Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”იურეიჟა ვიუ” საქართველოს შესახებ


მას მერე, რაც კასპიისზღვისპირა ხუთმა ქვეყანამ თურქმენეთში გამართულ სამიტზე ვერ შეძლო ზღვის სტატუსზე შეთანხმება, ერთი კვირის შემდეგ აზერბაიჯანის,

საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა ტრაპიზონში გამართეს შეხვედრა, რომელიც ”კავკასიის სამიტის” სახელით გახდა ცნობილი. ამ სამიტის შესახებ უკვე ვიტყობინებოდით ჩვენს წინა გადაცემებში. დღეს მის ზოგიერთ ასპექტზე ვისაუბრებთ.

კერძოდ, გაგაცნობთ საინტერნეტო გამოცემა ”იურეიჟა ვიუში” გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით ”კავკასიის სამიტი თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას განამტკიცებს”. წერილის ავტორია მევლუთ კატიკი.

ორღდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ჰეიდარ ალიევმა, ედუარდ შევარდნაძემ და აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებათა პაკეტს ნავთობსადენის უსაფრთხოების, ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე. ეს შეთანხმებები სამ ქვეყანას შორის მეგობრობის ახალ ფორმებზე მიუთითებსო, შენიშნავს სტატიის ავტორი და შემდეგ საუბრობს ამ სამ ქვეყანას შორის მზარდ კავშირებზე 1991 წლის შემდეგ.

ედუარდ შევარდნაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ტრაპიზონის შეთანხმებები მყარ საფუძველს ქმნის საქართველოს სტრატეგიული უსაფრთხოებისთვის. მევლუთ კატიკი შენიშნავს, რომ, სავსებით შესაძლებელია, სამიტმა გააღიზიანოს სომხეთი და რუსეთი. უპირველეს ყოვლისა მთიანი ყარაბაღის გადაუწყვეტელი პრობლემის გამო, რითაც თურქეთი სომხეთის მიმართ თავის პირქუშ პოლიტიკას ამართლებს.

რუსეთი ტრაპიზონის სამიტის სხვა ასპექტითაც შეიძლება განაწყენდეს. სამიტის მონაწილეებმა ივალდებულეს, რომ თავ-თავიანთ ტერიტორიებზე თავადვე უზრუნველყოფენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოებას, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ უსაფრთხოების სფეროში პრობლემების შემთხვევაში.

სამიტი, განაგრძობს ავტორი, ახორციელებს ვაშინგტონის მიერ მოწონებულ თურქეთის საგარეო პოლიტიკას, რომლის მიზანია თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც მსგავსი შეხედულებები აქვთ რეგიონულ და საერთაშორისო განვითარებაზე.

სეზერმა, შესაძლოა რუსეთის განაწყენების თავიდან ასაცილებლად, უარი თქვა იმაზე, რომ ტრაპიზონის შეთანხმების შედეგად ახალი კოალიცია შექმნილიყო. მან შეთანხმებებს უწოდა ”გეგმა, რომელიც მიმართულია სამ ქვეყანას შორის უშიშროებისა და თანამშრომლობისკენ და არა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ და რომელიც ღიაა ყველა ქვეყნისთვის.”

სამიტზე შევარდნაძემ თქვა, რომ შემდგომ შეხვედრას, რომელიც თბილისში გაიმართება, შესაძლოა, სხვა მონაწილეებიც დაესწრონ. დეტალებზე მას არ უსაუბრია, მაგრამ საქართველოს წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ მოლაპარაკებებში, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღონ ყაზახეთმა, თურქმენეთმა და რუსეთმა, უკრაინამ და რუმინეთმაც კი.

ავტორს მოჰყავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ტრაპიზონში თავის აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან ერთად ხელმოწერილი შეთანხმება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია რეგიონის უშიშროების თვალსაზრისით.

ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, ტრაპიზონის შეთანხმებამ მხოლოდ რეგიონის სტაბილურობას შეიძლება შეუწყოს ხელი და, ამდენად, ყველასთვის მისასალმებელი უნდა იყოს.

ამგვარმა განცხადებამ, შესაძლოა, ისევ იმედი ჩაუნერგოს ნავთობსადენის ინვესტორებს და პოტენციურ სავაჭრო პარტნიორებს, რომლებიც აშშ-ის ჯარების ყოფნითა და საქართველოში გავრცელებული უკანონობით არიან შეშინებული. მაგრამ ეჭვგარეშეა, რუსეთი, სომხეთი და ირანი ფრთხილად მიადევნებენ თვალს სამი ქვეყნის განვითარებად ურთიერთობებსო, დაასკვნის საინტერნეტო გამოცემა ”იურეიჟა ვიუში” გამოქვეყნებულ სტატიაში მევლუთ კატიკი.
XS
SM
MD
LG