Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ შალიკაშვილი ამერიკული დახმარებისა და საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობის შესახებ


ამერიკული სამხედრო დახმარების პროგრამის "წვრთნისა და აღჭურვის" მოსამზადებელ სამუშაოებს საქართველოში, ერთი კვირაა, თვალს ადევნებს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწე,

გადამდგარი პოლკოვნიკი ოთარ შალიკაშვილი, რომელმაც 15 მაისს საზოგადოებრივ საქმეთა ქართულ-ამერიკულ ინსტიტუტში პირველი საჯარო შეხვედრა გამართა. ამერიკული სამხედრო დახმარების პროგრამის დეტალებზე საუბრისას პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წვრთნის პირველი, ე.წ. საშტაბო ეტაპი საქართველოში 27 მაისს დაიწყება, რასაც, სავარაუდოდ, ივლისიდან უშუალოდ ბატალიონების მომზადება და აღჭურვა მოჰყვება. თუმცა შალიკაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ, თუ ამ დროისთვის საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, პროგრამის შემდგომი გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

საქართველოს ხელისუფლება მორიგ ამერიკულ სამხედრო დახმარებაზე საუბრისას ტრადიციას არ ღალატობს და აქცენტს იმ 64 მილიონ დოლარზე აკეთებს, რომელიც ამერიკის მთავრობამ, "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში, ოთხი ქართული ბატალიონის მომზადებაზე უნდა დახარჯოს. ამ თვალსაზრისით, ქართული საზოგადოება, ბუნებრივია, ინფორმაციის ნაკლებობას არ განიცდის. არც იმაში ეპარება ვინმეს ეჭვი, რომ, როგორც წინა წლებში, ამერიკის მხარე ამჯერადაც პირნათლად შეასრულებს თავის დანაპირებს.

სხვათა შორის, 15 მაისს გამართულ შეხვედრაზე პოლკოვნიკმა ოთარ შალიკაშვილმა ისიც კი განაცხადა, რომ ამერიკას არა მხოლოდ 1200 ქართველი სამხედროს, არამედ საქართველოს მთელი არმიის გაწვრთნა და აღჭურვაც შეეძლო, მაგრამ ასეთ დონეზე გაწვრთნილი არმიის შენახვას საქართველო ვერ შეძლებდა და ამას ანგარიში გავუწიეთო. შალიკაშვილის თქმით, აქ იგულისხმება იარაღისა და ტექნიკის მკაცრი კონტროლის სისტემის შექმნა, პროგრამაში ჩართულ თითოეულ სამხედრო პირთან ინდივიდუალური კონტრაქტის გაფორმება, რომელშიც, ხელფასის სახით, საარსებო მინიმუმზე ორჯერ მეტი მოცულობის, დაახლოებით, სამასი-ოთხასი ლარის თანხა უნდა იყოს ნაგულისხმევი. ხოლო ვინაიდან ასეთი კონტინგენტის არსებობა პირველ ნაბიჯად უნდა იქცეს საქართველოს არმიის პროფესიონალიზაციის გზაზე, ამიტომ საჭიროა შესაბამისი ცვლილებები მოხდეს როგორც საბიუჯეტო კანონში, ისე შესაბამის საკანონმდებლო აქტებში.

[ოთარ შალიკაშვილის ხმა] "ჩვენ ჩვენს საუბრებში საქართველოს ოფიციალურ პირებთან, პრეზიდენტით დაწყებული ყველაზე დაბალი რანგის მოხელემდე, ვიმეორებთ, რომ მზად ვართ წვრთნის დასაწყებად, მაგრამ არ ვაპირებთ ამაოდ დავხარჯოთ დრო, შესაძლებლობები, გამოცდილება და ჩვენი გადამხდელების ფული. ასევე, არ ღირს იმ ნაწილების წვრთნა, რომლებიც თავიდან სრული შემადგენლობით არიან წარმოდგენილი, მაგრამ 15 წუთის შემდეგ ადგილზე ნახევარსაც ვეღარ მოჰკრავ თვალს".

სხვათა შორის, 15 მაისს ოთარ შალიკაშვილმა პირველად განაცხადა, რომ პროგრამაში მონაწილე ამერიკელ ოფიცრებს მიღებული აქვთ მთავრობის შესაბამისი ინსტრუქცია იმ შემთხვევისთვის, თუკი საქართველოს ხელისუფლება ბატალიონების წვრთნის ფაზისთვის, ანუ ივლისამდე, ვერ უზრუნველყოფს კონტინგენტის საკონტრაქტო პირობებით დაკმაყოფილებას.

[ოთარ შალიკაშვილის ხმა] " მე კიდევ ერთი ნაბიჯით გავუსწრებ მოვლენას და ვიტყვი, რომ ჩვენ ასეთი ინსტრუქცია გვაქვს და ასე ვფიქრობთ ყველა, ვინც ჩართული ვართ ამ პროგრამაში, პრეზიდენტით დაწყებული, რომ თუ ვალდებულებები არ იქნება შესრულებული, ჩვენ შევწყვეტთ ამ პროგრამას".

მიუხედავად ასეთი მკაცრი გაფრთხილებისა, საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ირკვევა, ჯერჯერობით არც ერთი კონკრეტული პირობა ბოლომდე შესრულებული არა აქვს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG