Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად წავლენ პარლამენტის წევრები ადგილობრივი არჩევნების შემდეგ


დავით პაიჭაძე, თბილისი 2 ივნისს გასამართი ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოს პარლამენტის რამდენიმე ცნობილმა წევრმა გამოთქვა მზადყოფნა, სათავეში ჩასდგომოდა პარტიულ სიებს,

რომელთა მიხედვით არჩევნის გაკეთება მოუწევთ თბილისის საკრებულოს ამომრჩევლებს. შეიძლება დაინტერესდეთ, საკრებულოში მოხვედრის წინ მოუწევთ თუ არა ამ დეპუტატებს პარლამენტის წევრობაზე უარის თქმა.

მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების ფონზე პოლიტიკოსთა ბრავადა ჩვეულებრივ ამბად გვექცევა. საარჩევნო სიებით თავმოწონება 1 მაისს დაიწყო პარტია “აღორძინებამ”. როგორც ცნობილია, პირველ ნომრად ამ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი თარგამაძე წერია. მოვლენას წინ უსწრებდა ინფორმაცია პრესაში, სათაურით “გიორგი თარგამაძე პარლამენტიდან მიდის”. “აღორძინებამდე” მსგავსი ნაბიჯი გადადგა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მოქალაქეებს შეატყობინა, რომ თბილისის საკრებულოში ასარჩევ დეპუტატთა სიას სათავეში მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგებოდა. “მესიჯი” გამოაგზავნეს “ახალმა მემარჯვენეებმაც”: სიაში პირველ პოზიციაზე ლევან გაჩეჩილაძეს ვამწესებთო. მოკლედ, ცნობილი პარლამენტარები დედაქალაქის საკრებულოსკენ დაიძრნენ.

ცხადია, ყველა ხვდება, რომ ამ ნაბიჯს აქვს ორი ახსნა: პრაქტიკული და არადამაჯერებელი. დამაჯერებელი არ არის ის, რომ საკრებულოში გასასვლელად შემართულ პარლამენტის წევრებს თბილისის პრობლემებზე ფიქრში უღამდებათ და სჯერათ, მერიის შენობიდან უფრო სასარგებლონი იქნებიან მშობლიური ქალაქისათვის. დამაჯერებელი არ არის თუნდაც იმიტომ, რომ თვითმმართველობის ამ ორგანოს არ გააჩნია უფლებამოსილებანი, რომელთა აღსრულება განსაზღვრავს პოლიტიკას ქალაქში. პრაქტიკული ახსნა კი ის გახლავთ, რომ ცნობილი სახელები ადამიანებს უფრო მიიზიდავს საარჩევნო უბნებთან, მხოლოდ ახალი სახელებით ცოტა თუ დაინტერესდება. პირველი საკრებულოს არჩევისას, ასე თუ ისე, გაამართლა მეტ-ნაკლებად პოპულარულ დებიუტანტებზე დადებულმა ფსონმა. მაგრამ მაშინ თავად საკრებულო იყო ახალი ხილი და იქ ამომრჩევლის მისაზიდად არავინ წასულა ქართული პოლიტიკის უმაღლესი ლიგიდან. უფრო პირიქით: საკრებულოს ზოგიერთმა წევრმა ერთი წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში გადაინაცვლა.

ადგილობრივ არჩევნებში ცნობილ სახელთა გაჯიბრების კიდევ ერთი, პრაქტიკული ასპექტი გახლავთ სპარინგი პარლამენტის გაისად გასამართი არჩევნების წინ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ჯგუფები აქ გაუთავებლად უპირისპირდებიან ერთმანეთს, ნამდვილ საარჩევნო ბრძოლას ვერაფერი შეცვლის. სპორტულ ტერმინოლოგიას თუ მოვიშველიებთ, ეს არჩევნები იქნება არა ამხანაგური, არამედ ოფიციალური შესარჩევი მატჩი, უმაღლესი რანგის ტურნირზე მოსახვედრად.

ადგილობრივი არჩევნების წინ მოქალაქეები არ უნდა დააბნიოს პარტიულ სიებში კარგად ნაცნობი ფიგურების გადანაცვლებამ: არც ერთი მათგანი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, პარლამენტს არ დატოვებს. ამასთან, ყოველი მათგანი ჩქმალავს ფაქტს, რომ 2 ივნისს დამარცხების შემთხვევაში პირადად ის არაფერს კარგავს; საკრებულოში ასარჩევად პარტიულ სიაში მოხვედრა შეიძლება პარლამენტის წევრის სტატუსის დაუთმობლად. ეს საკითხი ადრე ღია იყო, მაგრამ გასული წლის ოქტომბერში პარლამენტმა წინდახედულება გამოიჩინა და კანონში შესაბამისი ცვლილება შეიტანა. ასე რომ, არც გიორგი თარგამაძე, არც მიხეილ სააკაშვილი, არც ლევან გაჩეჩილაძე და, საერთოდ, პარლამენტის არც ერთ წევრი, ვინც საკრებულოში კენჭისყრას განიზრახავს, არ რისკავს დეპუტატის სავარძელს: ისინი შეეცდებიან შეუძღვნენ მერიის ერთ-ერთ დარბაზში თავიანთ ფიგურანტებს და ორთქლმავლის ფუნქციის ამოწურვის შემდეგ, მაღალი ალბათობით, პარლამენტს დაუბრუნდებიან, კვლავ ჩაიბამენ რა ძველ შემადგენლობას.
XS
SM
MD
LG