ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 437-ე გამოშვებას. წინასაარჩევნო კვირაში ბუნებრივია, რომ საუბარი არჩევნების თემით დავიწყოთ. გაგაცნობთ, როგორ ემზადება სამოქალაქო საზოგადოება 2 ივნისის არჩევნებისთვის; შემდეგ მოგითხრობთ მიწის პოლიტიკის აქტუალურ პრობლემებზე საქართველოში; თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ რუსეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობების ზოგიერთ ასპექტზე; დღევანდელ გამოშვებაში შემოგთავაზებთ მასალას ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე, რომელსაც გერმანიის ქალაქმა ჰამბურგმა უმასპინძლა 27-დან 31 მაისამდე; გადაცემას დავასრულებთ საინტერესო ამბების კალეიდოსკოპით.
პრაღაში პროგრამას ბიძინა რამიშვილი უძღვება.
მუსიკა
სამოქალაქო საზოგადოება არჩევნებზე დასაკვირვებლად ემზადება
ბიძინა რამიშვილი:
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", რომელსაც შემოკლებით "სამართლიან არჩევნებად" იცნობენ, უკვე რამდენიმე წელია აკვირდება საარჩევნო პროცესებს საქართველოში და ყოველი არჩევნების შემდეგ გამოსცემს მისი მიმდინარეობის ანგარიშს. რამდენად მომზადებული ხვდება საზოგადოება 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, შეძლებს თუ არა იგი სრულფასოვანი მონიტორინგის განხორციელებას და არჩევნებისათვის ჩვეული დარღვევების პროფილაქტიკას, ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა ჩვენი თბილისელი თანამშრომელი დავით პაიჭაძე "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელ დირექტორს დავით ყიფიანს.
დავით პაიჭაძე:
“სამართლიანი არჩევნები” ყოველი არჩევნებისათვის 2000-დან 2500-მდე დამკვირვებელს ამზადებს საქართველოს სხვადასხვა მხარეში მისავლენად. სადღეისოდ საზოგადოებას, დაახლოებით, 60 საოლქო საარჩევნო კომისიაში უკვე მივლინებული ჰყავს თავისი წარმომადგენელი. “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის დავით ყიფიანის თქმით, არჩევნების წინ დამკვირვებლებს საგანგებო სწავლების კურსს უტარებენ [ყიფიანის ხმა]: “ეს დამკვირვებლები გადიან გარკვეულ მომზადებას. მათ ასწავლიან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, ამ შემთხვევაში – არსებულ საარჩევნო კოდექსს. ვასწავლით იმ უნარ-ჩვევებსაც, არჩევნების დღეს რომ დასჭირდებათ, - ვეუბნებით, რა მოიმოქმედონ, სიტუაციის მიხედვით”.
“სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლები ყოველთვის თანამშრომლობენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ პოლიტიკური პარტიების დამკვირვებლებთან. ხშირად, დარღვევათა მხილებისა თუ თავიდან არიდებისას, ისინი ერთმანეთის მოკავშირეები არიან. სასამართლოში წარსადგენ საპროტესტო სარჩელს ორი მოწმის ხელმოწერა სჭირდება. ასეთი მოწმეები კი შეიძლება სწორედ პოლიტიკურ პარტიათაგან მივლენილი დამკვირვებლები იყვნენ. თუმცა პარტიათა დამკვირვებლები პრობლემებსაც ქმნიან – ეს მაშინ, როცა, არჩევნების დასრულებისას, ერთმანეთს ურიგდებიან ბიულეტენების ჩაყრასა თუ სხვა სახის გაყალბებაზე. ასეთ დროს მთავარი სირთულე “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის “მოტეხვაა” ანუ უკანონობის მისგან ფარულად ჩადენა. და მაინც, არჩევნების ნორმალური მსვლელობის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, თავისი როლი აკისრია დამკვირვებელთა კოორდინირებულ მუშაობასაც. დავით ყიფიანი ამბობს, რომ გამოცდილი დამკვირვებლის ყოფნა საარჩევნო უბანზე უკვე თავისთავად წარმოადგენს დაბრკოლებას კანონის დარღვევის მოსურნეთათვის.
დავით ყიფიანი ლაპარაკობს არჩევნებისთვის ტრადიციულად რთულ რეგიონებზე. მისი აზრით, მძიმე არჩევნებია მოსალოდნელი თბილისში, ზუგდიდში, სადაც უკვე ესროლეს მერობის კანდიდატს, ქუთაისში, სადაც საკრებულოს წევრობის 195 მაჟორიტარი კანდიდატიდან მოსახლეობამ 15 უნდა აირჩიოს, ხოლო მერობის 12 კანდიდატიდან – 1. ეს ხმის მიცემის პროცედურას ძალიან გაახანგრძლივებს: თითო ხმას შეიძლება 10 წუთი დასჭირდეს. დარღვევებით ტრადიციულად მდიდარია საქართველოს ეთნიკური სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებული რეგიონები. ყველაზე კორექტულად, დავით ყიფიანის დაკვირვებით, არჩევნები მაინც იმერეთში ტარდება ხოლმე.
სერიოზული პრობლემაა საარჩევნო სიების დაგვიანება: ისინი არჩევნებამდე 30 დღით ადრე უნდა გამოქვეყნდეს, ბევრ უბანში კი ეს დღესაც არ არის გაკეთებული. სიების დაგვიანება და მათი ნაჩქარევად გამზადება ქმნის ნიადაგს მრავალგვარი დარღვევისათვის. მაგალითად, ახალქალაქის რაიონში “სამართლიანი არჩევნების” ერთ-ერთი წევრი ეხმარებოდა იქაურ საარჩევნო კომისიას სიების ბეჭდვაში და აღმოაჩინა, რომ ერთი და იგივე ადამიანები, ერთი და იმავე საპასპორტო მონაცემებით, მრავალჯერ ხვდებოდნენ სიაში. აქვეა ჩადებული სიებში მკვდარი სულების შეტანის საფრთხეც და ა.შ. აუცილებლად გაჩნდება სირთულე პირადობის დამადასტურებელი საბუთების მიზეზით: პირადობის მოწმობისა და სააღრიცხვო ბარათის იდენტობის შემოწმების მექანიზმი ძალიან ტლანქია, ასევე, დიდ დროს მოითხოვს და, ბუნებრივია, იქნება ბევრი დარღვევა თუნდაც იმის გამო, რომ ასეთი შემოწმება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი გახდება. დავით ყიფიანის შეფასებით [ყიფიანის ხმა]: “აშკარაა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს, არსებითად, ვერ აკონტროლებს სიტუაციას. მას, უბრალოდ, დრო არ ჰყოფნის საიმისოდ, რომ რაღაც გააზრებული ნაბიჯები გადადგას. ხშირია შემთხვევა, როცა ბევრი რამ გამორჩებათ ან დაავიწყდებათ ხოლმე”.
დავით ყიფიანი ფიქრობს, რომ ეს ვითარება პირდაპირ აისახება არჩევნებზე, თუმცა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” არ გაუშვებს არც ერთ შემთხვევას, რომ სათანადოდ მოტივირებული და მტკიცებულებებით გამაგრებული სარჩელი არ წარადგინოს სასამართლოში უსამართლობის აღმოსაფხვრელად.
დავით პაიჭაძე რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი
მუსიკა
ქართულ-გერმანული სემინარი და მიწის პოლიტიკის აქტუალური პრობლემები საქართველოში
ბიძინა რამიშვილი:
საქართველოში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და ურბანული მიწების პრივატიზების პროცესი სათავეს 1992 წლიდან იღებს და დღეისთვის, ყიდვა-გაყიდვის უფლებით, მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე უკვე გახდა მიწის მესაკუთრე. მიუხედავად ამისა, პრივატიზებისთვის განკუთვნილი მიწის დიდი ნაწილი კვლავაც სახელმწიფო საკუთრებაში რჩება. გარდა ამისა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაქუცმაცებისა და გადასახადების აკრეფის სისტემის მოუწესრიგებლობის გამო, კვლავაც ვერ ხერხდება რენტაბელური ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბება. მიწის პოლიტიკის ამ და სხვა აქტუალურ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზების ძიებას მიეძღვნა 29 მაისს თბილისში გამართული საერთაშორისო სემინარი, რომელიც საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და გერმანიის აღორძინების საკრედიტო დაწესებულების (KFW) თანადაფინასებით გახლდათ ორგანიზებული. მოუსმინეთ კობა ლიკლიკაძეს.
კობა ლიკლიკაძე:
საქართველოში მიწის მოქმედი ბაზრის ჩამოყალიბება სოციალისტური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონიკაზე გადასვლის პროცესის შემადგენელი ნაწილია და, ექსპერტების თქმით, მის წარმატებულ განხორციელებაზე დიდად არის დამოკიდებული ბევრი ინდიკატორული მაჩვენებლის გაუმჯობესება ქვეყანაში - მათ შორის, მყარი საცხოვრებელი პირობების შექმნა, სასურსათო დეფიციტის აღმოფხვრა და სიღარიბის დაძლევა.
მიუხედავად იმისა, რომ მიწის მართვა საქართველოსთვის ახალი თემაა, 1992 წლიდან, მთავრობის დადგენილებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების მნიშვნელოვანი ნაწილის - დაახლოებით, 60%-ის -პრივატიზება მოხერხდა, ხოლო 1996 წელს განკერძოებულ მიწებზე ყიდვა-გაყიდვის უფლება დაკანონდა.
მიწის პოლიტიკის საკითხების შესამუშავებლად და პროცესის დასაჩქარებლად, 1997 წელს საქრთველოს ადმინისტრაციულ სისტემაში ახალი სტრუქტურა - მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი - ჩამოყალიბდა, თუმცა მიწის განკერძოების პროცესში თავი რამდენიმე არსებითმა ნაკლოვანებამაც იჩინა. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზურაბ გეგეჭკორის თქმით, მიწის განაწილების შედეგები არაზუსტადაა რეგისტრირებული, რის გამოც სახელმწიფოს მიერ მიწის ნაკვეთების წესისამებრ დაბეგვრა და მართვა ვერ ხერხდება. შესაბამისად, არ არსებობს მიწასა და უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები. არადა, თავისუფალი მიწის ბაზრის არსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, როცა მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა გადაიჭრება.
[ზურაბ გეგეჭკორის ხმა] "ადამიანის ფსიქიკაშია, უბრალოდ, წინააღმდეგობები. თავის ქონებას, მოდის და, არ არეგისტრირებს და ამის გამო მიწის ბაზარი ფერხდება. ბანკი არ იღებს მიწას, თუ ის რუსთაველის პროსპექტზე არ არის და სახარბიელო არ არის. კრედიტს არ იძლევა მის ქვეშ, რომ არ განვითარდეს. მით უფრო, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. ეს არის რისკის ფაქტორის მქონე დარგი."[სტილი დაცულია]
აღსანიშნავია, რომ მიწის კადასტრისა და საჯარო რეესტრის შემოღებაში საქართველოს, მესამე წელია, ფინანსურ დახმარებას უწევს გერმანიის აღორძინების საკრედიტო დაწესებულება, რომელმაც ინტენსიურად გამოყენებადი სამეურნეო ფართობებისა და დასახლებული ადგილების აღსაწერად 30 მილიონი მარკა გამოყო.
ამავე პრობლემის მოგვარებაში საქართველოს აქტიურად ეხმარებიან სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიც -- ამერიკის საერთაშორისო და გაეროს განვითარების სააგენტოები.
მათ მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად, საქართველოში 64 საკრებულოსა და ქალაქების - თელავის, ქუთაისისა და ფოთის - აზომვა მოხერხდა. საერთო ჯამში კი, დღემდე აზომილი და საკადასტრო ატლასებზეა დატანილი 114, 400 ნაკვეთი, დადგენილია 167.000 მესაკუთრე. ხოლო პროექტის ინიციატივით დაფუძნებულმა 40-მდე ფირმამ უკვე 400 სამუშაო ადგილი შექმნა.
საერთაშორისო ექსპერტის, გერმანიის ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლის, დოქტორ ჰანს-ვილჰელმ შტრუბენჰოფის თქმით, პერსპექტივაში არსებობს პროექტის კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობა: [ჰანს-ვილჰელმ შტრუბენჰოფის ხმა] "პროექტის გაფართოების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს მიწის შეფასების გაუმჯობესება და ხელახალი შეფასება იქ, სადაც საბჭოთა პერიოდის შემდეგ ასეთი რამ არ მომხდარა. ხოლო ადრინდელი მონაცემები მოძველებულია. შეფასება კი მნიშვნელოვანი იმ მხრივაცაა, რომ იგი დაიცავს ფერმერებს ზედმეტი გადასახადებისაგან. გარდა ამისა, ჩვენ შევძლებთ ზუსტად განვსაზღვროთ ნიადაგის არსებული მდგომარეობა, რათა ფერმერმა ინვესტირებამდე იცოდეს, თუ რა სახის სასუქები და მინერალები ესაჭიროება მიწას."
თუმცა, როგორც ირკვევა, მიწის რენტაბელური ბაზრის ჩამოყალიბებას საქართველოში, ობიექტურის გარდა, სუბიექტური ხასიათის მიზეზებიც აფერხებს. მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის დირექტორის ჯაბა ებანოიძის განცხადებით, მიწების განაწილების პროცესში უხეშად ერევიან პრეზიდენტის რწმუნებულები და რაიონის გამგებლები და დადგა დრო, რომ ფუნქციები გადანაწილდეს და ზედმეტად ადმინისტრირებული მიწის სარეგისტრაციო სისტემა მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდეს.
[ჯაბა ებანოიძის ხმა] "შეფასება მიწის ნაკვეთებისა, ეს არ არის დეპარტამენტის საქმიანობა. კონტროლი უნდა განახორციელოს გარემოს დაცვის სამინისტრომ. შეფასება უნდა განახორციელონ კერძო შემფასებელმა კომპანიებმა. ეს არ უნდა იყოს სახელმწიფო უწყების საქმიანობა, რადგან სტანდარტები არ არსებობს ჩვენთან. ასევე, მიწის მართვაც - უწყება, რომელიც გასცემს მიწას, მანვე არეგისტრიროს უფლება, ეს არის ინტერესთა კონფლიქტი."
ერთი სიტყვით, იმისათვის, რომ საქართველოში მიწის ბაზარი და თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ფერმერული სისტემები ჩამოყალიბდეს, გადამწყვეტია არა მხოლოდ მიწის მესაკურეთა ფენის არსებობა, არამედ მიწის მართვის სწორი პოლიტიკის შემუშავება, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერ მოიცალა.
კობა ლიკლიკაძე რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.
მუსიკა
ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ჰამბურგში
ბიძინა რამიშვილი:
27-დან 31 მაისამდე ჰამბურგში გაიმართა ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი. ნაჩვენები იქნა კინოკლასიკა და უკანასკნელ პერიოდში გადაღებული რამდენიმე ფილმი: გიორგი შენგელაიას ”ალავერდობა”, ქართლოს ხოტივარის ”სერენადა”, სერგო ფარაჯანოვის ”ვარიაციები ფიროსმანზე”, ირაკლი კვირიკაძის ”ქვევრი”, ნანა ჯორჯაძის ”მოგზაურობა სოპოტში”, დიტო ცინცაძის ”სტუმრები”, გოგიტა ჭყონიას ”ირისის იბერიკა”, ნარგიზა გარდაფხაძის ”იავნანა”. ამ ფილმების გარდა მოეწყო პარიზში მცხოვრები ცნობილი ქართველი რეჟისორის, მიხეილ სააკაშვილის ფილმების რეტროსპექტივა. ჰამბურგშივე გაიმართა მსოფლიო პრემიერა მისი უკანასკნელი ფილმისა ”გზაზე”.
ფესტივალი მოეწყო გერმანიაში მოქმედი საზოგადოება ”ლილეს” ინიციატივით. მის ხელმძღვანელს, მარიკა ლაფაურს ჩვენი რადიომსმენელი ადრეც შეხვედრია ეთერში. დღესაც მას ვთხოვეთ მოეთხრო ჰამბურგში გამართული ღონისძიების შესახებ.
[მარიკა ლაფაურის ხმა] იხ. აუდიოვერსია
ფესტივალის შესახებ აზრი ვთხოვეთ მის ერთ-ერთ მონაწილეს, კინორეჟისორ ნანა ჯორჯაძეს.
[ნანა ჯორჯაძის ხმა] იხ. აუდიოვერსია
ეს გახლდათ კინორეჟისორი ნანა ჯორჯაძე. მას ირაკლი კვირიკაძეც ეთანხმება.
[ირაკლი კვირიკაძის ხმა] იხ. აუდიოვერსია
ფესტივალის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა ცნობილი გერმანელი კინომცოდნე, დოქტორი ჰანს იოახიმ შლეგელი. ეს ის ადამიანია, რომელსაც ძალზე დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ფილმის დასავლეთში გატანაში.
[ჰანს იოახიმ შლეგელის ხმა] ”ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აქ სწორედ მოკლემეტრაჟიან ფილმებს ვუყურებთ. ვინაიდან ეს ის ფილმებია, რომლებმაც ქართული ფილმის მიმართ სიყვარული გამიჩინა. და, ფაქტობრივად, ეს ის სიყვარულია, რომელმაც მაჩვენა, რას იტევს ეს კულტურა. ჩემის აზრით, ამ კინოჩვენებას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, ვინაიდან დღესდღეობით თითქმის ვეღარ ვხედავთ ქართულ ფილმებს. ეს პარადოქსივით ჟღერს. საბჭოთა პერიოდში საქართველო კინოს მექა იყო. თბილისში იქმნებოდა ფილმები, რომელთაც სრულიად განსხვავებული ესთეტიკური ინდივიდუალობა ჰქონდა და განსაცვიფრებელი სიმამაცით გამოირჩეოდა. ახლა კი, თავისუფლების პირობებში, ეკონომიკური ცენზურა, როგორც ჩანს, იმდენად რადიკალურია, რომ მხოლდ უცხოეთშიღა შეიძლება ფილმების გადაღება. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ვიხილავთ ქართულ ფილმებს. დღეს მით უფრო მნიშვნელოვანია ისტორიის გახსენება. იმის გახსენება, რაც უნდა ვიცოდეთ, როცა ერთიან ევროპულ ”კინო-სახლზე” ვფიქრობთ. ვშიშობ, რომ ეს სახლი უნიფიცირებულ ”ბარაკად” შეიძლება იქცეს, თუ სპეციფიკურ შემოქმედებით პოტენციებს არ გავუწევთ ანგარიშს. და მე ვფიქრობ, რომ ქართულ კინოს ცენტრალური ადგილი უკავია ამაში. ამიტომ მიხარია, რომ ჰამბურგს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული კინოკულტურის გაცნობაში.”
ეს გახლდათ გერმანელი კინომცოდნე ჰანს იოახიმ შლეგელი – ქართული კინოს დიდი ქომაგი და დამფასებელი.
ჰამბურგის კინოფესტივალი იმითიც იყო ნიშანდობლივი, რომ მან ქართველ კინორეჟისორებს შეხვედრის, აზრთა ურთიერთგაზიარების საშუალება მისცა. მით უმეტეს, რომ არაერთი მათგანი მოღვაწეობს საქართველოს გარეთ.
დიტო ცინცაძე, რომლის ”სტუმრებიც” აჩვენეს ფესტივალზე, უახლოეს გეგმებზე გვესაუბრა.
[დიტო ცინცაძის ხმა] იხ. აუდიოვერსია
შეგახსენებთ, რომ საზოგადოება ”ლილეს” ინიციატივით ოქტომბერში ჰამბურგში მოეწყობა ოთარ იოსელიანის ფილმების რეტორსპექტივა. მანამდე კი ამ საზოგადოების გარშემო შემოკრებილი ადამიანები ალბათ სხვა არაერთ სასაგებლო საქმეს გაართმევენ თავს. წარმატება ვუსურვოთ მათ.
მუსიკა
საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი
ბიძინა რამიშვილი: ახლა გთავაზობთ ჩვენს ტრადიციულ რუბრიკას “საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი”. იგი დღეს მარიამ ჭიაურელმა მოამზადა.
მარიამ ჭიაურელი:
სტრესი გულს ნაკლებად აზიანებს, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. მეტიც – პერიოდულ გამოცემა ”ბრიტიშ მედიკალ ჯორნალში” დაბეჭდილი სტატიის ავტორები ირწმუნებიან, რომ სტრესში მცხოვრებ მამაკაცებს, ჩვეულებრივ, უფრო ჯანმრთელი გული აქვთ, ვიდრე იმათ, ვისაც სტრესი ნაკლებად ან საერთოდ არ აწუხებს. მეცნიერებს ასეთი დასკვნა გამოაქვთ შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში საშუალო ასაკის მამაკაცებზე დაახლოებით 20 წლიანი დაკვირვების საფუძველზე. მათ აღმოაჩინეს, რომ სტრესში მცხოვრები მამაკაცები უფრო ხშირად უჩივიან ჯანმრთელობას, მეტს ეწევიან და სვამენ, და ჩვეულებრივ, ნაკლებს მოძრაობენ, ვიდრე ნაკლებად გადატვირთული მამაკაცები – და მაინც, ნაკლებად გადატვირთულებს შორის უფრო ხშირია გულის დაავადებები, უფრო მაღალია ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა. აშკარა შეუსაბამობას, როგორც ირკვევა, ეკონომიკური საფუძველი აქვს: სტრესის ტყვედ ქცეული მამაკაცები, ჩვეულებრივ, მაღალი თანამდებობის პირები არიან და, შესაბამისად, უფრო ჯანმრთელ სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან.
მუსიკა
”ბრიტიშ მედიკალ ჯორნალში” გამოქვეყნებული სტატიით თუ ვიმსჯელებთ, სტივენ სპილბერგს ძალიან ჯანმრთელი გული უნდა ჰქონდეს – მრავალრიცხოვანი კინოფილმების, მათ შორის ნამდვილი ჰიტების, ”უცხოპლანეტელისა” და ”თეთრი ზვიგენის”, ”ინდიანა ჯონსისა” და ”ჯურასიკ პარკის” რეჟისორს სტრესი უთუოდ არ აკლია. მას რომ სტრესის არც ეშინია, ამ დღეებში დადასტურდა ცნობით, რომლის თანახმად 55 წლის სახელგანთქმული რეჟისორი და პროდიუსერი უნივერსიტეტის დიპლომს აიღებს – საქმე ის არის, რომ სპილბერგმა 1968 წელს სწავლა შეწყვიტა და დიპლომის გარეშე მიაშურა ჰოლივუდს, ცნობილია რა შედეგითაც. მაგრამ გავიდა 30 წელზე მეტი და მსოფლიო კინოს აღიარებულმა ვარსკვლავმა კიდევ ერთი ოცნების ასრულება გადაწყვიტა – მან მთელი გასული წელი იარა კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რათა ერთხელ დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. სპილბერგი სპილბერგი არ იქნებოდა, რომ არ მიეყვანა კიდეც.
მუსიკა
რა არის ბედნიერება? – ამ შეკითხვაზე, ეჭვს არ იწვევს, ურიცხვი პასუხი არსებობს და გერმანიის ევანგელისტურმა ეკლესიამ მათგან ზოგიერთის მიკვლევა გადაწყვიტა. ე.წ. ”იმიჯის კამპანიის” ჩარჩოებში ბედნიერების განმარტება სთხოვეს 16 ცნობილ პიროვნებას და, როგორც მოსალოდნელი იყო, მიიღეს კიდეც სხვადასხვა პასუხი. ცნობილი სპორტსმენის, ანი ფრიზინგერის ვერსიით ”ბედნიერება არის კმაყოფილება და ჰარმონია, საყვარელი ადამიანების წრეში ყოფნა”. ექსტრავაგანტულობით სახელგანთქმული მოდელიერი რუდოლფ მოზჰამერი კი მის არსს რწმენაში ხედავს. ყველაზე სკეპტიკური აღმოჩნდა გაზეთ ”ტაგესშპიგელის” მთავარი რედაქტორი ჯოვანი დი ლორენცო, რომელიც შიშობს, რომ ბედნიერება ”უმრავლეს შემთხვევაში არის მდგომარეობა, რომლის აღწერას და ამოცნობას მისი დაკარგვის შემდეგ თუ შეძლებ”.
მუსიკა
ბიძინა რამიშვილი:
გადაცემას დავასრულებთ სიმღერით Felicita – “ბედნიერება” – ალ ბანოსა და რომინა პაუერის შესრულებით. ქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ შეხვედრამდე ეთერში.