. და როცა თანამედროვე ფოტოგრაფიის ტექნიკურ შესაძლებლობებს გავეცნობით, ყოველი ჩვენგანი აღიარებს, რომ ფოტოგრაფის ამოცანა მხოლოდ და მხოლოდ გამოსახულების ფიქსაცია აღარაა და რომ თანამედროვე ფოტოგრაფია პორტრეტული თუ ნატურული გამოსახულების მიღებას უკვე იმდენ დროს ანდომებს, რამდენიც სჭირდება ჩვეულებრივ მხატვარს.

თბილისში ახლად გახსნილი ფოტოსტუდია, სახელწოდებით "ზუმ სტუდიო", როგორც ჩანს, სწორედ ფოტოხელოვნების ახალი ტექნოლოგიების დაუფლებას ისახავს მიზნად. ყოველ შემთხვევაში, ამ სტუდიის მესვეურ დიმიტრი ჩიკვაიძის ნამუშევრებს, რომელიც დიზაინერთა კავშირის გალერეაში გამოიფინა, ნამდვილად ეტყობა, რომ უახლესი აპარატითა და განათების საკმაოდ ძვირად ღირებული ხელსაწყოებითაა გადაღებული. ჩიკვაიძის მოდელები საქართველოში პოპულარული ადამიანები არიან. როგორც თავად დიმიტრი ჩიკვაიძე აღნიშნავს [დიმიტრი ჩიკვაიძის ხმა]: "ჩემი მიზანი იყო მეჩვენებინა ის ხალხი, რომელიც წარმატებულია თავის საქმეში, თანაც თავიანთ ოჯახებში, იმ გარემოში, რომელშიც ცხოვრობენ და არა ისე, როგორც მათ იცნობს ფართო საზოგადოება ტელეეკრანიდან და ა.შ"[სტილი დაცულია].

და მაინც, დიმიტრი ჩიკვაიძის ფოტოებზე პოპულარული ადამიანების ხასიათი არა იმდენად საოჯახო გარემოს დეტალებით, რამდენადაც სწორედ განათებითა და კომპოზიციით იქმნება. ამავე დროს, ჩიკვაიძის "საოჯახო პორტრეტები ინტერიერში" ფერწერის იმიტაციად არ აღიქმება - პოპულარულმა ადამიანებმა, რომლებიც მაყურებლის დაკვირვებულ თვალს დიდი ხანია შეეჩვივნენ, იციან, რომ მათ უღებენ სურათს, ამიტომ, ნებსით თუ უნებლიედ, მაინც ცდილობენ, რომ კარგად გამოიყურებოდნენ, მაინც თამაშობენ, ანუ მაინც არ არიან ბუნებრივნი ეგრეთ წოდებულ "ბუნებრივ გარემოში". 21 პოპულარული ადამიანი, ფოტოკამერის წინ ნიღაბს იკეთებს. ყოველი მათგანი სხვადასხვა ნიღაბს ირჩევს, იმისდა მიხედვით, თუ როგორი ხასიათი აქვს... ანუ ხასიათი აქ სწორედ პოზირებაში წარმოჩნდება. ძვირად ღირებულ ფოტოხელსაწყოებს კი, როგორც ცნობილია, არაფერი გამოეპარებათ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG