Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლანდიის ხელისუფლება იმიგრაციის შეზღუდვას აპირებს


ანდრო ეული, პრაღა მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ, რომელიც მიმდინარე თვის მიწურულს სათავეში ჩაუდგება ჰოლანდიის ხელისუფლების, ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ განზრახული აქვს,

მკვეთრად შეზღუდოს ქვეყანაში იმიგრაცია და ნარკოტიკების მოხმარება, და შეამციროს იმ კაფეების რიცხვი, სადაც თავისუფლად იყიდება მარიხუანა.

მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ გადაწყვიტა, დააარსოს იმიგრაციისა და ინტეგრაციის სამინისტრო, რომელსაც 6 მაისს მოკლული ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის, პიმ ფორტოინის პარტიის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. შეიარაღებული თავდასხმა ფორტოინზე, საპარლამენტო არჩევნებამდე 9 დღით ადრე მოხდა ამსტერდამის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ჰილვერსუმში. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, პიმ ფორტოინი იმიგრაციის მკვეთრი შეზღუდვის მოწოდებით გამოდიოდა.

ახალი მთავრობის სამოქმედო პროგრამაში, რომელიც პარიზში ჰოლანდიის საელჩომ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ კოალიციური მთავრობა ”მხოლოდ იმ იმიგრანტებს მიიღებს, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში დევნა-შევიწროება ემუქრებათ”. პროგრამაში ნათქვამია, აგრეთვე, რომ ”ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს მომავალში გაუძნელდებათ თავიანთი ქვეყნიდან ჰოლანდიაში ნაცნობ-მეგობრების ჩაყვანა”.

თუ ხსენებული პროგრამა განხორციელდა, ჰოლანდია შეუერთდება იმ ევროპელ მეზობლებს, რომლებმაც ამასწინანდელ არჩევნებში მემარჯვენე და პოპულისტი პოლიტიკოსების გამარჯვების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაამკაცრეს საიმიგრაციო კანონები.

ჰოლანდია, ტრადიციისამებრ, ერთ-ერთ ყველაზე სტუმართმოყვარე და ტოლერანტულ ქვეყნად ითვლება მთელს ევროპაში. იმიგრანტები და მათი შთამომავლები ჰოლანდიაში მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენენ, ხოლო ქვეყნის უდიდეს ქალაქებში: ამსტერდამში, როტერდამსა და ჰააგაში ეს მაჩვენებელი 30 პროცენტს აღემატება.

ახალი მთავრობის სამოქმედო პროგრამაში აღნიშნულია, რომ იმ იმიგრანტებს, რომლებიც მუდმივი ცხოვრების უფლებას მოითხოვენ ჰოლანდიაში, წინასწარ მოუხდებათ ინტეგრაციის სავალდებულო კურსის გავლასთან დაკავშირებული თანხის გადახდა. კურსის დამთავრების შემდეგ მათ ამ თანხის ნახევარი დაუბრუნდებათ. მკაცრად იქნება ამასთანავე განსაზღვრული, თუ ვინ იმსახურებს პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას, ხოლო უარნათქვამ პირებს სამშობლოში დააბრუნებენ.

”იმ მთავრობებს, რომლებიც უარს იტყვიან ჰოლანდიიდან გასტუმრებულ თავიანთ მოქალაქეთა მიღებაზე, აღარ მიეცემათ განვითარებისათვის საჭირო ეკონომიკური დახმარება” –ნათქვამია ჰოლანდიის ახალი მთავრობის სამოქმედო პროგრამაში. 15-წევრიანი ევროკავშირის ლიდერებმა, გასულ თვეში გამართულ შეხვედრაზე, სევილიაში, უარყვეს ამგვარი ფორმულირება. ზოგიერთმა ქვეყანამ, სახელდობრ საფრანგეთმა და შვეციამ, განაცხადა, რომ განვითარებისათვის საჭირო დახმარების დაკავშირებას იმიგრაციასთან, სავალალო შედეგი მოჰყვება.

ჰოლანდიის ახალ მთავრობაში ყველაზე წარმომადგენლობითია კონსერვატული ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, რომლის 46 წლის ლიდერი, ქრისტიანული ფილოსოფიის პროფესორი იან პეტერ ბალკენენდე, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი გახდება.
XS
SM
MD
LG