Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბაზრო ეკონომიკა და კულტურის ცენტრები


ორი წლის წინ თბილისელი სტუდენტების ერთმა ჯგუფმა კინოს სახლთან მიტინგი მოაწყო – ახალგაზრდები კინოს სახლის დიდი დარბაზის გაუქმებამ და აქ კაზინოს მშენებლობის დაწყებამ აღაშფოთა.

თუმცა თბილისში კულტურის ცენტრების “რეორგანიზაციის” პროცესი მაინც გრძელდება.

კულტურის ცენტრებისთვის, უფრო სწორად კი, “კულტურული შენობებისთვის” ბრძოლა საქართველოში ისევ დაიწყო. გაზეთი “კვირის პალიტრა” იუწყება, რომ საფრთხე დაემუქრა ბავშვთა ესთეტიკური აღზრდის ცენტრს, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე 1957 წელს ვახტანგ ჭაბუკიანის ძალისხმევით აიგო. ცენტრის თანამშრომელთა მტკიცებით, განათლების სამინისტრომ ეს შენობა ქონების მართვის სამინისტროს გადასცა აქ, ეგრეთ წოდებული, “ჰარმონიული განვითარების ცენტრის” დასაარსებლად. მოგვიანებით პროექტი თითქოს არ განხორციელდა, მაგრამ ბავშვთა ესთეტიკური აღზრდის ცენტრის თანამშრომლები იუწყებიან, რომ შენობას ახლა რომელიღაც ქვეყნის საელჩო უმიზნებს. ცენტრის თანამშრომლებმა უკვე მიმართეს წერილით საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ ამაოდ. ბავშვთა ესთეტიკური აღზრდის ცენტრის დამცველებად მოგვევლინენ ქართული კულტურის მუშაკები. თუმცა ბოლო დროს ხელისუფლება არც მათ აზრს ითვალისწინებს ხოლმე. მითუმეტეს, რომ საბაზრო ეკონომიკამ თანდათან შეცვალა, ეგრეთ წოდებული, “კულტურული ფასეულობები” – ახალი დროის მოთხოვნებს ახლა უკვე თავად კულტურის მუშაკები ემორჩილებიან. არ არის გამორიცხული, რომ ეს მოთხოვნები რობერტ სტურუამაც გაითვალისწინოს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ეჭვი გაუჩნდათ რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებს, რომლებმაც 20 მაისს ინსტიტუტში გამარულ პრესკონფერენციაზე რობერტ სტურუა მოიწვიეს; რუსთაველის თეატრის მთავარ რეჟისორს უნდა აეხსნა, თუ რა ხდება თეატრის მცირე დარბაზში, რატომ დაიდგა აქ მაგიდები და, მართალია თუ არა, რომ ჯერჯერობით ხარაჩოებში ჩასმულ მცირე დარბაზში სტურუა “ღამის თეატრის” (სტუდენტების თქმით, “ვარიეტეს”) გახსნას აპირებს. სტურუამ პრესკონფერენციაზე გამოგზავნა თეატრის დირექტორი გია თევზაძე, რომელმაც ახალგაზრდებს რეჟისორის წერილი გააცნო.
[გია თევზაძის ხმა]: “არავითარი სურვილი არ გამაჩნია, ახსნა-განმარტებებით დავიმძიმო ისედაც დამძიმებული თავი, მართალი გითხრათ, იმედიც არა მაქვს ესოდენ “აღტკინებულ, აბობოქრებულ, კომკავშირულად დარაზმულ თეატრის გულშემატკივრებს” რაიმე შეგასმინოთ”.

აღშფოთებულ სტუდენტებს, შესაძლოა, ღამის თეატრი (იგივე ვარიეტე) “საეჭვო დაწესებულება” ჰგონიათ, მაგრამ ვარიეტეს როლზე სტურუას შემოქმედებაში ხომ დიდი ხნის წინაც ლაპარაკობდნენ. მაშ რატომ გაღიზიანდნენ სტუდენტები, ანდა რატომ იმართლებდა თავს სახელმწიფო ტელევიზიით რუსთაველის თეატრის დირექტორი? შესაძლოა, მხოლოდ იმიტომ, რომ კულტურის მუშაკების უმრავლესობას (მათ შორის, ახალგაზრდებსაც) არაფრით არ უნდათ ახალ რეალობასთან შერიგება.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG