Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებათა შედეგები


საქართველოსა და რუსეთს შორის ერთი წლის მანძილზე შეწყვეტილი მოლაპარაკება ახლახან განახლდა, - თანაც, მაღალი დონის შეხვედრები ისეთი ინტენსივობით მიმდინარეობს,

თითქოს მხარეები დაკარგული დროის ერთბაშად ანაზღაურებას ცდილობდნენ. ბოლო ერთი კვირის მანძილზე მოსკოვში გაიმართა მოლაპარაკება რუსეთ-საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულების მზადებისა და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. მხარეები პრეზიდენტების შეხვედრამდე ცდილობენ გადალახონ ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოება. გესაუბრებით იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოიტანა ამ მცდელობამ.

მოსკოვში ვიზიტად მყოფ საქართველოს სამთავრობო დელეგეციას, საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილის ხელმძღვანელობით, თავდაპირველად მოსკოველ კოლეგებთან შეხვედრები ჰქონდა რუსეთ-საქართველოს „მეგობრობისა და კეთილმეზობლობის“ „ჩარჩო“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. 24 ივლისს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ ბორის პასტუხოვთან 10 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ კომისიის მუშაობა პოზიტიურ გავლენას ახდენს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა კლიმატის გაუმჯობესებაზე. თუმცა არც მენაღარიშვილს და არც პასტუხოვს კონკრეტულად არაფერი უთქვამთ მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდის შედეგების შესახებ.

ეს ოფიციალური ურთიერთკმაყოფილება რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ფარული ანექსიის ფონზე ცხადდება. რუსეთი სიტყვით ერთს ამბობს, ანუ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ურღვეობას, საქმით კი მეორეს აკეთებს. ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსეთის პასპორტების გამარტივებული წესით დარიგების გარდა, მოსკოვი ამ სეპარატისტული რეგიონების ერთიან სამანეთო ზონაში მოქცევასაც ცდილობს.

ბორის პასტუხოვი აცხადებს, რომ მწარედ ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ მოქალაქეობის მიღება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რუსეთთან მიერთებას ნიშნავს. ეს საერთაშორისო სამართლის ელემენტარული ნორმებითაც დაუშვებელიაო, დასძენს პასტუხოვი. ის ყველაფერს რუსეთთან ამ რეგიონთა მოსახლეობის სამეურნეო-ეკონომიკურ კავშირებს აბრალებს და საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური ყოფით ამართლებს საქართველოს ტერიტორიაზე სავალუტო ანექსიას.

ქართული მხარე ამ განცხადებების ფონზე მაინც ოპტიმიზმს ინარჩუნებს. ერთადერთი, რაც პასტუხოვისა და მენაღარიშვილის ბრიფინგიდან გახდა ნათელი, ეს ისაა, რომ ჩარჩო ხელშეკრულებაში სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის შექმნა არ არის გათვალისწინებული. არადა, მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა წინა ხელშეკრულების საფუძველს წარმოადგენდა. მასში ჩაწერილი პირობების თანახმად, რუსული სამხედრო ბაზების საქართველოში 25 წლით დისლოკაციის სანაცვლოდ, მოსკოვს აფხაზეთის კონფლიქტი თბილისის სასარგებლოდ უნდა გადაეწყვიტა.

ახალი ხელშეკრულების პროექტი აფხაზეთის პრობლემის დარეგულირების სულ სხვა გზას ემყარება. ბორის პასტუხოვის განცხადებით, აფხაზეთის კონფლიქტი მხოლოდ პოლიტიკური დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს. იგი ამის საფუძვლად მიიჩნევს გაეროს მიერ მომზადებულ აფხაზეთის სტატუსის განმსაზღვრელ, ეგრეთ წოდებულ, ბოდენის დოკუმენტს და ამ პროექტის მიმართ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების დამოკიდებულებას აკრიტიკებს.

რაც შეეხება სამხედრო ბაზების საკითხს, მის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა 25 ივლისს მოლაპარაკება გამართა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ ილია კლებანოვთან. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების დისლოკაციის ვადებისა და ფუნქციონირების წესების შესახებ. ლაპარაკია ახალქალაქსა და ბათუმში განლაგებული სამხედრო ბაზებისა და საქართველოს სხვა რეგიონებში რუსეთის სამხედრო ობიექტების დემონტაჟის პრობლემის გადაწყვეტაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის კახა სიხარულიძის განმარტებით:

[სიხარულიძის ხმა] „შეხვედრის დროს რუსულმა მხარემ წარმოადგინა კონტრარგუმენტები, რის მიხედვითაც, მათი პოზიცია შეიცვალა და ამჯერად მიაჩნიათ, რომ 14 წელი კი არ არის აუცილებელი 2 ბაზის ლიკვიდაციისათვის, საკმარისი იქნება 11 წელი, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ მაინც ძალიან დიდი სხვაობაა 2 ქვეყნის პოზიციებს შორის და შევთანხმდით, რომ უკვე აგვისტოს თვეში გაგრძელდება ძალიან ინტენსიური და სერიოზული კონსულტაციები იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება.“

შეგახსენებთ, რომ ქართული მხარე რუსული ბაზების დემონტაჟს 3 წლის განმავლობაში ითხოვს და ამას დეტალური გეგმით ასაბუთებს კიდეც. მოლაპარაკებებზე ექსპერტთა ჯგუფებს პოზიციათა სასწრაფოდ შეჯერება დაევალათ.

ჩარჩო ხელშეკრულებისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხების დაჩქარებული ტემპით მზადება რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების სავარაუდო შეხვედრის თარიღის მოახლოებითაა განპირობებული. ვარაუდობენ, რომ ორი პრეზიდენტის - პუტინისა და შევარდნაძის - შეხვედრა სექტემბერში შედგება.

როგორც ჩანს, ამ შეხვედრას ისეთივე ეტაპობრივი, თუმცა განსხვავებული შედეგი ექნება, როგორიც „მეგობრობისა და კეთილმეზობლობის“ პირველი ხელშეკრულების მიღებისას ელცინისა და შევარდნაძის შეხვედრას ჰქონდა. მაშინ საქართველომ თანხმობა განაცხადა, თავისი განვითარება რუსეთისათვის დაეკავშირებინა, თუმცა რუსეთი არ აღმოჩნდა ამისათვის მზად. ახლა ახალი ხელშეკრულება საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის სულ სხვა მიმართულებას განსაზღვრავს.
XS
SM
MD
LG