Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკოსებს პრეზიდენტის გულმოწყალება აეჭვებთ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პრეზიდენტ შევარდნაძის მხრიდან გასული კვირის მიწურულს ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება 29 აგვისტოს ტერაქტში ბრალდებული პირების შეწყალების შესახებ რიგი პოლიტიკური

ორგანიზაციების მთავარი საბჭოების საგანგებო შეკრების მიზეზად იქცა. პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა ეჭვქვეშ აყენებს პრეზიდენტის გულმოწყალებას და მიაჩნია, რომ მას განზრახული აქვს შეწყალების აქტით ქვეყანაში მართული ქაოსი შექმნას.

გასულ კვირას პრეზიდენტის მიერ 29 აგვისტოს ტერაქტში ბრალდებულების - ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის თემურ ხაჩიშვილის, არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფების, “მხედრიონის,” ერთ-ერთი ლიდერის გიგა გელაშვილისა და უშიშროების სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელის გურამ პაპუკაშვილის შეწყალებამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მეტად საინტერესო მოძრაობა გამოიწვია. ედპ, რომელიც აქამდე რამდენადაც მიმტევებელი იყო პრეზიდენტის მიმართ, იმდენადვე კრიტიკული გახლდათ მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიასადმი, აპირებს უახლოეს ხანში გადახედოს თავის სტრატეგიას და პარტიაში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს. 9 ივლისს პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ხაჩიშვილის, გელაშვილისა და პაპუკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შედეგად ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა პრეზიდენტ შევარდნაძეს დააკისრა. ამავე დროს, ედპ არ გამორიცხავს პროკურატურისადმი მიმართვას, ედპ-ს ლიდერის გიორგი ჭანტურიას მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით. შეგახსენებთ, 7 წლის წინათ სასამართლომ თემურ ხაჩიშვილსა და გიგა გელაშვილს, პრეზიდენტ შევარდნაძეზე მოწყობილი ტერაქტის გარდა, ბრალად გიორგი ჭანტურიას მკვლელობაც წაუყენა.
9 ივლისს ედპ-ს პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ქადაგიშვილმა მიუღებელი უწოდა შეწყალებულთა მხრიდან გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებას. კერძოდ:
[ირაკლი ქადაგიშვილის ხმა] “ იქ განცხადებები, რომელსაც სასამართლოს მიერ ტერორიზმსა და პოლიტიკური ლიდერების მკვლელობაში ოფიციალურად დადანაშაულებული პირები და შემდგომ პრეზიდენტის განკარგულებით გარეთ გამოსულები მეორე დღესვე აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ამა თუ იმ პოლიტიკოსის ხელისუფლებაში მოსვლას, აქედან უკვე ნათელია, რა პროცესებისათვის არის ეს ადამიანები გამოშვებული ციხიდან.”[სტილი დაცულია]
ედპ-ს მიერ მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას დასაცავად გაკეთებული ამ განცხადების გარდა, საინტერესო გახლდათ ედპ-ს წევრთა გვერდით ხილვა ყოფილი ედპ-ელების, ამჟამად - სახალხო პარტიის წევრებისა , რომლებიც, ყოფილი თანაპარტიელების მსგავსად, პრეზიდენტის გულმოწყალების ჟესტს ქვეყანაში მართვადი ქაოსის შექმნის მცდელობად აფასებენ. ანუ, საფიქრებელია, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ კიდევ ერთი ოპონენტი შეიძინა ედპ-ს სახით, რომელიც აქამდე საკმაოდ ოსტატუტრად ახერხებდა როგორც პრეზიდენტ შევარდნაძესთან, ისე ასლან აბაშიძესთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნებას, იმავე ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც პრეზიდენტ შევარდნაძის ყველაზე შეურიგებელ კრიტიკოსად ყალიბდება. 9 ივლისს” ნაციონალურმა მოძრაობამ-დემოკრატიულმა ფრონტმა” სპეციალური მიმართვა მიიღო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიმართ, რომელშიც ყველას მოუწოდებს, არ შეასრულონ დანაშაულებრივი ბრძანებები, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ყოფილი პატიმრები ხალხის დატერორებას შეეცდებიან, ხოლო თავად პრეზიდენტი შევარდნაძე ახალი დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების შექმნას ცდილობს. მოკლედ, პრეზიდენტ შევარდნაძეს ოლღა გურამიშვილის როლის შესრულება დიდად არ დასცალდა.
XS
SM
MD
LG