Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

25 აპრილის საღამოს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 25 აპრილის საღამოს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო საკითხი მეორე პლანზე გადასწია.

“ამაზე ძლიერი მიწისძვრა თბილისში არ მომხდარა,” “დამანგრეველი მიწისძვრა თბილისში,” “სახელმწიფო მანქანა მთელი სიმძლავრით ამუშავდა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ” – ასეთი სათურები ჭარბობდა კვირის ბოლოს ქართულ პრესაში. 26 აპრილის გაზეთ “სპექტრის” ცნობით, სეისმოლოგთა გათვლით, 25 აპრილს თბილისში 6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისის სამხრეთით 20 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა. მაგრამ სტიქიამ ყველაზე მეტად თბილისის მოსახლეობა დააზარალა. რაც შეეხება რაიონებს, ბოლო ინფორმაციით, სტიქიას იქ ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. გაზეთის ცნობით:

“თბილისში მიწისძვრის შედეგად, სოლოლაკში, მთაწმინდაზე, კრწანისში, ავლაბარში და სხვა ძველ უბნებში ათეულობით შენობა და საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, რამდენიმე მათგანი კი დაინგრა.
დანგრეულ სახლთა უმრავლესობა ე.წ. ბარაკის ტიპის ძველი, ავარიული ნაგებობები იყო. დედაქალაქში ხანძრის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება მსხვერპლს, სტიქიამ, სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
სტიქიის მსხვერპლთა დასახმარებლად და ნგრევის მასშტაბების დასადგენად გუშინვე შეიქმნა სამთავრობო საგანგებო შტაბი, სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის ხელმძღვანელობით. მის მუშაობაში მონაწილეობენ როგორც თბილისის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
ქალაქში უკვე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. რაც შეეხება დაზარალებულებს, მათ დახმარება ქალაქის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში აღმოუჩინეს.
ჯერჯერობით ზარალის რაოდენობა დადგენილი არ არის. არც ისაა ცნობილი, თუ ხელისუფლება რამდენ დაზარალებულს აღმოუჩენს დახმარებას და რა სახით. ქალაქის მერიაში საგანგებო რეჟიმში მუშაობს ცხელი სატელეფონო ხაზი.
მიწისძვრამ თბილისის მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია, განსაკუთრებით იმ უბნებში, სადაც, ძირითადად, ავარიული სახლებია განთავსებული. ქალაქში მაშინვე გაჩნდა ვერსია, რომ მიწისძვრა ხელოვნური წარმომავლობის იყო. თუმცა ქართველი და სომეხი სეისმოლოგები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან.
ასეთი სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივ სეისმოლოგიურ სამსახურებს 60-იანი წლებიდან არ დაუფიქსირებიათ.”

27 აპრილის გაზეთ “რეზონანსის” ცნობით, გეოფიზიკის ინსტიტუტში ხუთშაბათ საღამოს თბილისში მომხდარი 6-ბალიანი მიწისძვრის შემდეგ მცირე ბიძგების გაგრძელებას ჩვეულებრივ მოვლენად აფასებენ და აცხადებენ, რომ არ არის გამორიცხული, ამ სუსტ ბიძგებს შორის იყოს შედარებით ძლიერი ბიძგებიც, თუმცა ისინი ძირითად ბიძგს სიდიდით მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. ასეთი მიძგები ნელ-ნელა ჩაცხრება. გაზეთი წერს:

“გეოფიზიკის ინსტიტუტში ანალოგიური სიმძლავრის მიწისძვრის განმეორებას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ, რადგან ასეთი რამ ჩვეულებრივ ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხდება ხოლმე. გეოფიზიკის ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა სათანადოდ უნდა შეისწავლონ მიწისძვრის შედეგები. იმ შენობებში, რომლებიც მიწისძვრის შედეგად სერიოზულად დაზარალდა, ადამიანთა ცხოვრება სახიფათოა და მცხოვრებლები იქიდან უნდა გამოასახლონ.”

დაზარალებულ შენობათა რაოდენობა კი საკმაოდ დიდია. თბილისის ძველ უბნებში სახლები ისედაც ავარიულად ითვლებოდა, მაგრამ 25 აპრილის მიწისძვრის შემდეგ ამ სახლებს გამაგრებითი სამუშაოებიც ვეღარ უშველის. 27 აპრილის “დილის გაზეთის” თქმით, 25 აპრილს მიწისძვრისგან გამოფხიზლებულ ქალაქს თბილისის ნახევარი ჩამონგრეული დახვდა და პანიკაც, რომელმაც მიწისძვრის ღამეს მოიცვა ქალაქი, არცთუ უსაფუძვლო აღმოჩნდა. მდგომარეობა ასეთია:

“ოფიციალური მონაცემებით, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში 450-მდე ავარიული ბინა დაფიქსირდა, აქედან 150-მდე მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია. გლდანი-ნაძალადევის რაიონში 410 ავარიული სახლია, აქედან 35 საცხოვრებლად უვარგისია. ვაკე-საბურთალოს რაიონში 350 დაზიანებული ბინაა, აქედან 10 – მძიმედ ავარიული, 4 კი – სასწრაფოდ შესაკეთებელი. ეს მონაცემები ნაწილობრივ თუ ასახავს დედაქალაქში შექმნილ სიტუაციას. ამ თემას გუშინ საგანგებო სხდომა მიუძღვნა თბილისის საკრებულომ. მისი თავმჯდომარის ლადო კახაძის თქმით, მიწისძვრამ მნიშვნელოვნად გაზარდა ქალაში ავარიული ფონდი. საცხოვრებელი სახლების გარდა, დაზიანებულია სკოლები, საბავშვო ბაღები, ხიდები და მეტროპოლიტენიც კი. არის წყლისა და ბუნებრივი აირის გაყვანილობათა დაზიანების შემთხვევებიც. გუშინვე თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქში შეწყდა სასწავლო პროცესი. ლადო კახაძის თქმით, ყოველ სკოლას სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს ტექნიკური დათვალიერება და მხოლოდ უსაფრთხო სკოლებში გაგრძელდეს სწავლა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის რაიონებში სპეციალური კომისიები შედგა, რომლებიც ავარიული ბინების დაზიანების ხარისხს დაადგენენ. ამის შემდეგ კი ქალაქში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება. თბილისის მერის ვანო ზოდელავას თქმით, ზარალის საკომპენსაციოდ, დაახლოებით, 20-25 მილიონი ლარია საჭირო. ამჟმად მიმდინარეობს საგანგებო მუშაობა ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი ბინების ასაშენებლად. ეს პროექტები, დიდი ხანია, მომზადებულია, ახლა კი საგანგებო ვითარებაში დაიწყება მათი განხორციელება.
პროექტები, რომლებიც, მიწისძვრის გამო, ნაჩქარევად განხორციელდება, ძირითადად, ყიფშიძის, ინგოროყვას, მარჯანიშვილის, აღმაშენებლის ქუჩებს მოიცავს. აქ ქალაქის მთავარი არქიტექტორის ირაკლი ლოლაშვილის თქმით, დაცული იქნება სართულიანობა და ყველა ის ნორმა, რაც სტანდარტებს შეესაბამება. საცხოვრებელი სახლების აგება იგეგმება აკადემქალაქშიც. ვანო ზოდელავას თქმით, ეს სამუშაოები, დაახლოებით, 3-4 თვეში დასრულდება.”

ხელისუფლების გარდა, დაზარალებული თბილისის აღდგენის პროცესში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს ბიზნესმენებმა. 27 აპრილის გაზეთ “ახალი თაობის” ცნობით, “ახალი მემარჯვენეები” წინასაარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილ თანხებს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებელ ფონდში გადარიცხავენ. ეს განცხადება “ახალი მემარჯვენების” ოფისში სპონტანურად შეკრებილი ბიზნესმენების წინაშე ამ პარტიის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ გააკეთა, რომლის ინიციატივას – აღნიშნული ფონდის დაფუძნების იდეას – მხარს წარმატებულ ბიზნესმენებად წოდებული ბიზნესელიტის წარმომადგენლებიც უჭერენ. გაზეთი წერს:

“ასეთ დროს საინტერესოა, თუ რომელი ბიზნესმენი ფონდში რა რაოდენობის თანხის გადარიცხვას გეგმავს. თუმცა ბადრი პატარკაციშვილმა ამით დაინტერესებულ ჟურნალისტებს უსაყვედურა კიდეც, ეს დელიკატური საკითხია და ამის განცხადება მიზანშეწონილი არ არისო.

შეიძლება ითქვას, რომ სტიქიამ ბიზნესმენებს გამოცდა მოუწყო ამ წინასაარჩევნო ციებ-ცხელების დასაწყისში. ახლა უკვე მათი ყველაზე დიდი რეკლამა იქნება ის, თუ რა დოზით მიიტანენ გულთან ახლოს მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების ტრაგედიას.”
XS
SM
MD
LG