Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ფრიდომ ჰაუსის” საანგარიშო მოხსენება პრესის თავისუფლების შესახებ


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს, 22 აპრილს, ნიუ-იორკში მოქმედმა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია ”ფრიდომ ჰაუსმა” გამოაქვეყნა ყოველწლიური საანგარიშო მოხსენება პრესის თავისუფლების შესახებ.

მოხსენება სათაურით: ”პრესის თავისუფლება 2002”-ისლამისტი ექსტრემისტების მიერ პაკისტანში ამ წლის დასაწყისში გატაცებული და ბარბაროსულად მოკლული ამერიკელი ჟურნალისტის, გაზეთ ”უოლ სტრიტ ჯორნალის” კორესპონდენტის, დენიელ პერლის ხსოვნას ეძღვნება. მოხსენებაში ნათქვამია, რომ მდგომარეობა მთელს მსოფლიოში პრესის თავისუფლების მხრივ, გასულ 2001 წელს მთლიანობაში გაუმჯობესდა, მაგრამ ზოგიერთ სახელმწიფოში, მათ შორის ბელორუსიაში, უკრაინასა და რუსეთში მიმდინარე მოვლენები, კვლავაც განგაშის საფუძველს იძლევა.

მოხსენების ავტორები მიიჩნევენ, რომ პრესის თავისუფლების მხრივ გასულ წელს დადებითი ძვრები მოხდა ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში, განსაკუთრებით, სერბია ჩერნოგორიით შემორჩენილი იუგოსლავიის ფედერაციაში.

განსაკუთრებით შეშფოთებულია ”ფრიდომ ჰაუსი” პრესის თავისუფლების შეზღუდვით ბელორუსიაში, სადაც ინფორმაციის საშუალებები უშუალოდ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას ექვემდებარება. მოხსენების ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ ოფიციალური რეგისტრაციის გარეშე ბელორუსიაში შეუძლებელია მასმედიის საქმიანობა, ხოლო ხელისუფლება კრძალავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მაღალი ჩინოსნების კრიტიკას. აი რა განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ”ფრიდომ ჰაუსის” კოორდინატორმა კარენ კარლეკარმა: [კარენ კარლეკარის ხმა] ”გასულ წელს სისტემატურად იზღუდებოდა მედიის თავისუფლება ბელორუსიაში, განსაკუთრებით პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ადგილი ჰქონდა აღჭურვილობის ჩამორთმევას, გაზეთების ასლების კონფისკაციას, ინტერნეტით სარგებლობის არკძალვას. ასე რომ, ვითარება იქ, საკმაოდ სერიოზულია”.

”ფრიდომ ჰაუსის” საანგარიშო მოხსენებაში გაკრიტიკებულია უკრაინაც. მოხსენების ავტორები სინანულით აღნიშნავენ, რომ 2000 წელს მოკლული დამოუკიდებელი ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის საქმე დღემდე გაუხსნელია, ვინაიდან პრეზიდენტ კუჩმას მთავრობას ხელს არ აძლევს ჭეშმარიტების დადგენა.

”ფრიდომ ჰაუსს” მიაჩნია, რომ გასულ 2001 წელს არც რუსეთში იყო პრესა თავისუფალი. სულ, ამ ორგანიზაციამ მსოფლიოს 186 ქვეყანაში მიმოიხილა მდგომარეობა პრესის თავისუფლების მხრივ. ”ფრიდომ ჰაუსმა” დაადგინა, რომ ამ სახელმწიფოთაგან 75-ში პრესა თავისუფალია; 50-ში - ნაწილობრივ თავისუფალი; ხოლო 61 ქვეყანაში პრესა არაა თავისუფალი. საანგარიშო მოხსენების ავტორები საქართველოს იმ ქვეყნების რიცხვში მოიხსენიებენ, სადაც პრესა ნაწილობრივაა თავისუფალი. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ორი ეროვნული ტელეარხი საქართველოში სახელმწიფოს კონტროლქვეშაა, მთავრობის ოფიციალურ პოზიციას უწევს პროპაგანდას და უფრო დიდი აუდიტორია ჰყავს, ვიდრე რადიოსადგურებს ან გაზეთებს.

ხელისუფალნი სდევნიან დამოუკიდებელ გაზეთებსა და ტელეარხებს, ხოლო მთავრობის მიერ კონტროლირებული მასმედიის ჟურნალისტები თვითცენზურას მიმართავენ. ივლისში, ვკითხულობთ შემდეგ საანგარიშო მოხსენებაში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულ იქნა დამოუკიდებელი ტელეარხის, ”რუსთავი-2”-ის ჟურნალისტი, როგორც ვარაუდობენ, იმის გამო, რომ იგი მაღალჩინოსანთა ბნელ საქმიანობას იძიებდა.
XS
SM
MD
LG