Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში მშენებარე ატომური ელექტროსადგური


ანდრო ეული, პრაღა უკვე შვიდი წელია, რაც რუსი და ირანელი სპეციალისტები ბუშერის ატომურ ელექტროსადგურს აშენებენ სპარსეთის ყურის სანაპიროზე, ირანში,

რასაც შეერთებული შტატებისა და ისრაელის სადაზვერვო თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოსურათები ადასტურებს. უახლოეს 2-3 წელიწადში ელექტროსადგური ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს და ამასთან დაკავშირებით ვაშინგტონსა და თელ-ავივში სხვადასხვა აზრი გამოითქმის იმის თაობაზე, უნდა მიეცეს თუ არა თეირანს ბუშერის ატომური ელექტროსადგურის ამუშავების უფლება.

დიქტორი: ცალკეულ ოფიციალურ პირებს პენტაგონში მიაჩნიათ, რომ ბუშერის ელექტროსადგური განადგურებულ უნდა იქნეს, ვიდრე მას ბირთვული საწვავის პირველ პარტიას მიაწვდის რუსეთი. თეთრი სახლის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ თუ ირანი განუხრელად დაიცავს საერთაშორისო სტანდარტებს, ხსენებული ელექტოსადგური აღარ შეუქმნის უშიშროებას არანაირ საფრთხეს. ეს პირები აღნიშნავენ ამასთანავე, რომ ბუშერის ატომური ელექტროსადგურის განადგურება ვერ შეაჩერებს ირანში მიმდინარე ბირთვული შეიარაღების პროგრამას, სამაგიეროდ მტრულად განაწყობს ირანელებს იმ დროს, როცა ვაშინგტონი ურთიერთობათა გაუმჯობესებას ცდილობს თეირანთან.

ამასობაში, ვაშინგტონის მთავარი მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში, ისრაელი, ცალსახად აცხადებს, რომ არ დაუშვებს ბუშერის ატომური ელექტროსადგურის ამოქმედებას.

1981 წლის 7 ივნისს, ისრაელის ავიაციამ, ბაღდადის მახლობლად, ფრანგების მიერ აშენებული ოსირაქის ატომური რეაქტორი გაანადგურა. ეს საჰაერო რეიდი, მაშინ, შეერთებულმა შტატებმა გააკრიტიკა, თუმცა მრავალი პოლიტიკოსი დღეს ვაშინგტონში მიიჩნევს, რომ ისრაელმა, 21-წლის წინათ განხორციელებული ამ საჰაერო რეიდით, ერაყის პრეზიდენტს სადამ ჰუსეინს არ მისცა ბირთვული იარაღის შეძენის შესაძლებლობა.

ამას წინათ, ისრალმა საჯაროდ გააფრთხილა ირანი, რომ ბუშერის ატომური ელეტროსადგური, რომლის მშენებლობა 1974 წელს დაიწყეს გერმანელმა სპეციალისტებმა და რომელიც სამჯერ დაბომბა ერაყმა 80-იან წლებში, როცა ირან-ერაყს შორის ომი მძვინვარებდა, ისრაელის ეროვნულ უშიშროებას უქმნის საფრთხეს.

ბუშერის ელექტროსადგურის მშენებლობა 16 თვეში უნდა დამთავრდეს, ხოლო 18 თვის შემდეგ მისი ამოქმედებაა დაგეგმილი. მშენებლობაში გაწეული დახმარებისთვის, ირანი, 800 მილიონ დოლარს გადაუხდის რუსეთს. ბირთვული ყუმბარის შესაქმნელად არც ბუშერის ელექტროსადგურში გამოყენებული საწვავი და არც ტექნოლოგია გამოდგება. მაგრამ, იგივე ტექნოლოგია აუცილებელია ბირთვული შეიარაღებისათვის საჭირო გამდიდრებული საწვავის მისაღებად.

შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს გამოანგარიშებით, ბირთვული ყუმბარის შესაქმნელად ირანს 7 წელი ესაჭიროება. ხოლო ისრაელის დაზვერვის შეფასებით, ამისთვის 5 წელიც საკმარისია. როგორც ექსპერტები აცხადებენ, უახლოეს 2-3 წელიწადში, ირანი უკვე დამოუკიდებლად შესძლებს შორ რადიუსში მოქმედი ბირთვული რაკეტების წარმოებას.

თეთრი სახლის ადმინისტრაცია ზეწოლას ახდენს მოსკოვზე და მოუწოდებს – შეწყვიტოს ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა. მაგრამ არაა არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ყურად იღებს ვაშინგტონის მოწოდებას. პირიქით, რუსეთის მთავრობამ გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ განზრახული აქვს გააფართოვოს ენერგეტიკის სფეროში ირანთან თანამშრომლობა, და კიდევ 5 ატომური რეაქტორის მშენებლობა შესთავაზოს თეირანს.

წამყვანი: მიკროფნთან იყო ანდრო ეული. პრეზიდენტ პუტინთან გამართული შეხვედრების დროს, უკანასკნელად მოსკოვში რომ მოეწყო გასულ მაისს, ჯორჯ ბუშმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთი ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში ეხმარება ირანს. როგორც ბირთვული გაუვრცელებლობის ცნობილი ექსპერტი გერი სამორი აცხადებს, რუსეთის მონაწილეობამ ბუშერის ელექტროსადგურის მშენებლობაში ”მოხერხებული საფარი” შეუქმნა ბირთვული შეიარაღების სფეროში დასაქმებული ირანელი და რუსი მეცნიერების თანამშრომლობას. ლაპარაკობს რადიო ”თავისუფლება”.
XS
SM
MD
LG