Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება ჯარისკაცთა უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს


"კარუსელებისა" და იარაღის ტრიალით ტოტალურად გაყალბებულმა თვითმმართველობის

არჩევნებმა საქართველოში ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა თუ გადაუჭრელი პრობლემა გვერდზე გადასწია. ყველაფერთან ერთად, საერთო გაწამაწიაში ყურადღების მიღმა დარჩა სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშიც, რომელიც მთელი სიცხადით ადასტურებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები კვლავაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა და, რომ ამ მხრივ ვითარება ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა. საყოველთაო განუკითხაობაში თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება სამართალდარღვევები სამხედრო ნაწილებში, საიდანაც პროტესტის ნიშნად ჯარისკაცები უკვე იარაღიანად გარბიან.

ბოლო ორი წელია, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ამბოხი და ჯარისკაცთა ვნებათაღელვა დაებედა. თუ შარშან 25 მაისს საშიში სიურპრიზის ავტორები ეროვნული გვარდიის მებრძოლები იყვნენ, მიმდინარე წლის 23 მაისს ყურადღების ცენტრში სოფელ ფიჩხოვანში განლაგებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის ნაწილი მოექცა. გამთენიისას ქვედანაყოფის 60-მდე სამხედრო მოსამსახურემ თვითნებურად მიატოვა დისლოკაციის ადგილი და ორ ბანაკად დაყოფილებმა კახეთის ტყეს შეაფარეს თავი.

თუმცა სიტყვა "თვითნებური" აშკარად არ გამოხატავს იმ მოტივაციას, რის გამოც ჯარისკაცებმა საბრძოლო პოსტი მიატოვეს. სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის დარგში საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულის ნოდარ ეფრემიძის განცხადებით, ჯარისკაცები ასეთ ნაბიჯამდე სამხედრო ნაწილში შექმნილმა განუკითხაობამ მიიყვანა. კერძოდ, ფიჩხოვანში განლაგებული შინაგანი ჯარის მებრძოლები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს დავალებით პანკისის ხეობაში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფდნენ, დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდნენ ძალადობას და შეურაცხყოფას მეთაურების მხრიდან. ჯარისკაცთა განცხადებით, ბატალიონის მეთაური ბადურაშვილი და ასმეთაური მამულაშვილი ითვისებდნენ პირადი შემადგენლობის გასამრჯელოს, სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყოფდნენ ხელქვეითებს, ბოლოს კი ისე გაუვიდათ თავს, რომ ერთ-ერთ ჯარისკაცს ცემით ხელიც კი მოსტეხეს, რაც გახდა კიდევაც ინცინდენტის მიზეზი.

აღსანიშნავია, რომ თავად შინაგანი ჯარის ხელმძღვანელობა თავდაპირველად კატეგორიულად უარყოფდა ცემის ფაქტს და ცდილობდა ისე წარმოედგინა საქმე, თითქოს ჯარისკაცმა სხეულის დაზიანება სპორტული ასპარეზობის დროს მიიღო. მაგრამ მას შემდეგ, რაც საქმეში სახალხო დამცველის აპარატი ჩაერია, შინაგანი ჯარის სარდალი გენერალი გიორგი შერვაშიძე იძულებული გახდა გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან ბატალიონის ხელმძღვანელობა, ხოლო ძალადობის ფაქტების გამოსაძიებლად საქმე სამხედრო პროკურატურისთვის გადაეცა.

ერთი სიტყვით, კვლავაც ნაცნობი სურათი განმეორდა: შერვაშიძემ ხელი დაიბანა, ჯოხი კვლავ მეისრეებზე გადატყდა და ამით ინცინდენტიც ამოიწურა. საგულისხმოა, რომ მეორე დღეს კახეთის რეგიონში მყოფ საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, რომელმაც წინანდალში ევროპის რეგიონთა წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს ზარ-ზეიმით უმასპინძლა, აზრადაც არ მოსვლია მოენახულებინა და სიტყვით მაინც გაემხნევებინა პანკისის ხეობის ბლოკ-საგუშაგოებზე მყოფი ქართველი ჯარისკაცები.

თუმცა ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქართველოს ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი სამხედროებისთვის, უბრალო დაპირებებს კი ხელფასების მომატებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ, დიდ ხანია ყავლი გაუვიდა.

"არაკალორიული, უხარისხო საკვები, სიცივე ყაზარმებში, ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, სამედიცინო მომსახურების ნაკლოვანებები, მედიკამენტებისა და შესახვევი მასალის უქონლობა, დაბოლოს, ოფიცერთა და ჯარისკაცთა შორის არასაწესდებო ურთიერთდამოკიდებულება - არმიის პრობლემებისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომის პირდაპირი შედეგია,"- აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის 2002 წლის ანგარიშში.

მსგავს შეფასებას იზიარებს სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვით დაკავებული თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და, თქვენ წარმოიდგინეთ, თავად სამხედრო ხელმძღვანელობაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ძალოვანი უწყებები ყველაფერს ობიექტური მიზეზით - სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი დაფინანსებით - ხსნიან და უკანა პლანზე აყენებენ სუბიექტურ ფაქტორებს, რის გამოც სამხედრო ძალებში დაუსჯელობის სინდრომი გაბატონდა.

ქვეთავი, სახელწოდებით "მდგომარეობა სამხედრო ძალებში", რასაც ომბუდსმენის ანგარიშში მხოლოდ ექვსი გვერდი უჭირავს, მთელი სიცხადით ადასტურებს, რომ სამხედრო ძალებში დანაშაული არათუ არ კლებულობს, არამედ ბევრი მიმართულებით ზრდის ტენდენციითაც ხასიათდება. სამხედრო პროკურატურის მონაცემებით, 2000 წელთან შედარებით, 2001-ში სამხედრო ნაწილის თვითნებურად მიმტოვებელთა და დეზერტირთა რიცხვი გაიზარდა და სხვაობამ 800 შემთხვევა შეადგინა. კვლავ საგანგაშოა მკვლელობების, თვითმკვლელობებისა და უბედურ შემთხვევათა შედეგად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა სტატისტიკა.

2001 წელს სამხედრო პროკურატურის ორგანოებში თვითმკვლელობებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე აღიძრა 5, ხოლო მკვლელობის მცდელობის ფაქტზე - 12 სისხლის სამართლის საქმე. სულ კი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში - მშვიდობიანობის პერიოდში - დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 148 კაცს შეადგენს.

სამწუხაროდ, ჯარიკაცთა ყოფით დაინტერესება მხოლოდ მათი უფლებების დარღვევისა და მშვიდობიანობის დროს სამხედრო მოსამსახურეთა დაღუპვის სტატისტიკური აღრიცხვით ამოიწურება. თუ არ ჩავთვლით თითო-ოროლა არასამთავრობო ორგანიზაციას, საზოგადოებას სრულიად არ აინტერსებს, თუ რა ხდება მავთულხლართებით შემოვლებული ღობის იქით, რომელზეც კვლავ შეხვდებით წარწერას: სდექ, ისვრიან!

თუმცა ეს არ არის ერთადერთი მახინჯი გადმონაშთი - ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბჭოთა კავშირის დროს არმიაში თურმე სიკვდილიანობის დასაშვები კოეფიციენტიც კი ყოფილა და ზოგიერთი სამხედრო ხელმძღვანელი არც დღეს თაკილობს ასეთი ქსენოფობიური აზრის ხმამაღლა განმეორებას. საქართველოს ომბუდსმენის 2001 წლის რეკომენდაცია, შექმნილიყო საპარლამენტო კომისია, რომელიც შეისწავლიდა საქართველოს სამხედრო ძალებში მკვლელობებისა და თვითმკვლელობების გამომწვევ მიზეზებს შემდგომში მათი აღმოფხვრის მიზნით, ქართველმა კანონმდებლებმა უპასუხოდ დატოვეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG