Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს მთელი საქართველოს ყურადღება კოდორის ხეობისკენ არის მიპყრობილი.


წამყვანი: დავით პაიჭაძე, თბილისი დღეს მთელი საქართველოს ყურადღება კოდორის ხეობისკენ არის მიპყრობილი.

იმ ურთულესი რეგიონისკენ, რომლის მკვიდრთათვისაც მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრება ჩვეულებრივ ამბად იქცა. იქ ახლა, ძირითადად, მამაკაცები არიან დარჩენილნი, რადგან დაბომბვისა თუ საომარი მოქმედებების შიშმა კოდორის ხეობელი ქალები და ბავშვები აიძულა ოჯახები დაეტოვებინათ და თბილისისთვის შეეფარებინათ თავი. კოდორის ხეობაში მოვლენების განვითრებას ისინი აქედან დიდი მღელვარებით ადევნებენ თვალს. ჩვენც შევეცადეთ “ახალგაზრდულ პროგრამაშიც” გამოვხმაურებოდით კოდორის ხეობის პრობლემებს და ამ მიზნით კოდორის ხეობიდან წამოსულ ლელა აფრასიძეს გავესაუბრეთ.

28 წლის ლელა აფრასიძე უკვე სამი წელია თბილისში ცხოვრობს და მუშაობს კიდეც. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში ის ეკონომისტის მოვალეობას ასრულებს და, კოდორის ხეობაში არსებულ გაუსაძლის ვითარებას გამორიდებულ სხვა ქალებსა და ბავშვებთან ერთად, მოუთმენლად ელის დროს, როცა ხეობაში დაბრუნება და ცხოვრება საშიში აღარ იქნება. მანამდე მშობლიურ კუთხეში ასვლა ლელას, ძირითადად, ზაფხულობით უწევს, რადგან სხვა დროს ამ მთიანი რეგიონისკენ მგზავრობა სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. იქ დარჩენილ მამას და ნათესავებს ის კვირაში ერთხელ თუ ეხმაურება. ამჯერად მათ შესახებ იცის ის, რომ, შედარებით, დაძაბულ ვითარებაში უწევთ ცხოვრება, მაგრამ პანიკაში მაინც არ არიან.

[ლელა აფრასიძის ხმა] “იქ მყავს მამა, დეიდა, ბიძები, ნათესავები . მათ ვუკავშირდები რადიოსადგურის საშუალებით. რადიოცენტრია და ის გვაკავშირებს კოდორის ხეობასთან. მამას ორი დღის წინ ვესაუბრე. მიჩვეულია ხალხი დაძაბულ ვითარებაში ცხოვრებას, სიმშვიდისთვის ნამდვილად არ სცალიათ, მაგრამ ბოლო მოვლენებმა ისინი კიდევ უფრო დაძაბა.”

აფხაზეთის სვანეთი, ანუ კოდორის ხეობა, ბოლო წლების მანძილზე როგორც ჩვენი, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. ამის მიზეზი თავიდან მძიმე კრიმინალური სიტუაცია და გაეროს სამხედრო დამკვირვებლების მძევლად აყვანის ფაქტები იყო. როგორც გვახსოვს, სოფელ აჟარაში თბილისიდან ჩასული ცენტრალური ხელისუფლების დელეგაციაც დაატყვევეს. მოგვიანებით დაძაბულობის მოტივი შეიცვალა. რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ ხეობაზე მიტანილმა სამხედრო იერიშებმა და კოდორის ხეობის მიმართულებით ჩეჩენი მებრძოლების გადაადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოყოლილმა დაძაბულობამ საქართველოს ამ მთიანი რეგიონის მოსახლეობა წინასაომარ ვითარებაში ცხოვრებას მიაჩვია, თანაც, იმდენად, რომ, ხეობაში რუსეთის სამხედრო დესანტის გადასხმისა და ამის შემდეგ განვითარებული ცნობილი მოვლენების ფონზე, ლელა აფრასიძე უფრო მოსახლეობის დაღლას აღნიშნავს, ვიდრე შიშს.“იქ ამ დაძაბულობისგან დაღლის მომენტი შეიმჩნევა, ვიდრე შიშიო,” – თქვა მან ჩემთან საუბრისას.

[ლელა აფრასიძის ხმა] “10 წელია ერთი და იგივე მეორდება. ბოლოს და ბოლოს, ფუფუნება მობეზრდება კაცს, არათუ ეს მუდმივი დაძაბულობა. დაწვები დასაძინებლად და არ იცი, მტერი ახლოს არის თუ შორს. დაიღალა ხალხი. მასში დაღლის მომენტი უფრო შეიმჩნევა, ვიდრე შიშის. ეს პრობლემა აღარც აქეთ გადაწყდა და აღარც იქით.”

მაგრამ ამ ხალხის დაღლის მიზეზი მუდმივი დაძაბულობით არ უნდა ამოიწურებოდეს.წლის უმეტეს მანძილზე კოდორის ხეობის მოსახლეობა გარე სამყაროსგან მოწყვეტით, ჩაკეტილ ვითარებაში ცხოვრობს. კოდორის მიმართულებით გზა ოქტომბრის ბოლოს იკეტება და გაზაფხულის მიწურულს თუ იხსნება.ამ რთულ პერიოდში ხეობაში ასვლის ან იქიდან გამოსვლის ერთადერთ საშუალებად ვერტმფრენი რჩება. ლელას ნათქვამით, ვერტმფრენი კოდორის ხეობას თვეში ოთხჯერ მაინც ააკითხავს და მისი საშუალებით გადაადგილება 15 - იდან 25 ლარამდე ჯდება. თუ გავითვალისწინებთ ხეობაში არსებულ მძიმე სოციალურ ვითარებას, მგზავრობის ზემოხსენებული საშუალება კოდორელებისთვის იშვიათი სიამოვნება უნდა იყოს. იქაურ ახლგაზრდობას, და არა მარტო მას, სასოფლო- სამეურნეო საქმიანობის გარდა, დასაქმებისა და საარსებო თანხის მოპოვების არავითარი საშუალება არ გააჩნია. სოფლის მეურნეობის პროდუქტის გაყიდვას კი ტრანსპორტირების პრობლემა უკავშირდება.

[ლელა აფრასიძის ხმა] “როგორ გითხრათ, იქაური ახალგაზრდები არაფრით არ არიან დაკავებულნი. ერთადერთი სახლი და მეზობლებთან თუ გადავლენ. მუშაობს რამდენიმე სკოლა, არის საავადმყოფოც, სადაც, ალბათ, რამდენიმე კაცია დასაქმებული, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ახალგაზრდობა დასაქმებულია.”

კოდორის ხეობაში არ ვრცელდება საქართველოს ტელევიზია, აღარაფერს ვიტყვი ჟურნალ-გაზეთებზე, კინოებზე და ასე შემდეგ. ზამთრის უმძიმესი პერიოდისთვის ხეობის საკვები პროდუქტებით მომარაგება შემოდგომით ხდება ხოლმე, თუმცა, როგორც ჩემმა მოსაუბრემ გაიხსენა, იყო შემთხვევა, როცა უამინდობის გამო პროდუქტის შეტანა სრულად ვერ მოხერხდა და მოსახლეობას მხოლოდ ფქვილი მიეწოდა. ასეთი პრობლემის მოგვარებისთვის ჩვენს ხელისუფლებას დღეს არ სცხელა. ის მთლიანად კოდორის ხეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფით არის დაკავებული, თუმცა ხეობის მოსახლეობისთვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის არც შედარებით მშვიდ პერიოდში გამოუდვია ვინმეს თავი.
არადა, სხვებისა არ იყოს, ლელა აფრასიძეც ელის დროს, როცა ხეობაში დაბრუნების და იქ ცხოვრების საშუალება მიეცემა.

[ლელა აფრასიძის ხმა] “ნამდვილად დავბრუნდებოდი. ის ჩემი მშობლიური კუთხეა და ძალიან მიყვარს. იქ რომ მუშაობის საშუალება იყოს, იქ ვიქნებოდი და ვიმუშავებდი. “
XS
SM
MD
LG