Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იქცა რელიგია ყველაზე აქტუალურ თემად დღევანდელ საქართველოში


არის თუ არა რელიგია და სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებს შორის ურთიერთობა ის საკითხი, რომელიც იმსახურებს იმ ენერგიას, ემოციებსა და ყურადღებას, ზოგადად, რომელიც დღეს მისკენ არის მიმართული.

რა საფუძველი ჰქონდა რელიგიის თემაზე სახალხო მღელვარების გამოწვევას. რატომ არის ასე იოლი საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქის ჩაბმა კამათში, რომელიც, მაგალითად, რელიგიური უმცირესობების საქმიანობას და მართლმადიდებლური ეკლესიის როლს ეხება. რატომ უნდა აწუხებდეს რიგით მოქალაქეს, რომელსაც ძლივს გააქვს თვიდან თვემდე თავი, რა სარწმუნოებას მისდევს მისი მეზობელი ისე, რომ ეს მოსვენებას უკარგავდეს.



თქვენ ვერ ნახავთ საქართველოში ადამიანების ჯგუფს, რომელიც თავდაუზოგავად, სისხლის ფასად იბრძოდეს ბუნების სისუფთავისთვის, განათლებისთვის, ბავშვთა კეთილდღეობისთვის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის, ხელფასების გაზრდისა და დროულად დარიგებისთვის და ა.შ. მაშინ რატომ ჩაერთო საზოგადოება ასე გაცხარებით კამათში იმის შესახებ, თუ ვის რა და როგორ სწამდეს. არის ეს იმ ხარისხის პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენი ყოფნა-არყოფნის, ხვალინდელი დღის განსაზღვრის კონტექსტში ჯდება? რატომ აგვყავს ხოლმე აღმატებულ ხარისხში ისეთი საკითხი, როგორიც ჩვენი მეზობლების, ირგვლივ მყოფთა რელიგიური, ან გინდაც, - თუკი პასპორტის გრაფასთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას გავიხსენებთ, - ეროვნული კუთვნილებაა, და ვანიჭებთ მას თითქმის გადამრჩენის ფუნქციას? ამის თაობაზე ყველას გარკვეული მოსაზრება გვაქვს, მაგრამ საინტერესო მაინც ის არის, თუ როგორ ხედავს და აფასებს სიტუაციას ის, ვინც, პოლიტიკური და პოპულისტური ქვენაგრძნობებისგან დამოუკიდებლად, ცდილობს გაარკვიოს რა ხდება. ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე რელიგიით გატაცებას მის ერთგვარ “მონოპოლურობას” უკავშირებს:

[გაგა ნიჟარაძის ხმა]
“საბჭოთა პერიოდში ეკლესია და რელიგია მაინცდამაინც ბევრს არ აღელვებდა და რაც აღელვებდა, შედარებით კარგად ვიყავით შეგუებული გვიან საბჭოთა რეჟიმს და გვქონდა ბევრი დასაყრდენი, ვთქვათ ასე, ეროვნული ღირსებისთვის, თუ ეროვნული სიამაყისთვის: სპორტი, კეთილდღეობა, ბევრი რამე... და, რაც კი ცუდი იყო, ერთმნიშვნელოვნად ბრალდებოდა საბჭოთა კავშირს – “აი, ჩვენ რომ გავხდებით თავისუფლები, გაჩვენებთ ყველას სეირს და მარტო “ბორჯომით”, ასე ვთქვათ, გავალთ ფონს”. გამოირკვა, რომ, როდესაც ეს დამოუკიდებლობა მივიღეთ, დაინგრა, აგრეთვე, ეძახიან ასე, ის იდენტიფიკატორები, რაც ეროვნულ, თუ კოლექტიურ ღირსებას უწყობდა ხელს, ე.ი.: აღარც სპორტია, აღარც კეთილდღეობაა, საერთოდ არაფერი... და ამის სანაცვლოდ არაფერი არ არის. ერთადერთი არის დამოუკიდებლობა, რომელმაც ბევრი არაფერი არ მოიტანა ყოველდღიურობაში და ... გახდა შესაძლებელი ეკლესიაში სიარული”.[სტილი დაცულია]

იმის გამო, რომ ადამიანებს სხვა არაფერი ეგულებათ მუდმივი, ძირძველი და ეროვნული, გარდა ეკლესიისა, მათთვის ის, არა მარტო აღმსარებლობის გამოხატვის, გარკვეული უსაფრთხოების, ცუდისგან დაცვის საშუალებაც გახდა.

რადგან თავდაცვაზე ჩამოვარდა სიტყვა, ე.ი. სადღაც საფრთხეც უნდა არსებობდეს. სწორედ ასეთად იქნენ მიჩნეულნი სხვა რელიგიების მიმდევრები, რომელთაც, შექმნილი შთაბეჭდილებით, მიეწერებათ ისეთი პრობლემების წარმოქმნაც კი, რაც მათ ძალასაც აღემატება, რელიგიურ ინტერესსაც, ლოგიკასაც, ხოლო, რაც მთავარია, თავად პრობლემაც არ არის სინამდვილეში პრობლემა. რა არის მიზეზი იმისა, რომ საჯაროდ გამომსვლელთა მიერ პოლიტიკური ოპონენტების გასამტყუნებლად საკმაოდ ხშირად წამოსროლილი სიტყვები - “მასონი” და “იეღოველი” - ასე “ზუსტად” ხვდება სამიზნეს:

[გაგა ნიჟარაძის ხმა]
“ხელოვნურად რელიგიური ადამიანი, რომელსაც რელიგია აძლევს არა სიხარულს, არა რწმენას, არამედ მხოლოდ რაღაცა თავშესაფარს და რომელსაც მიაჩნია, რომ რაღაც რიტუალების დაცვით შეენდობა ის ცოდვები, რომელსაც ყოველდღიურად აკეთებს, იმას გულის სიღრმეში ამისი არ ჯერა და ამიტომ ეშინია, რომ სხვა რელიგია უკეთესი შეიძლება იყოს და ეს ვლინდება აგრესიულობაში. ეს ერთ-ერთი ფაქტორი. მეორე არის ის, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში არ უყვართ ძალიან განსხვავებული ხალხი. რასაც სექტებს ეძახიან, იმათი ქცევის წესი ძალიან განსხვავებულია საქართველოში მიღებულისგან”. [სტილი დაცულია]

რაც შეეხება ერთ-ერთ გავრცელებულ ვერსიას, რომ სახელმწიფო შეგნებულად ახდენს რელიგიური დაპირისპირების პრობლემის პროვოცირებას, რომ უფრო აქტუალური საკითხები, რისთვისაც მას შეიძლება პასუხი მოეთხოვოს, უკანა პლანზე გადავიდეს, ჩემი რესპონდენტი ფიქრობს, რომ ხელისუფლების ბრალი უფრო ის არის, რომ მან ვერ შეძლო სხვა, უფრო სწორი, პრიორიტეტის შეთავაზება საზოგადოებისთვის და შესთავაზა ის, რაც უფრო წარმატებით გავრცელდებოდა და არა ის, რაც წარმატებას მოგვიტანდა.

[გაგა ნიჟარაძის ხმა]
“ჩვენი საზოგადოების უბედურება ის არის, რომ ის, სამწუხაროდ, რაღაც პოზიტიურ ნაბიჯებს თვითონ ვერ დგამს. სულ არის სიტყვის, ლაპარაკის, ლანძღვის, ან საკუთარი თავის ქების... სულ ამას აკეთებს, ერთი სიტყვით... და საქმის გაკეთება არ ხდება და ჩემის აზრით, ახლა მაგალითად, საკმაოდ ძლიერდება ანტიდასავლური არასასიამოვნო ტენდენციები და შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოება გრძნობს, რომ “დასავლური” არის საქმის ცივილიზაცია და ამან უნდა შეგაცვლევინოს შენი დუნე ცხოვრების რიტმი”. [სტილი დაცულია]

დღევანდელ დღეს ძნელია ჩვენი ქვეყანის მომავლის პროგნოზირება, მაგრამ მეც მჯერა იმისა, რისიც სჯერა ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძეს, რომელიც აცხადებს:

[გაგა ნიჟარაძის ხმა]
“მჯერა ჩემი ხალხის და მგონია, რომ მისი პოტენციალი ამოწურული არ არის.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG