Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოუ-ბიზნესი არჩევნების წინ


საქართველოში არჩევნების წინ პოლიტიკური სპექტრი ისე აირია, რომ მუსიკოსებიც კი დაიბნენ.

არადა, ტრადიციულად, მუსიკოსებმა, ტაქსის მძღოლებთან ერთად, ყოველთვის წინასწარ იციან, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. თუ ტაქსის მძღოლს, თავისი პროფესიიდან გამომდინარე, სოციოლოგიური “გამოკვლევის” ჩატარება მუდმივად უწევს, მუსიკოსს, როგორც წესი, ინტუიცია არ ღალატობს და კარგად იცის, როგორ “განვითარდება” მელოდია. ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რამდენად ემთხვევა ერთმანეთს მძღოლებისა და მუსიკოსების და, რაც მთავარია, ქართველი სოციოლოგების აზრი. აქამდე საქართველოში ჩატარებული არჩევნები იმ მარტივ, “სამაკორდიან” მელოდიას ჰგავდა, რომლის “დაღიღინებას” დიდი ოსტატობა არ სჭირდებოდა – ეს მელოდიები საოცრად ჰგავდა ერთმანეთს... მაგრამ დღეს სიტუაცია, აშკარად, შეიცვალა – პოლიტიკური სპექტრი აჭრელდა და, შესაბამისად, დაიბნენ მუსიკოსებიც. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შესაძლებელი იყო ყველა ქართველი ვარსკვლავის თავმოყრა ერთ მუსიკალურ კლიპში, სიმღერით “გიხაროდენ, გიხაროდენ”, რადგანაც ამ “ყველა ქართველ ვარსკვლავს” მუსიკალური ინტუიცია უკარნახებდა, რომ არჩევნებში მოქალაქეთა კავშირი გაიმარჯვებდა. “ყველა ქართველი ვარსკვლავი” ერთად ანათებდა, ერთ კლიპში, ერთ გალა-კონცერტზე მღეროდა, ერთმანეთისთვის კომპლიმენტებს არ იშურებდა და, რაც განსაკუთრებით საინტერესოა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მღეროდა ერთნაირად, ერთსა და იმავე “სამტაქტიან” მელოდიას აღიღინებდა. შესაბამისად, საქართველოში გამართულ მუსიკალურ კონკურსებში იმარჯვებდა სწორედ ის მომღერალი, რომელიც არ არღვევდა ქართული შოუ-ბიზნესის “კონსტიტუციას” და ერთგულად ემსახურებოდა “ვარსკვლავეთის მბრძანებლებს”, პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებულ, ეგრეთ წოდებულ, “შოუ-ბიზნესმენებს” ან თავად ხელისუფლებას. მაგალითად, ახლახან ფილარმონიაში ჩატარებულ კონკურსზე, რომელსაც “თბილისო, გეტრფი” ერქვა, ჟიურიმ, რომელსაც საქართველოს კულტურის მინისტრი სესილი გოგიბერიძე ხელმძღვანელობდა, დემონსტრაციულად “არ შეამჩნია” პროფესიონალები, რომლებიც კატეგორიულად უარყოფენ ამ ერთიან ვარსკვლავეთში “ციმციმს”. ასეთია, მაგალითად, ოთარ ტატიშვილი, ერთ-ერთი პირველი მომღერალი, რომელმაც ქართული ესტრადა დასავლეთში გაიტანა, პროფესიონალი კომპოზიტორი, რომელსაც სპეციალისტები “ქართველ ელტონ ჯონს” უწოდებდნენ. ოთარ ტატიშვილი მისი შემოქმედების მიმართ ქართული შოუ-ბიზნესის გულგრილობას, პირველ რიგში, მუსიკალური კრიტიკის დეფიციტით ხსნის. კონსერვატორია მუსიკისმცოდნეებს ყოველწლიურად გადასცემს დიპლომებს, მაგრამ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ეს ხალხი სადღაც იკარგება. მათი აზრი არავის აინტერესებს. თანამედროვე მუსიკის შესახებ წერენ ის ჟურნალისტები, რომელთაც სავსებით აკმაყოფილებს "ო, რა კაია"-ს მსგავსი მელოდია. [ოთარ ტატიშვილის ხმა]: “კრიტიკის საკითხი არის ყველაზე საგანგაშო... მეოცე საუკუნის კულტურაა თანამედროვე მუსიკა. საზღვარგარეთ უზარმაზარი ნაშრომებია... იქ იწერება, რომ გამოვიდა ალბომი, რომელიც არის “ნაგავი” და გაიყიდა ასეთი ტირაჟით. შეიძლება ისიც ცდება კრიტიკაში, რადგან კრიტიკაც არ არის ტაბუირებული.”

ძნელი გასარკვევია, კონკრეტულად ვინ ქმნის ტაბუს ქართულ შოუ-ბიზნესში – ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები თუ თავად საზოგადოება. ძნელი გასარკვევია, საიდან იმართება ეს პროცესი, ვისა აქვს სურვილი, მუსიკალურობით ყოველთვის გამორჩეული ერი პრიმიტიული მელოდიის მარწუხებში მოექცეს და ადვილად სამართავი გახდეს. ჩვენთან საუბარში ოთარ ტატიშვილმა განაცხადა
[ოთარ ტატიშვილის ხმა]: “დღეს ემორჩილებიან მიღებულ წესებს, კანონებს, იჭრებიან ამ თამაშში, რისი სურვილი არა მაქვს ნამდვილად, საერთოდ, ხორცმეტად ვგრძნობ იქ თავს... სუბორდინაცია უნდა იყოს, თორემ ვისაც ემღერება – იმღეროს.”

საქართველოში დღეს ყველა მღერის, მათ შორის, ისიც კი, ვისაც მაინცდამაინც არ ემღერება, მაგრამ ამღერებენ. პოლიტიკური ელიტა არჩევნების წინ თითქოს მიხვდა, რომ ურჩი და თაყვანისმცემელთა მიერ საკმაოდ გათამამებული ვარსკვლავებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე მათგანს შეიძლება მობეზრდეს “დაკრულზე სიმღერა” და დამოუკიდებელი არტისტის ამბიციები გაუჩნდეს. ასეთი დამოუკიდებლობა კი, მოგეხსენებათ, ყველაზე მეტად სძულთ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნების წინ ელექტორატისთვის იბრძვიან. არჩევნების წინ გახმაურებული პროექტი, რომელსაც “არტ-მედია” ჰქვია და რომლის მიღმა ბადრი პატარკაციშვილის ფიგურა მოიაზრება, სწორხაზოვანი “მუსიკალური პოლიტიკის” ბრწყინვალე მაგალითი გახდა. “არტ-მედიამ” დაიწყო კონტრაქტების გაფორმება მერაბ სეფაშვილთან, დათო გომართელთან, ლაპარაკია თემურ თათარაშვილის, ლელა წურწუმიასა და კიდევ სხვა მომღერლების “პატრონობაზე” – როგორც გაირკვა, “არტ-მედიის” ვარსკვლავებს საკმაოდ მაღალი ჰონორარი ექნებათ იმ შემთხვევაში, თუ ყველგან არ იმღერებენ და, რაც მთავარია, ყველასთვის არ იმღერებენ. ამასობაში გამოჩნდნენ არტისტები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით უარი თქვეს ამ ახალ “პარტიულ-მუსიკალურ” სტრუქტურაში გაწევრიანებაზე. მომღერალმა ნინო ქათამაძემ თავისი უარი ასე ახსნა [ნინო ქათამაძის ხმა]: “ევროპაში იხდიან ზუსტად იმ თავისუფლებაში, რომლისგანაც შენ მუსიკა მოგაქვს, და, თუ შენ ამ თავისუფლებას ართმევ, სრული ხუთწლიანი გარანტიით, რომ თავისუფლება წაგართვან მინიმალური ციფრებით, ე. ი. გამოდის, რომ იქ არაფერი იქნება”[სტილი დაცულია].

მაგრამ თავისუფალ ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა. აქამდე შოუ-ბიზნესში ჩართული მომღერლებისთვის თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება ერთიანობა იყო – ერთიანობა ერთმანეთთან და ხელისუფლებასთან თუ არა, გავლენიან პოლიტიკურ ჯგუფებთან მაინც. ზოგიერთი მათგანი ხან მოქალაქეთა კავშირს უმღეროდა, ხან “აღორძინებას”, იმისდა მიხედვით, თუ ვინ რამდენს შეჰპირდებოდა, და “ვარსკვლავური ნიღბის” მუდმივ ცვლას, როგორც წესი, “აპოლიტიკურობით” ხსნიდა ხოლმე (“პოლიტიკაში არაფერი გამეგება, მე ხალხს ვემსახურები”). მაგრამ ასეთი ქამელეონები პოლიტიკურ ორგანიზაციებს დღეს არ სჭირდებათ – პარტიული დისციპლინა დღეს განსაკუთრებით ფასობს ქართულ პოლიტიკურ შოუ- ბიზნესში. დათო ხუჯაძემ უარი თქვა “არტ- მედიასთან” თანამშრომლობაზე და განაცხადა, რომ “არტ-მედია” ემუქრება იმ მომღერლებს, რომლებმაც პატარკაციშვილის ჯგუფთან თანამშრომლობა არ მოინდომეს. [დათო ხუჯაძის ხმა]: “არ ვიცი, ჭორის დონეზეა, თუ რა... მაგრამ თითქოს, თუ ვიღაცეები არ მოაწერენ ამ კონტრაქტზე ხელს, იზრუნებენ იმაზე, რომ ჩვენ ჩაგვძირონ.”

ეტყობა, “ჩაძირვის” შიში იმდენად მძლავრი აღმოჩნდა, რომ ხუჯაძემ თავი ზურაბ ჟვანიას შეაფარა – ჟვანიას საარჩევნო სიაში მოხვდა. აი, ვახტანგ კახიძემ კი უპირატესობა “ახალ მემარჯვენეებს” მიანიჭა – მაესტროსაც გაუჩნდა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ცხადია, არა იმიტომ, რომ ქართველმა მუსიკოსებმა საკრებულოებში სიმღერა და დაკვრა მოინდომეს. როგორც ჩანს, მუსიკოსების უმრავლესობას დამოუკიდებლად არსებობის ქართულ-საბჭოური ფობია სტანჯავს: პოლიტიკურ მღვიმეში სიმღერა და ცეკვა გაცილებით უფრო ადვილია, თანაც ქვეყანაში, სადაც ამ “წილხვედრ წიაღს” ვერაფრით ელევიან, სადაც დამოუკიდებლობა წყალში ჩაძირვის ტოლფასად ჟღერს. მომღერალი ოთარ ტატიშვილი ცდილობს განაზოგადოს ქართულ შოუ-ბიზნესში შექმნილი მდგომარეობა. [ოთარ ტატიშვილის ხმა]: “ეს –სარკეა. ჩვენი დღევანდელი ყოფის ერთგვარი ანარეკლია... უნიჭიერესი ხალხი წასულია მიწისქვეშეთში და არაფერს აკეთებს, როცა ხოტბას ასხამენ უმეცარ მუსიკოსებს... დღეს არის საგანგაშო მდგომარეობა. მე ვფიქრობ, რომ სიჩუმე და გაჩერება დამღუპველია... შეიძლება ასი პროცენტი დილეტანტები იყვნენ? რას ნიშნავს ეს – ტყუილად მისწავლია, ტყუილად დრო დამიკარგავს..”.

საქართველოში დღეს არავინ ზრუნავს იმ მუსიკოსების გაერთიანებაზე, ვისაც “უსწავლია და დრო დაუკარგავს”. ასეთ პირობებში არ არის გამორიცხული, რომ გაერთიანების სურვილი თავად ამ ხალხს გაუჩნდეს - კლასიკური სქემით “მაფიას მხოლოდ მაფია დაამარცხებს”. ოთარ ტატიშვილთან საუბარში გაირკვა, რომ ამჯერად უკვე “პროფესიონალთა მაფიის” შექმნის აუცილებლობაზე ნონკონფორმისტებად ცნობილი მუსიკოსებიც ალაპარაკდნენ.
[ოთარ ტატიშვილის ხმა]: “ამას ის ეშველება, რომ ჩვენ შევქმნათ კლანები, ოღონდ კარგი გაგებით, მე ამაში ვხედავ გამოსავალს... მაგათ ახასიათებთ ჯგუფურობა და, სამაგიეროდ, იგებენ... ვამპირიზმია ეს.”

ვამპირს, მოგეხსენებათ, თავისი მსხვერპლი სჭირდება. საქართველოში ასეთ მსხვერპლს რა გამოლევს. “სამტაქტიანი სიმღერის” მოსასმენად მოსახლეობა სპორტის სასახლესა და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზს ავსებს. პოლიტიკოსები და ვარსკვლავები მათ ერთად უმღერიან. განსაკუთრებით “იავნანას” მსგავსი მელოდიაა მოდაში – “ჩაიძინე, ჩემო ერო... მე გაგაბრუებ და შენ აუცილებლად დაიჯერებ, რომ “ო, რა კაია” ასე ცხოვრება.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG