Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ხაჩიშვილის, გელაშვილისა და პაპუკაშვილის შეწყალების შესახებ ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა


შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის თემურ ხაჩიშვილის, “მხედრიონის” ერთ-ერთი ლიდერის გიგა გელაშვილისა და იგორ გიორგაძის დაცვის ყოფილი უფროსის გურამ პაპუკაშვილის შეწყალებას

მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა. უმძიმესი ბრალდებებით გასამართლებული ამ ადამიანების ციხიდან გამოშვება შევარდნაძის ოპონენტებმა სულაც არ აღიქვეს ხელისუფლების ჰუმანურ ნაბიჯად. მათი აზრით, შეწყალების ამ აქტით პრეზიდენტმა ტერორისტებად შერაცხულ ადამიანებთან ხელშეკრულება გააფორმა. “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტის” ლიდერები ელიან, რომ ხელისუფლება ახლახან შეწყალებულების ამა თუ იმ გზით გამოიყენებს, პრეზიდენტი კი ირწმუნება, რომ მსგავსი არაფერი ჩაუფიქრებია. რატომ ვერ გაუგეს შევარდნაძეს და არის თუ არა მოსალოდნელი მის მიერ შეწყალებულთა გამოყენება პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით?

თემურ ხაჩიშვილი, გიგა გელაშვილი და თემურ პაპუკაშვილი 1995 წლის სექტემბერში ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერ.აქტის ორგანიზების ბრალდებით დააპატიმრეს. გელაშვილს და ხაჩიშვილს ბრალად დაედოთ ამ და სხვა ტერ.აქტების - მათ შორის, გიორგი ჭანტურიას მკვლელობის - ორგანიზებაც. იგორ გიორგაძის დაცვის ყოფილ უფროსს გურამ პაპუკაშვილს სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, გელაშვილს – ცამეტწლიანი, ხოლო ხაჩიშვილს - თხუთმეტწლიანი პატიმრობა. აღნიშნულის მიუხედავად, ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე შენიშნავს, რომ სასამართლომ ტერ.აქტების ორგანიზებაში გელაშვილის და ხაჩიშვილის ბრალეულობის დამტკიცება ვერ შეძლო. ნანა კაკაბაძე ამ ადამიანების შეწყალებაში არაკანონზომიერს ვერაფერს ხედავს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ის ეროვნული შერიგების პროცესის ნაწილად განიხილავს და უკვირს სხვადასხვა პოლიტიკოსების - განსაკუთრებით კი,” ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარის - რეაქცია, რომელიც შეწყალების ამ აქტს მოჰყვა. მაგრამ, თუ რატომ ვერ გაუგეს შევარდნაძეს ედპ-ის ლიდერმა და გიორგი ჭანტურიას სხვა თანამებრძოლებმა, გაუგებარი არ უნდა იყოს. აი, რა წერია ღია წერილში, რომლითაც გიორგი კობახიძემ, გურამ ჩახვაძემ, გიორგი გოგნიაშვილმა და სხვებმა ედუარდ შევარდნაძეს მიმართეს: “სრულიად ვიზიარებთ შეფასებას, რომ მოძალადეებმა გიორგი ჭანტურიას მკვლელობით საქართველოს მომავალს ესროლეს, მაგრამ ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც გაუგებარია აღნიშნული უპირობო შეწყალების საფუძველი. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ან ხსენებულ დანაშაულში შეწყალებულ პირთა მონაწილეობა დგება ეჭვქვეშ, ან მათი დანაშაული თქვენში ეჭვს არ იწვევს და, მიუხედავად ამისა, მაინც დგამთ ამ “ჰუმანურ ნაბიჯს”.

ასეა თუ ისე, ედუარდ შევარდნაძეს საკუთარი გადაწყვეტილების მართებულობაში ეჭვი არ შეაქვს და განმარტავს, რომ ტერორიზმისა და სამშობლოს ღალატის გამო გასამართლებულების შეწყალება ეროვნული თანხმობის მიღწევის აუცილებლობამ უკარნახა. პრეზიდენტი სწორედ ეროვნული თანხმობის მიღწევაში ხედავს სტაბილურობის გარანტიას, ხაჩიშვილს ან გელაშვილს საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანებად აღარ მიიჩნევს და, სხვათა შორის, არც დესტაბილიზაციის განსაკუთრებულ საფრთხეს გრძნობს, მით უფრო, შემოდგომისთვის.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "რაც შეეხება შემოდგომისთვის სიტუაციის გამწვავებას, მე ვფიქრობ, რომ შემოდგომისთვის უფრო არ იქნება ამის საფუძველი, ვიდრე ახლაა, იმიტომ რომ სოციალური პრობლემების მოგვარების პროცესი ნელ-ნელა წინ მიიწევს და, ამ მხრივ, არ იქნება საფუძველი რაიმე გამწვავებისთვის.”

ასე არ ფიქრობენ “ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის” ლიდერები. ისინი საქართველოში “მხედრიონიზაციის” მორიგ პროცესზე საუბრობენ და გამოთქვამენ ეჭვს, რომ შევარდნაძე შეწყალებულ პიროვნებებს დესტაბილიზაციისა და პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოიყენებს.

ცნობისათვის: თუ პრეზიდენტი ლევან მამალაძეს რწმუნებულის პოსტიდან არ გაათავისუფლებს, “ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტი” მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს ითავებს.
XS
SM
MD
LG