Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი მმართველი პარტიის ყრილობა მაისში შედგება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო ბობოქარი დღეების მთავარი მონაწილეები – ორად გაყოფილი მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენლები “წესების გარეშე ბრძოლის” მეთოდზე დროებით უარის თქმას აპირებენ და ერთმანეთს პრობლემის ცივილიზებული ფორმით გადაწყვეტას სთავაზობენ.

ქვემო ქართლის გუბერნატორი პარტიის ბედის განსაზღვრას მაისის მეორე ნახევარში დაგეგმილ ყრილობაზე აპირებს, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თანაგუნდელები კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მომხდარი ინციდენტის გამოძიების ინიციატივით გამოდიან.

დღეიდან ლევან მამალაძის მომხრეებად წოდებულნი მოქალაქეთა კავშირში არსებული პრობლემების თემაზე საჯარო დებატებს აღარ გამართავენ. ასეთი განცხადება გააკეთა 15 მაისს გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია “თანადგომის” თვმჯდომარის მოადგილემ გელა კვარაცხელიამ და ირაკლი გოგავამ - ლიდერმა ფრაქციისა “ალიანსი ახალი საქართველოსთვის.” მათ ოპონენტებს, ასე ვთქვათ, “თამაშის ახალი წესები” შესთავაზეს, რაც სასამართლოს მეშვეობით სადავო საკითხების მოგვარებას გულისხმობს.
საპასუხო ინიციატივით გამოდის ზურაბ ჟვანიას გუნდი, რომელიც აუცილებლად მიიჩნევს გენერალური პროკურატურის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან მომხდარი ინციდენტის გამოძიებას, როცა პარლამენტარები არა მხოლოდ არ შეუშვეს შენობაში, არამედ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ჟვანიას გუნდის წარმომადგენელთა განმარტებით, ყველაზე შემაშფოთებელი ამ შემთხვევაში ისაა, რომ ძალადობის ესკალაციის ინიციატორის როლში მაღალი თანამდებობის პირი – ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ლევან მამალაძე გამოდის.
სავარაუდოდ, მაისის ბოლოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარებამდე, ასე თუ ისე, გაირკვევა მოქალაქეთა კავშირის ბედი. მაისის ბოლოს, როგორც ეს დეკემბერში ჩატარებულ ყრილობაზე გადაწყდა, გაიმართება მოქალაქეთა კავშირის ყრილობა, სადაც, იმედია, საბოლოოდ გაირკვევა ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ადგილი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. შარშან, წლის ბოლოს, ბევრი ელოდა, რომ მოქალაქეთა კავშირის ყრილობა გარკვეულ სინათლეს შეიტანდა ამ პარტიაში შექმნილ, რბილად რომ ითქვას, გაურკვეველ სიტუაციაში, როცა, პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, ჯერ საპარლამენტო უმრავლესობა გაიყო რამდენიმე ნაწილად, შემდეგ კი პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ ოპოზიციას მიაკუთვნა საკუთარი თავი. შარშან, პარტიის ყრილობის წინ, ზურაბ ჟვანია ოპტიმისტურად იყო განწყობილი. მაშინ იგი აცხადებდა:
[ზურაბ ჟვანიას ხმა] “მთავარია, რომ ამ ყრილობაზე პარტია განიწმინდოს. არ უნდა დარჩეს ის ხალხი, ვისაც უკავშირდება კორუფცია, არ უნდა დარჩეს ის ხალხი, ვინც ჩრდილს აყენებდა მოქალაქეთა კავშირს. და მე მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს განახლებული, რეფორმებზე ორიენტირებული, შეკრული პოლიტიკური ორგანიზაცია.”
დღეს, საეჭვოა, პარლამენტის ყოფილი თვმჯდომარე და მოქალაქეთა კავშირის ყოფილი ლიდერი ასეთივე ოპტიმიზმით იყოს განმსჭვალული. როგორც ჩანს, ოპოზიციაში გადასვლასთან ერთად, მცირდება იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც აქამდე ჟვანიას გუნდის წევრებად აღიქმებოდნენ. სულ უფრო და უფრო დამაჯერებლად გაისმის ხმები ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” გაყოფის შესახებ. სხვადასხვა ვერსიით, პარლამენტის ამ ყველაზე დიდ ფრაქციას უახლოეს ხანში დაახლოებით 20 კაციანი ჯგუფი გამოეყოფა, რომელიც, პარლამენტარ ვიტალი ხაზარაძის ხელმძღვანელობით, ახალ ფრაქციას შექმნის. ეს ფრაქცია ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დამოკიდებულების პოლიტიკას უჭერს მხარს. მოკლედ, როგორც ჩანს, სახელისუფლებო ბერკეტების დაკარგვის შემდეგ ოპოზიციონერობა ყველას არ ძალუძს.
XS
SM
MD
LG