Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-აფხაზური მხარეები პრინციპულ საკითხებზე ვერ თანხმდებიან


გარკვეული შეთანხმებების მიუხედავად, გალის რაიონის ტერიტორიაზე 20 მაისს გამართული ქართულ-აფხაზური შეხვედრა მაინც უშედეგოდ უნდა მივიჩნიოთ.

მხარეებმა პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოება ვერ შეძლეს და ერთმანეთს შორის შესათანხმებელი სამხედრო-პოლიტიკური საკითხები ღიად დატოვეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ
გალის რაიონში ჩასული სახელმწიფო მინისტრი და მისი თანმხლები დელეგაცია უკან ხელცარიელი დაბრუნდა.

შეხვედრა შეხვედრისთვის, - ასე შეიძლება ვუწოდოთ გალის რაიონის ტერიტორიაზე შემდგარ მოლაპარაკებას, რომელზეც აფხაზთა მხარემ, ძველებურად, ცალმხრივი კომპრომისებისკენ სწრაფვა გამოავლინა და საქართველოს დელეგაციას კოდორის ხეობაში რუსეთის სამშვიდობო ძალების დამატებითი საგუშაგოს გახსნისა და, აგრეთვე, ხეობიდან მესაზღვრეების გაყვანის მოთხოვნა წაუყენა. ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე საქართველოს დელეგაციამ პრინციპული უარი განაცხადა, არძინბას წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, არ მიიღეს გალის რაიონის ტერიტორიაზე ქართულ-აფხაზური ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნის წინადადება , რომლითაც, საქართველოს მხარესთან ერთად, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი დიტერ ბოდენიც გამოდის. სხვათა შორის, ბოდენს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს.

შეხვედრას, რომელზე წარმოდგენილ მხარეებსაც საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პრემიერი ანრი ჯერგენია ხელმძღვანელობდნენ, რუსეთის სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, თუმცა კოდორის ხეობაში სამშვიდობოების დამატებითი ბლოკ-პოსტის გახსნისთვის ამჯერად მათზე მეტად აფხაზები აქტიურობდნენ. ამ მოთხოვნამ, რომლის არარეალურობა წინასწარვე ყველასთვის თვალსაჩინო იყო, მოლაპარაკებაზე ნომერ პირველი ადგილი დაიკავა და, მიუხედავად იმისა, რომ ჯორბენაძემ და ჯერგენიამ ერთმანეთს აღუთქვეს, არ მიმართონ ძალისმიერ მეთოდებს, სეპარატისტთა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გივი აგრბამ თავს მაინც უფლება მისცა, აგრესიული განცხადებებით გამოსულიყო. მან საქართველოს მხარე კოდორის ხეობაში დამატებითი სამხედრო ძალების განთავსებაში დაადანაშაულა და ხეობის იმ ნაწილში, რომელსაც აფხაზები აკონტროლებენ, დამატებითი ძალების შეყვანით დაიმუქრა. აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “კავკას-პრესი” იუწყება.

21 მაისს გავრცელდა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე გარკველი პროვოკაციების დაგეგმვას ეხება. ამ ინფორმაციასაც და აგრბას მუქარასაც კი წინ უსწრებდა დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარის, ავთანდილ იოსელიანის, გახმაურებული განცხადება, კოდორის ხეობაში მოსალოდნელ სერიოზულ გართულებებთან დაკავშირებით. რეალურია თუ არა საშიშროება, მაინც არავინ უწყის. ეს არის, რომ ჯორჯ ბუშისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის წინ, რომელზეც, პრეზიდენტ შევარდნაძის ვარაუდით, აფხაზეთის თემაც წამოიწევს წინ, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის პროვოკაციული გააქტიურება ნაკლებად საფიქრებელია. თბილისში მიიჩნევენ, რომ რუსეთისა და შეერთებული შტატების დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ გაეროში მომზადებული დოკუმენტის განხილვას დააჩქარებს. ვნახოთ. 23 მაისს კი თბილისს ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში რუსეთის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ვალერი ლოშჩინინი ეწვევა. წინასწარი ინფორმაციით, ეს ვიზიტი აფხაზეთში მყოფი რუსეთის სამშვიდობო მისიისთვის მანდატის გაგრძელების საკითხთან უნდა იყოს დაკავშირებული. როგორც ცნობილია, ამ საკითხის გადაწყვეტა საქართველოს მხარეს სამშვიდობო ოპერაციის არეალის გალის რაიონის მთელ ტერიტორიაზე გაფართოების შემთხვევაში წარმოუდგენია. გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში გამართულ შეხვედრაზე კი აფხაზთა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი უარყოფითი პოზიცია სამშვიდობო მისიის მოქმედების არეალის გაფართოების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

როგორც ზემოთ ვთქვით, გალის რაიონის ტერიტორიაზე შემდგარი შეხვედრა პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმებლობით და რამდენიმე სხვა საკითხზე შეთანხმებით დასრულდა. აფხაზები თანახმანი არიან ითანამშრომლონ საქართველოს მხარესთან ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებში. ზეპირი შეთანხემით, სოხუმმა თბილისს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურიც უნდა გადაუხადოს. მიღწეულ იქნა შეთანხმება გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლებასთან დაკავშირებითაც. 27 მაისს თბილისში სეპარატისტთა განათლების მინისტრი ჩამოვა და ქართულ ენაზე გადასათარგმნ სასკოლო სახელმძღვანელოებს ჩამოიტანს.
XS
SM
MD
LG