Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მეამბოხეთა ძველი არმიის რეაბილიტაცია


უკრაინის დასავლეთ ნაწილში ჩამოყალიბდა და შემდგომ უკრაინის

მეამბოხეთა არმიის სახელით მოქმედებდა პატრიოტთა შეირაღებული ჯგუფი, რომლის მიზანი ერთი იყო : თავისუფალი უკრაინა. არმიას არ დასცალდა სამშობლოს განთავისუფლება. საბჭოთა კავშირის პერიოდში მას ბანდიტების, ნაციონალისტების, ნაცისტების თანამშრომელთა ჯგუფს უწოდებდნენ; მისი წევრები ან დახვრიტეს, ან გადაასახლეს და ასე გაანადგურეს ეს არმია. ახლა, მოულოდნელად, უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა უკრაინის მეამბოხეთა არმიის წევრების რეაბილიტაცია მოახდინოს, ანუ მატერიალური და სოციალური დახმარება გაუწიოს მათ ისევე, როგორც ეხმარება საბჭოთა არმიის წევრებსა და სამამულო ომის მონაწილეებს. ამ გადაწყვეტილებამ გაანაწყენა რუსეთი: ეს არმია ხომ ომის შემდგომ წლებში სწორედ მას ებრძოდა, როგორც საოკუპაციო ხელისუფლებას! მაგრამ ქვეყანას და მის თავისუფლებას უამრავი მზაკვარი მტერი ჰყავდა შინ თუ გარეთ და 50-იანი წლების დასაწყისში არმიის წინააღმდეგობა გატეხეს.
ეს მეამბოხეთა არმია დასავლეთ უკრაინაში შეიქმნა იმის გამო, რომ უკრაინის დასავლეთი პირველ მსოფლიო ომამდე ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში შედიოდა, შემდგომ კი პოლონეთის ხელში მოხვდა. ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში მყოფმა ერებმა განთავისუფლების სურვილი გვიან გამოთქვეს. ამ მცირე ერების მიერ თვითგამორკვევის გამოცხადება, ფაქტობრივად, იმპერიის დასუსტებასა და დაშლას ისახავდა მიზნად, თორემ კულტურის თვალსაზრისით მათ განვითარებას იმპერიის შიგნითაც არაფერი აფერხებდა. ამ დროს ოქტომბრის რევოლუცია უკვე მომხდარი იყო და აღმოსავლეთი უკრაინა ბოლშევიკური სახელმწიფოს ნაწილი გახლდათ. პოლონეთის შემადგენლობაში მოხვედრა უკრაინელებს, ცხადია, ისტორიული ფონის გამოც არ სურდათ და ამბოხმა ჩასახვა და ზრდა დაიწყო. დასავლეთ უკრაინელებს პოლონეთისგან განთავისუფლების იმედი მაშინ მიეცათ, როცა იქ გერმანელები შევიდნენ, მაგრამ მალე აღარც ნაცისტებმა მოისურვეს უკრაინის დამოუკიდებლობა. მეამბოხეთა არმია კი იწრთობოდა და, ასე გამოწრთობილი, უკვე ომის შემდგომ, საბჭოთა არმიას დაუპირისპირდა. მიზანი, როგორც ითქვა, ერთი იყო - უკრაინის განთავისუფლება. ამ სახელწოდებით და ფორმით არმია 1942 წელს შეიქმნა. მასში, სხვადასხვა მონაცემებით, 40-იდან 100-ათასამდე ადამიანი იბრძოდა, ქალი და კაცი. მისი მოქმედების არეალი იყო დასავლეთი უკრაინა, კარპატების მთიანეთი. არმია უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა, როგორც დამარცხდა სხვა არაერთი ქვეყნისა და ხალხის არმია თუ მეამბოხეთა მეტ-ნაკლებად დიდი ჯგუფი. უკრაინის მეამბოხეთა არმიის პირველი მეთაური 1949 წელს რუსებმა მიპარვით მოკლეს. მისი მემკვიდრე, როგორც ამბობენ, ცოცხალია და, ალბათ, იმედი აქვს, რომ მამის სახელი აღიარებულ იქნება.
1991 წელს, უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, პარტიოტულად განწყობილმა ჯგუფებმა არმიის ოფიციალური აღიარება მოითხოვეს. მაშინ ამ სურვილს წინ აღუდგა უკრაინის რუსული უმცირესობა და თვით უკრაინელთა კომუნისტურად განწყობილი მასები. ახლა კიევმა გამოაცხადა, რომ უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის მიერ მეამბოხეთა არმის შესახებ ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ რეალურად დადგა არმიის რეაბილიტაციის საკითხი. რუსეთის პრესა ამას უარყოფითად უყურებს, გამოქვეყნებულ წერილებში უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლები ბანდიტებად არიან მოხსენიებულნი და, ამ სტატიების ავტორების აზრით, მათი გმირებად აღიარება უკრაინაში ანტირუსული განწყობილების გაძლიერებას გამოიწვევს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი ჩვეული სტილით გამოაცხადა, რომ მოსკოვი უარყოფითად ეკიდება უკრაინის ნაციონალისტური ძალების ამ გეგმას, მოახდინოს, ეგრეთ წოდებული, მეამბოხეთა არმიის წევრების რეაბილიტაცია. ამ განცხადებაზე სრულიად ბუნებრივი რეაქცია ჰქონდა უკრაინის საგარეო უწყებას. მისი ხელმძღვანელის, ანატოლი ზლენკოს, აზრი ასეთია: [ზლენკოს ხმა] “რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეა და მას მოვაგვარებთ შეთანხმების, შეიძლება კონსენსუსის, გზითაც და, ამასთან, იურიდიული გარანტიით, რაც განამტკიცებს სამართლებრივ სტატუსს”.
ისევე, როგორც უწინ, ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ნაციონალისტურ გრძნობებს უკრაინაშიც წარმატებით იყენებენ ისინი, ვისაც ერი და ქვეყანა არ ადარდებს. ასე აქეზებდნენ იმავე უკრაინელებს პირველი მსოფლიო ომის დროს და ასევე შეიძლება აქეზებდნენ ახლაც. უკრაინის პილიპ ორლიკის დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორი მარკიან ბილინსკი იდეალისტებისა და გმირების აღიარების მსურველთ პრაგმატიზმში ამხელს. ბილინსკი ფიქრობს, რომ ეს ინიციატივა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მსურველთაც შეიძლება ეკუთვნოდეთ. მისივე განმარტებით, ლეონიდ კუჩმას- ახლანდელ პრეზიდენტს - არა აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მომავალ არჩევნებში, მაგრამ იცის, რომ თუ მეამბოხეთა არმიის თემას ხალხს კარგად მიაწვდის, განსაკუთრებით, დასავლეთ უკრაინაში, ხმების მოგების შანსი ერთიორად გაეზრდება. ბილინსკი განაგრძობს [ბილინსკის ხმა]:
“ეს რომ დაკანონდეს კიდეც, გამიკვირდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა ამის გამო გაფუჭდეს. რუსეთის პოზიცია მხოლოდ საჩვენებელია. რუსეთსა და უკრაინაში საკმაოდ არიან პრაგმატიკოსი პოლიტიკოსები, რომლებიც აღიარებენ და მუშაობენ იმ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის”.
უკრაინის მეამბოხეთა არმიის ყოფილი წევრებიდან ზუსტად რამდენია ჯერ კიდევ ცოცხალი, ცნობილი არ არის. მათი რიცხვი შეიძლება რამდენიმე ათასს აღწევდეს. ვეტერანებისთვის კარგი იქნება მატერიალური დახმარება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ამ არმიის დაღუპულ წევრებს ისტორიაში დამსახურებული ადგილი მიეკუთვნოთ. უკრაინელთა უმეტესობისთვის მათი სახელები უცნობია და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ბრძოლაში წაგებულნი აღმოჩნდნენ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG