Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 446-ე გამოშვება

დავით კაკაბაძე:
ახლა კი, ძვირფასო რადიომსმენელებო, გთავაზობთ ჩვენს ყოველკვირეულ “მეათე სტუდიას”. რადიოჟურნალის 446-ე გამოშვებაში ვიმსჯელებთ იმაზე, რატომ დაინტერესდა ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით?; გაგაცნობთ მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ალმანახ “საზოგადოება და პოლიტიკის” ახალ ნომერში გამოქვეყნებულ რამდენიმე საინტერესო სტატიას; გიამბობთ საქართველოს ჟურნალისტთა კავშირ “სხივის” პრობლემებსა და სამომავალო გეგმებზე; ბოლოს კი შემოგთავაზებთ მასალას გერმანიის ქალაქ ბოხუმში, დიდი წარმატებით მიმდინარე გამოფენაზე სახელწოდებით: “საქართველო – განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან”. “მეათე სტუდიას” დღეს დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

რატომ დაინტერესდა ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით?

დავით კაკაბაძე:
ბოლო დროს ერთი საინტერესო ტენდენცია გაჩნდა – თუ აქამდე სახელისუფლო სტრუქტურები, დემოკრატიული პრინციპების ერთგულების დასამტკიცებლად, აფიშირებას უკეთებდნენ საკუთარი ხელშეწყობით შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ახლა ხელისუფლება მესამე სექტორის ყველაზე აქტიურ წარმომადგენლებთან ცდილობს ურთიერთობის დამყარებას. ჩვენი თბილისელი თანამშრომლის, თამარ ჩიქოვანის აზრით, ამის დასტურად გამოდგება თუნდაც ბოლო 10 დღის მოვლენები, როცა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისა და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი უეცრად ძალიან ბევრ თანამდებობის პირს გაუჩნდა.

თამარ ჩიქოვანი:
[ავთანდილ ჯორბენაძის ხმა] “გაგიკვირდათ, ალბათ, რომ მოვედი.”

გულახდილად რომ ითქვას, “თავისუფლების ინსტიტუტის” თანამშრომლებს დიდად არ გაჰკვირვებიათ, როცა სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ მოულოდნელად ამ არასამთავრობო ორგანიზაციაში სტუმრობა გადაწყვიტა. სხვა საკითხია, რომ “თავისუფლების ინსტიტუტელები” საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდნენ ავთანდილ ჯორბენაძის წინადადებას ხელისუფლებისა და მათი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლობის შესახებ.

[ავთანდილ ჯორბენაძის ხმა] “მე მართლა მსურს, რომ ჩვენი თანამშრომლობა – ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციებისა – ძალიან მჭიდრო იყოს, რადგან უერთმანეთოდ, საბოლოო ჯამში, ქვეყნის განვითარებას ვერ მივიღებთ, იმიტომ, რომ თქვენ თქვენი ფუნქცია გაქვთ, თქვენი აქტიურობა საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელია და ერთ-ერთი მონაპოვარია, რაც ამ ქვეყანაში არის და ამ ქვეყანაში გვაქვს. ახლა განვიხილოთ, რა გვაკლია კიდევ და რა გავაკეთოთ, რომ ამ პროცესებში დამოუკიდებელ ორგანიზაციებს ქვეყნის მართვაში აქტიური მონაწილების საშუალება მივცეთ.”

გამორიცხული არ არის, ხელისუფლებასთან თანამშრომლობისადმი სკეპტიციზმის საფუძველი წარსულის გამოცდილებაშიც იმალებოდეს. არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის “თავისუფლების ინსტიტუტი”, ერთი იმ მცირერიცხოვანთაგანია, რომელიც აქამდე საკმაოდ მჭიდროდ ურთიერთობდა ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან. მაგალითად, ამ ორიოდე წლის წინათ სწორედ “თავისუფლების ინსტიტუტმა” მოამზადა ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო. 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთმა წევრმა დავით ზურაბიშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტობის კანდიდატ ედუარდ შევარდნაძის საარჩევნო პროგრამის შექმნაში. “თავისუფლების ინსტიტუტის” კიდევ ერთი წევრი – გივი თარგამაძე – პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული საბჭოს წევრია. საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი დაიწყებს ასევე “თავისუფლების ინსტიტუტის” მიერ მომზადებული პრესისა და მასმედიის კანონპროექტის განხილვას. გამორიცხული არ არის, ამ ორგანიზაციამ კვლავ აქტიური მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო კოდექსის შექმნაში, რომელიც ასევე საშემოდგომოდ იგეგმება.

აქამდე “თავისუფლების ინსტიტუტი”, როგორც წესი, პარლამენტთან უფრო წარმატებით თანამშრომლობდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ ზურაბ ჟვანია, რომელიც საკმაოდ კარგად ფლობდა მესამე სექტორთან ურთიერთობის ხელოვნებას. როგორც გახსოვთ, მას შემდეგ, რაც შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელისუფლების კრიმინალიზაციის წინააღმდეგ თავისებური ალიანსი შექმნა, პარტიებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მწირი რესურსების გაერთიანება შესთავაზეს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობის მისაღწევად. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქცია ამ წინადადებაზე ერთგვაროვანი არ ყოფილა. მესამე სექტორის ყველაზე ავტორიტეტიანმა წარმომადგენლებმა, ერთი მხრივ, მოიწონეს პარტიების სწრაფვა თანამშრომლობისკენ, მაგრამ დახმარების თვალსაზრისით იმ კონკრეტული საკითხების შეთანხმება მოითხოვეს, რაშიც თანამშრომლობა შესაძლებელი იქნებოდა.

საინტერესოა, რომ თანამშრომლობისთვის აუცილებელი პირობების წამოყენების შემდეგ, ალიანსში გაერთიანებულ პარტიებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის სურვილი აღარ გამოუთქვამთ. იურისტი დავით უსუფაშვილი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს –თავის დროზე იგი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გახლდათ – ასეთ კომენტარს უკეთებს მესამე სექტორის რეაქციას პარტიების მხრიდან თანამშრომლობის წინადადებაზე:

[დავით უსუფაშვილის ხმა] “ რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, მე მგონი, მსგავსი პროცესები არასამთავრობო სექტორშიც აუცილებელია, მაგრამ ამავდროულად აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს ეს დისტანცია, რაც პოლიტიკასა და არასამთავრობო სექტორს შორის უნდა იყოს. და ესეც ერთ-ერთი მწარე გაკვეთილია, რომ არასამთავრობო სექტორის ზედმეტი პოლიტიზება კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას. ასე რომ, იმ ფასეულობებისა და მიმართულებების ერთგულება, რომელსაც რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი აცხადებს, არ უნდა ნიშნავდეს სრულ გაიგივებას ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფთან. არასამთავრობო სექტორს და მედიას აქვს ბრძოლის თავისი საშუალებები და მეთოდები, პოლიტიკოსებს – თავისი. უბრალოდ, ძალიან კარგი იქნება, თუ მოხდება მეტი კოორდინირება და ურთიერთგაგება იმ საკითხებში, რაც აუცილებელია.”

დასკვნის სახით კი შეიძლება ითქვას: პრობლემების მიუხედავად, ის, რომ ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს ეძებს, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მესამე სექტორი საქართველოში უკვე რეალურად არსებობს.

თამარ ჩიქოვანი, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

ალმანახი “საზოგადოება და პოლიტიკა”

დავით კაკაბაძე:
შარშან, დაახლოებით ამ დროს, ჩვენ გიამბეთ მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში გამართულ სემინარზე – “ძველი ინტელიგენცია და ახალი ინტელექტუალები”. სულ ახლახან დისკუსიის მასალები შევიდა კავკასიური ინსტიტუტის გამოცემულ ალმანახში “საზოგადოება და პოლიტიკა”, რომლის მე-4 ნომერი ამ ცოტა ხნის წინათ დაისტამბა. ალმანახი აერთიანებს სხვა ტექსტებსაც: გვთავაზობს ინტელექტუალთა შესახებ დასავლური დისკურსის რამდენიმე ნიმუშს; დაბეჭდილია ბელგიელი პოლიტოლოგის, ბრუნო კოპიეტერსის სტატია, რომელიც ეძღვნება ქართველი და აფხაზი ინტელიგენციის როლს აფხაზეთის კონფლიქტის გაჩაღებაში; მკვლევარი ავთო ჯოხაძე წერილში "სიკვდილი ბიზანტიურად" აანალიზებს საქართველოს ეკლესიის როლს ქართული სახელმწიფოებრიობის სხვადასხვა ეტაპზე; გამოქვეყნებულია ინგლისელი ანთროპოლოგის, ქრის ჰანის ნაშრომი ლაზების ეთნიკური იდენტობის საკითხზე. დავით პაიჭაძე ალმანახში გამოთქმულ რამდენიმე საყურადღებო მოსაზრებას გაგაცნობთ.

დავით პაიჭაძე:
კავკასიურ ინსტიტუტში შარშან გამართული დისკუსია ჩვენ მეორე დღესვე მიმოვიხილეთ. ბუნებრივია, მიმოხილვაში მხოლოდ ზოგიერთი მომხსენებლის ძირითად მოსაზრებათა რეზიუმეები ჩაეტია. ახლა კი მკითხველს საშუალება აქვს, მთლიანად გაეცნოს 5 მოხსენების ტექსტებსა და დისკუსიის მონაწილეთა გამოსვლებს.

ავთანდილ ჯოხაძის წერილმა “სიკვდილი ბიზანტიურად”, წესით, მძაფრი პოლემიკა უნდა გამოიწვიოს, რადგან ეხება კონსტიტუციაში აღნიშნულ, მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში, რომელსაც უფრო საბედისწერო როლი შეიძლება ეწოდოს. ეპოქა, როცა ეკლესიამ ეს საბედისწერო როლი პირველად შეასრულა, ქართველებისთვის “ოქროს ხანად” ცნობილ პერიოდში იღებს სათავეს და მე-13 საუკუნეში სრულდება. ავთნადილ ჯოხაძის მტკიცებით, ქართული ისტორიის დრამა და სპეციფიკა ის არის, რომ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემის ერთადერთ ინგრედიენტად მაინცდამაინც ბატონყმობა შეგვრჩა; ქართული სახელმწიფოებრიობის კატასტროფა სწორედ ბატონყმობის გამარჯვებამ განაპირობა, რასაც ხელი შეუწყო ეკლესიამ.

სქემატურად ეს ასე შეიძლება გადმოიცეს: დიდგვაროვანი არისტოკრატიისა და მესამე წოდების, ანუ სამეფოსა და ქალაქ-სახელმწიფოს დაპირისპირებაში ეკლესიამ მონარქიის მხარე დაიჭირა, რასაც საბოლოო შედეგად მოჰყვა სოციალური ინფრასტრუქტურის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტის – ვაჭარ-ხელოსნური ქალაქის განადგურება და პოლიტიკური სისტემიდან მისი გაუჩინარება. ავთანდილ ჯოხაძის აზრით, გადამწყვეტ მომენტში ეკლესიის მიზეზით პოლიტიკური მოწყობის საკითხში ქვეყანამ მკვეთრი რეგრესი განიცადა.

ცხადია, ავტორს საკმარისად მოეძევება მტკიცებულებანი ჩემს მიერ ამ უაღრესად მშრალად და არასრულად გადმოცემული აზრების გასაშლელად და საილუსტრაციოდ. ისტორიული ფაქტებისა და წყაროების ახლებური ინტერპრეტაციის საშუალებით, ის კრიტიკულად აფასებს ეკლესიის გავლენას ქართველ თავადაზნაურობაზე მე-18 საუკუნეში, როცა ქვეყნის ელიტამ რუსეთთან ჩახუტება გადაწყვიტა. ეკლესიის მიზეზით ქართულმა საზოგადოებამ ვერ დაძლია მისი მოდერნიზაციის ამოცანის წინაშე მდგარი სიძნელეები, ვერ შექმნა აუცილებელი საგარეო-პოლიტიკური ფონი და ვერ შეძლო სახელმწიფო წყობის რეფორმირება – ასკვნის ავთანდილ ჯოხაძე.

ბრუნო კოპიეტერსის ნაშრომი – “სამშობლოს დასაცავად: ინტელექტუალები და ქართულ-აფხაზური კონფლიქტი” –წარმოადგენს ქართულ-აფხაზური დაპირისპირების ღრმა და საინტერესო რეტროსპექტულ ანალიზს. ავტორი ყურადღებას ამახვილებს ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების პოლიტიზაციაზე საბჭოთა პერიოდში, რამაც, გარკვეულწილად, პირობები შეუქმნა ქართული და აფხაზური ნაციონალიზმის ჩამოყალიბებასა და შეჯახებას. ინტელიგენციის ჩათრევამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ხალხის შესამართად, რამაც საბოლოოდ 1992-93 წლებში საქართველო-აფხაზეთის ომამდე მიიყვანა საქმე, წერს ბრუნო კოპიეტერსი, რომელიც ბრიუსელის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა კათედრის გამგეა.

“ქართულ-აფხაზური ურთიერთობები თითქოს რაღაც დაციკლული ხასიათისაა, ორივე მხარე დაჩაგრულად გრძნობს თავს და საკუთარ, თუნდაც შესაძლო ბრალეულობაზე ლაპარაკიც არ სურს”, აღნიშნავს ავტორი და იქვე დასძენს, რომ ინტელიგენციის იმ წარმომადგენლებს, ვინც თვალსაჩინო როლს თამაშობდა ხალხთა დარაზმვის საქმეში, ახლა ბევრად ნაკლები ან საერთოდ არავითარი გავლენა არა აქვს მმართველ წრეებზე. ხოლო თანამედროვე ქართველი და აფხაზი სწავლულები მოიკოჭლებენ საკუთარი ხალხის პოლიტიკური პრობლემა-მოთხოვნების თუნდაც სიტყვიერად ჩამოყალიბების მხრივ. მათ საერთოდ არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ საქართველო-აფხაზეთის ძირეული უფლებებისა თუ ერთობლივი სახელმწიფოს შენების საკითხზე რაიმე მოლაპარაკებებში. ბრუნო კოპიეტერსი ამ მოსაზრების არგუმენტებსაც სთავაზობს მკითხველს.

ცხადია, ასეთი ფრაგმენტული მონათხრობის მიზანი ვერ იქნება თუნდაც ზერელე წარმოდგენის შექმნა მითითებულ ალმანახზე, რომლის წინათქმაში რედაქტორი გია ნოდია აღნიშნავს: ყველა მასალა მეტად განსხვავებულია ერთმანეთისაგან, მაგრამ ერთი რამ აერთიანებთ – ყველა მათგანი უაღრესად საკამათოა და მეტად საინტერესო. თუ ალმანახის ავტორებს გამოეხმაურებიან სხვა ქართველი მეცნიერები და ინტელექტუალები, ეს მხოლოდ გამოაცოცხლებს სააზროვნო სიტუაციასა და ინტელექტუალურ ცხოვრებას ჩვენს ქვეყანაში.

დავით პაიჭაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.

საქართველოს ჟურნალისტთა კავშირ “სხივის” პრობლემები და გეგმები

დავით კაკაბაძე:
საქართველოს ჟურნალისტთა კავშირ “სხივის” პრესკონფერენცია ორ საკითხს მიეძღვნა: ფესტივალ “სხივი-2002”-ის გამართვას და 9 აპრილის მუზეუმის აღდგენას. “სხივის” პრეზიდენტის, თამაზ ბიბილურის განცხადებით, თბილისის მერიის ხელმძღვანელთა ხელშეწყობით მოხდა 9 აპრილის მუზეუმის ფართის ფარული პრივატიზება, რის შემდეგაც, 2000 წლის სექტემბერში, მუზეუმი დაარბიეს და ქუჩაში გააძევეს. განვლილ პერიოდში ჟურნალისტთა კავშირმა არაერთხელ მიმართა სახელმწიფო ინსტანციებს, მაგრამ შედეგი დღემდე არ ჩანს. “სხივის” პრესკონფერენციას გიორგი კაკაბაძეც დაესწრო.

გიორგი კაკაბაძე:
თამაზ ბიბილურის თქმით, 9 აპრილის მუზეუმის წინააღმდეგ მიმართული აქცია იმისთვის განხორციელდა, [ბიბილურის ხმა] “რათა 9 აპრილი და ეროვნული მოძრაობის ისტორია როგორმე წაიშალოს ჩვენი ხალხის მეხსიერებიდან. მეორე წელია, 9 აპრილის მუზეუმი დევნილობაშია. თბილისის პოლიცია და პროკურატურა არაფერს აკეთებს ბოროტმოქმედთა დასასჯელად. ჟურნალისტთა კავშირ “სხივისა” და 9 აპრილის მუზეუმის წინააღმდეგ განხორციელებული ვანდალიზმი იმის შედეგია, რომ საქართველოში არასამთავრობო ჟურნალისტური ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელ ჟურნალისტთა მიმართ ფარული რეპრესიები მიმდინარეობს. ხელისუფლება არ ზრუნავს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე, უხეშად ირღვევა კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები.”

პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ 2000 წლის 18 ივლისს, თბილისის მერიის სახელმწიფო ქონების სამმართველოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, 9 აპრილის მუზეუმის ფართი 2005 წლამდე ჟურნალისტთა კავშირ “სხივს” ეკუთვნის. ამჟამად “სხივის” გამგეობა ელის პასუხს ღია წერილზე, რომლის ადრესატები არიან კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რუსუდან ბერიძე, თბილისის მერი ვანო ზოდელავა.

როგორც თამაზ ბიბილური ამბობს, ჟურნალისტთა კავშირი “სხივი” უკან დახევას არ აპირებს. საინტერესოა ისიც, რომ კავშირის გამგეობას დაგეგმილი აქვს პრესის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება. ფესტივალი “სხივი-2002” სექტემბერში დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს. თამაზ ბიბილურის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტის შენობის წინ მდებარე ტერიტორიის მოვლა.

[ბიბილურის ხმა] “სამწუხაროდ, ბევრმა და, მათ შორის, ახალგაზრდებმა, არ იციან, რომ იქ დაკრძალული არიან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში 1921 წელს დაღუპული იუნკერები. ამიტომ, პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს ტერიტორია განსაკუთრებულად უნდა იყოს შემოღობილი და შუაში, იქ, სადაც დევს ქვა 9 აპრილის ტრაგედიის აღსანიშნავად, უნდა დაიდგას წამებულთა ძეგლი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიდგას ის უგუნური “იკაროსი”, რასაც საელმწიფოს ხელმძღვანელობა და არქიტექტორთა კავშირი ცდილობს.”

აღნიშნულთან დაკავშირებით, ფესტივალის ჩარჩოებში გამიზნულია საერთაშორისო კონკურსის გამართვა დ ამ საკითხში “სხივს” მხატვართა კავშირის მხარდაჭერის იმედი აქვს. ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილია ნაზი შამანაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონკურსის ჩატარება. “ერთ-ერთმა პირველმა სწორედ ნაზი შამანაურმა აიმაღლა ხმა საბჭოთა წყობის მანკიერი მხარეების წინააღმდეგო”, - შეახსენა დამსწრეთ თამაზ ბიბილურმა.

აღსანიშნავია თბილისის დაძმობილებული ქალაქებისა და “მშვიდობის დესპანი” ქალაქების ფოტოხელოვანთა და ფოტოჟურნალისტთა გამოფენის მოწყობა დევიზით “მეგობრობის ძალა”. [ბიბილურის ხმა] “იმიტომ, რომ, ფატობრივად, უკვე 20 წელია, საარბრიუკენთან და სხვა ბევრ ქალაქთან დაძმობილება გაფორმებულია და ჯერ ირაკლი ანდრიაძე წელიწადში 5-ჯერ დადიოდა ამ ქალაქებში, შემდეგ ნიკო ლეკიშვილი, ახლა კი ვანო ზოდელავა დადის. მერიის ხელმძღვანელებს ჰგონიათ, რომ ქალაქები სწორედ მათთვის დაძმობილდნენ.”

თამაზ ბიბილურის თქმით, მას ადრეც აღუნიშნავს, რომ ამ გამგზავრებების შედეგები სრულიად უცნობი რჩება ჩვენი საზოგადოებისათვის.

ფესტივალ “სხივი-2002”-ის ფარგლებში კიდევ ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორისაა პირველი ქართვლი ფოტოხელოვანის ალექსანდრე როინაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, თბილისში ვაჟა-ფშაველას მუზეუმის დაარსებასთან დაკავშირებული პრესკონფეენცია, ჟურნალისტთა საერთაშორისო სემინარი სახელწოდებით “ადამიანის უფლებები, დემოკრატია და მასმედია” და სხვა ღონისძიებები.

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.

[მუსიკა]

“განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან” – ბოხუმში დიდი წარმატებით გრძელდება საქართველოსადმი მიძღვნილი გამოფენა

დავით კაკაბაძე:
ერთ დროს საქართველო ოქროთი, ვერცხლით, სპილენძითა და რკინით მდიდარი ქვეყანა იყო. მაგრამ მას მერე საქართველოს მდინარეებში ბევრმა წყალმა ჩაიარა, უფრო ზუსტად კი რამდენიმე ათასწლეულმა. ასე რომ, ვისაც იმ, ლეგენდებით მოცულ ეპოქაში დაბრუნება სურს, გერმანიის ქალაქ ბოხუმში ჩასვლა მოუწევს: იქ, მსოფლიოში უდიდეს სამთო მუზეუმში, უკვე მე-10 თვეა მიმდინარეობს გამოფენა სახელწოდებით ”განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან”. ჩვენი გადაცემების ერთგულ მსმენელს, შესაძლოა, ახსოვდეს კიდეც, რომ ამ გამოფენის შესახებ უკვე ორჯერ გესაუბრეთ. ეს შარშან შემოდგომაზე მოხდა, როცა 28 ოქტომბერს მომეცა გამოფენის გახსნაზე დასწრების, აგრეთვე გამოფენის რამდენიმე ორგანიზატორთან გასაუბრების შესაძლებლობა, მათ შორის, ცნობილ ქართველ არქეოლოგთან, აწ გარდაცვლილ პროფესორ ოთარ ლორთქიფანიძესთან. სულ რამდენიმე დღის წინათ კი ბოხუმიდან მარიამ ჭიაურელი დაბრუნდა და, რაკი იმედი გვაქვს, რომ მსმენელს ამ უაღრესად წარმატებული გამოფენის მიმართ ინტერესი არ განელებია, ახლა მარიამი გაგიზიარებთ თავის, როგორც ვიცი, დიდ შთაბეჭდილებებს.

მარიამ ჭიაურელი:
კი, შთაბეჭდილება დიდია. მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ არა მარტო ქართველი, ანუ მეტ-ნაკლებად მომზადებული და ბუნებრივი ინტერესის მქონე მნახველისთვის: გერმანიაში ექსპოზიციამ იმდენად დიდი გამოხმაურება ჰპოვა, რომ ორგანიზატორებმა მისი რამდენიმე თვით გაგრძელება გადაწყვიტეს. ანუ იმის მაგივრად, რომ გამოფენა, თავდაპირველი გეგმის შესაბამისად, 19 მაისს დახურულიყო, ის 1 სექტემბრამდე გასტანს. აი, რა წერს ბოხუმში გამომავალი გაზეთი “რურ-ნახრიხტენი”:

”დამთავლიერებელთა ასეთ მოზღვავებას თვით სამთო მუზეუმშიც არავინ ელოდა. გამოფენამ სახელწოდებით “საქართველო: განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან” გერმანელთა ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ამდენი აღფრთოვანებული მნახველი სამთო მუზეუმს კარგა ხანია, არ ღირსებია, რაც მუზეუმის დირექტორს, პროფესორ რაინერ სლოტას, სრულ საფუძველს აძლევს, ამაყად გაგვიზიაროს თავისი აღტაცება. კულტურის სფეროში საქართველოს მიღწევები მართლაც შთამბეჭდავიაო, გვეუბნება პროფესორი სლოტა და თან არც თავისი თანამშრომლების მიერ გაწეული შრომის აღნიშვნა ავიწყდება. ამ გამოფენის მოსაწყობად სამთო მუზეუმი 1998 წლიდან ემზადებოდა. და, როგორც მნახველიც, დარწმუნდება, მის თანამშრომლებს დრო უქმად არ დაუკარგავთ.”

ეს წარმატება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, მაგრამ გამოფენის გაგრძელების აბსტრაქტულ მიზეზს – მისდამი ცხოველ ინტერესს - არ დავჯერდი და გერმანიის სამთო მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს, ევა კოხს ვთხოვე, აეხსნა, კონკრეტულად, რაში გამოიხატება ”დიდი გამოხმაურება”. [ევა კოხის ხმა] ”საქართველოს შესახებ გამოფენა უკვე 100 000-ზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა. მთელს მუზეუმს კიდევ უფრო მეტი მნახველი ჰყავდა, მაგრამ სალაროსთან ძალიან ხშირად გაიგებდით, რომ მუზეუმში მოსულების მიზანი სწორედ ამ გამოფენაზე მოხვედრა იყო და ამას სიხარულით ვიყენებდით ინტერესის გაზომვის შესაძლებლობად”.

ასეთი ინტერესის მთავარ მიზეზად ევა კოხი გერმანიაში საინფორმაციო საშუალებების ფართო გამოხმაურებას, მაგალითად იქაური ტელევიზიის პირველი და მეორე არხებით ნაჩვენებ რეპორტაჟებს მიიჩნევს: [ევა კოხის ხმა] ”ბედმა გაგვიღიმა: ამ გამოფენას ისეთი რეზონანსი მოჰყვა გაზეთებში, რადიოსა თუ ტელევიზიაში, როგორიც ჩვენს მუზეუმს არ ახსოვს. ასე რომ, ცნობა საქართველოს შესახებ ექსპოზიციის შესახებ, ვფიქრობ, რამდენიმე მილიონი ადამიანის ყურს მიწვდა. ამასობაში სქელი საქაღალდე გაგვევსო გამოფენისადმი მიძღვნილი პუბლიკაციებით. უკეთეს რეკლამას ვერც ინატრებ”.

რამდენიმე ასლი ევა კოხის სქელი საქაღალდიდან ჩვენს ხელთაც არის – წეღან უკვე შემოგთავაზეთ ნაწყვეტი ”რურ-ნახრიხტენში” გამოქვეყნებული წერილიდან. ახლა კი მოისმინეთ, რას წერს ყოველკვირეული ”ცაიტი” - გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი და სოლიდური პერიოდული გამოცემა:

”განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან. მისი მიზეზით არაერთი უსიამოვნება შეხვდა ამ ამბის ყველა მონაწილეს. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ბერძენმა გმირმა იაზონმა კოლხეთის (ანუ დღევანდელი საქართველოს) მეფეს ოქროს საწმისი მოჰპარა. დღეს კავკასიის ეს პატარა, ანტიკური მითოლოგიიდან ცნობილი ქვეყანა ცდილობს, საკუთარი თავისადმი და თავისი წარსულისადმი ინტერესი გააღვივოს. “განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან” – ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც ბოხუმის სამთო მუზეუმში გაიხსნა. გამოფენაზე 500 ექსპონატია წარმოდგენილი, დამზადებული ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონებისგან: სამკაული, ბრძოლისა თუ შრომის იარაღი. ძველად დღევანდელი საქართველოს მოსახლეობა მდინარეებიდან ცხვრის ტყავების დახმარებით მოიპოვებდა ოქროს. შესაბამისად, ოქროს საწმისი სიმდიდრის, კეთილდღეობის სიმბოლოა. მეტიც: როგორც გამოფენა ადასტურებს, ადამიანი უკვე იმხანად ფლობდა მადნეულის მოპოვებისა თუ ლითონის დამუშავების მაღალგანვითარებულ ტექნიკას; იქაურებს გაცხოვებული სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებთან, რომელთა მოსახლეობა ეტრფოდა ფუფუნებას და უყვარდა საკუთარი სხეულის მორთვა-მოკაზმვა. თუმცა, საამისოდ მას სამხრეთი კავკასიიდან ჩამოტანილი იშვიათი წიაღისეულისთვის ჯიბეზე ხელის გაკვრა უხდებოდა. რადგან, მართალია, შორიდან მოსულმა ბერძენმა გმირმა ერთხელ კი მოპარა ქართველებს ოქროს საწმისი, მაგრამ ასეთი რამ მათ მეორედ აღარ დამართნიათ.”

გაზეთ ”ცაიტის” ამ სტატიაში ბერძენი გმირის – იაზონის თავგადასავლის მოხსენიება, აგრეთვე ექსპოზიციის სახელწოდება ”განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან” იმაზე მიუთითებს, რომ გამოფენას არც მითოლოგიური განზომილება აკლია, რაც თავისთავად, ცოტა არ იყოს, უცნაურია: სამთო მუზეუმის ყურადღების ცენტრში ხომ ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვება და დამუშავება დგას და მასთან მითოლოგიას, თუ შეიძლება ასე ითქვას, არაფერი ესაქმება. ამიტომ ევა კოხს ვთხოვე მოეთხრო, როგორ გაჩნდა ეს უჩვეულო კონცეფცია: [ევა კოხის ხმა] ”იდეა, ეს ახალი კონცეფცია, ძალიან მალე ჩაისახა. ქართველმა კოლეგებმა ექსპონატების ნამდვილი, დიდი საგანძური გადმოგვცეს. არადა, ექსპონატების სიმრავლემ, შესაძლოა, უარყოფითადაც იმქომედოს: გადაღალოს, ყურადღება მოუდუნოს დამთვალიერებლს. ეს ერთი. მეორე მხრივ, ცოტას თუ აქვს სრული წარმოდგენა ამ მართლაც საინტერესო, ლამაზი ქვეყნის – საქართველოს შესახებ. ძალიან გვინდოდა ამ თეთრი ლაქის ამოვსება. და რახან საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა, ხოლო გერმანიაში თითქმის ყველას სკოლიდანვე სმენია ბერძნული მითების, პრომეთეს, ოქროს საწმისის შესახებ, ვიფიქრეთ: გარდა იმისა, რომ დამთვალიერებლებს ინფორმაციას მივაწვდით და ლამაზ ობიექტებს ვაჩვენებთ, მოდი, მიმზიდველი ატმოსფეროც შევქმნათ. მუზეუმში მოსული განვაწყოთ საიმისოდ, რასაც გამოფენაზე ნახავს. და მართლაც, მნახველთა რეაქცია ერთგვარ თეატრალიზებულ დადგმაზე, რომლითაც გამოფენა იწყება, უაღრესად დადებითია. ისინი სიხარულით აგრძელებენ დათვალიერებას. ასე რომ, კონცეფცია ძალიან მოსწონთ.”

ევა კოხმა ისიც აღნიშნა, რომ ბოხუმში მიმდინარე გამოფენის იდეა პირველ რიგში ირინე ღამბაშიძეს ეკუთვნის. ქართველი მეცნიერი 1998 წელს ბოხუმის სამთო მუზეუმში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიით იმყოფებოდა და სარესტავრაციოდ ჩატანილი ჰქონდა 30 რკინის ნივთი. რესტავრაციის შემდეგ ნივთებმა სრულიად სხვა სახე მიიღო და ქართველ მეცნიერს, ბუნებრივია სურვილი აღუძრა, ასეთივე რესტავრაცის გაკეთებოდა საქართველოს ფონდებში დაცულ ასობით სხვა ნივთსაც. გერმანელ მეცნიერებს დახმარებაზე უარი არ უთქვამთ და ასე ჩაიტანეს ბოხუმში ასობით ობიექტი, რომელთა სარესტავრაციოდ გერმანიის სამთო მუზეუმმა უზარმაზარი თანხა გაიღო.

მაგრამ მოდით, ახლა ისვე გამოფენას დავუბრუნდეთ. ის სამ ნაწილად არის დაყოფილი და, როგორც ევა კოხმა აღნიშნა, პირველ ნაწილში, ანუ პირველ დარბაზში მართლაც თეატრალიზებული დადგმის მოწმე ვხდებით: დარბაზი ჩაბნელებულია და ეფექტური განათება ცალკეული ექსპონატებისაკენ გვიხმობს. აი, როგორ აღწერს ატმოსფეროს გაზეთი ”ფრანკფურტერ ნოიე პრესე”:

”გამოფენის დასაწყისში მნახველი აღმოჩნდება იაზონის ხომალდზე, რომელიც მუზეუმის დიზაინერმა დეტლეფ ვიოლფელმა დააპროექტა. ამ ხომალდზე, ვიტრინებში მოთავსებული ძვირფასი ექსპონატები ადრეულ კულტურაზე პირველ შთაბეჭდილებას გვიქმნიან. მაგალითად, მხედრის ფიგურიანი ბრინჯაოს რიტუალური ნაჯახი, დათარიღებული ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე-მეშვიდე საუკუნეებით; ან მოკაშკაშე ოქროს ლომი, რომელიც ქრისტეშობამდე მესამე საუკუნეშია დამზადებული. ამ გამოფენის ექსპონატები პატარა სენსაციად შეიძლება მივიჩნიოთ!”

მეორე, ოვალური ფორმის დარბაზი კარგად არის განათებული. დიდ ვიტრინებში გამოფენილი ფოტოსურათები და ნახატები, აგრეთვე მაღალ პროფესიულ დონეზე მომზადებული წარწერები თუ მცირე ტექსტები დამთვალიერებელს შორეული საქართველოს ხანგრძლივი ისტორიის, ბუნების, ადამიანების შესახებ უყვება. არ დავიწყებიათ, მაგალითად, დმანისში გაკეთებული სენსაციური აღმოჩენა. ასე რომ, იდუმალების ელფერი არც მეორე დარბაზს აკლია: დამთვალიერებელი ხომ ადამიანის - ევრაზიის ტერიტორიაზე დღეისათვის ცნობილ – უძველეს წინაპარს, 1,75 მილიონი წლის ”ჰომო ერეკტუსის” ნაშთების ასლს შეჰყურებს!

აი, ექსპოზიციის მესამე და უდიდესი ნაწილი კი ნათელს ხდის, რატომ მასპინძლობს გამოფენას ”განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან” მაინცდამაინც სამთო მუზეუმი: ბოლო დარბაზი სხვადასხვა ლითონის მოპოვებასა და დამუშავებას ეთმობა და მეც სწორედ ამ დარბაზში ვესაუბრე დოქტორ ანდრეას ჰაუპტმანს - მეცნიერს, რომელიც 3 კოლეგასთან, დოქტორ ირინე ღამბაშიძესთან, დოქტორ ონსალ იალჩინთან და პროფესორ რაინერ სლოტასთან ერთად გამოფენის სამეცნიერო კონცეფციის ავტორია. ანდრეას ჰაუპტმანის განმარტებით: [ანდრეას ჰაუპტმანის ხმა] “ამ გამოფენით გვინდა ვაჩვენოთ მეტალურგიის განვითარება, ლითონების გამოყენება. გვინდა ვაჩვენოთ ლითონების მოპოვება და დამუშავება ძველ დროში და გამოფენა სხვადასხვა ლითონის მიხედვით არის დაყოფილი. მეტალურგიის ისტორია მე-6 ათასწლეულში სპილენძით იწყება. ეს არის პირველი ლითონი, რომელიც ადამიანმა აღმოაჩინა.”

მესამე დარბაზის ვიტრინებში გამოფენილია ნედლეული და მადანი, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდ იყენებდნენ: ეს არის ანტიმონისა და სპილენძის, ტყვიისა და ვერცხლის, ოქროს შემცველი მადანი. გამოფენილია აგრეთვე შრომის იარაღი, საბრძოლო იარაღის ფრაგმენტები, სამკაული. აი, რას წერს გაზეთი “ვესტდოიჩე ალგემაინე ცაიტუნგი”:

”ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, სპილენძისა და ბრინჯაოს იარაღი, კალის ათასგვარი მოკაზმულობა – ეს განძი იმ დროს იქმნებოდა, როცა ადამიანი ლითონის დამუშავებას სწავლობდა. ეს იყო ათი ათასი წლის წინათ. მაშინ კავკასიონის კალთებზე პირველი მომთაბარეები დასახლდნენ. და სულ მალე აღმოაჩინეს მოლაპლაპე, სხვადასხვაფრად მოელვარე სპილენძი, რომელიც ლამის ყოველ ნაბიჯზე ხვდებოდათ, და რომელიც, სულ მალე, მრავალთა წადილის ობიექტად იქცა.”

მაინც, რა იყო განსაკუთრებული კავკასიის რეგიონში ლითონების მოპოვებისა და დამუშავების თვალსაზრისით? ზოგადად, რა თავისებურებებს უკავშირდება საქართველოს ტერიტორიაზე მეტალურგიის განვითარების კვლევა? ამ შეკითხვაზე ანდრეას ჰაუპტმანი შემდეგ პასუხს იძლევა:
[ანდრეას ჰაუპტმანის ხმა] ”ორი განსაკუთრებული ასპექტი უნდა გამოვყოთ. პირველი ის გახლავთ, რომ კავკასიის ან, უფრო ზუსტად, დღევანდელი საქართველოს ტერიტორია კარგა ხნის მანძილზე მიუწვდომელი იყო საერთაშორისო კვლევისთვის. ამ მხრივ ვითარება მხოლოდ ახლახან, პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებასთან ერთად შეიცვალა. და ახლაღა შევძელით რეგიონისთვის თვალის შევლება და პირველი პასუხების მიღება კითხვაზე: მაინც, რა ხდებოდა იქ? მეორე ასპექტი კი შემდეგი გახლავთ: კავკასიის რეგიონი იმდენად მდიდარია, წარმოუდგენლად მდიდარია ათასგვარი ლითონებით, რომ ისინი თავისთავად იპყრობენ საყოველთაო ყურადღებას. ჩნდება კითხვა: რით უნდა აიხსნას ლითონის ობიექტების ასეთი არნახული მოზღვავება? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ მოგვეპოვება. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ კავკასიაში მრავლად არის მადნეულის საბადოები, რომლებიც ძველ დროში სპილენძისა თუ რკინის მოპოვების უმდიდრეს წყაროს წარმოადგენდა. ის, რომ კავკასიის რეგიონში დიდი რაოდენობით შეჰქონდათ კალა, აქამდე მეცნიერთათვის ცნობილი არ იყო. ამიტომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გახლდათ, ეს ასპექტი – კავკასიაში ლითონის მოპოვებისა და დამუშავების თემა – ყურადღების ცენტრში მოგვექცია.”

რაც შეეხება ლითონს, რომელიც გამოფენის სახელწოდებაშივე გვხვდება – "განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან" – მასზე საუბრისას ანდრეას ჰაუპტმანმა გაიხსენა დასავლეთ საქართველოში მდებარე ვანი და გაოცებულმა აღნიშნა, რომ ამ ყოფილ ბერძნულ კოლონიაში ქართველ არქეოლოგებს 1700-ზე მეტი ოქროს ნივთი აქვთ აღმოჩენილი! ასე რომ, კოლხეთი ოქროთი მდიდარი ქვეყანა იყო და ამ ლითონს, როგორც ჩანს, მდინარეებში მოიპოვებდნენ: ასე შეიქმნა ოქროს ვერძის მითი. ოქროს ვერძი კოლხეთის ეკონომიკური სიძლიერის სიმბოლოა და თან, უბრალოდ, საშუალება, იარაღი ოქროს მოსაპოვებლად: როგორც ცნობილია, ცხვრის ტყავს მდინარეში აფენდნენ ოქროს ნაწილაკების შესაგროვებლად.

განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ ოქროს ვერძის ოდისეა არგონავტების მითით არ ამოიწურება. მე-15 საუკუნეში ევროპაში დაარსდა უაღრესად პრესტიჟული ”ოქროს ვერძის ორდენი”, რომლის წევრები მეფეები, თავადები, თვით იმპერატორებიც კი იყვნენ. როგორ მოხდა, რომ წარმართული ეპოქიდან შემორჩენილი ”ოქროს ხბო” ნეგატიურად არის დატვირთული, ხოლო ასევე წარმართული ”ოქროს ვერძი” ქრისტიანული სამყაროს საერო ლიდერთა ერთიანობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა?

ამ შეკითხვაზე პასუხს არგონავტების მითი იძლევა: ის მოგვითხრობს მამაკაცთა საძმოზე, რომელიც საბერძნეთიდან კოლხეთში მიემგზავრება ოქროს საწმისის ხელში ჩასაგდებად. ეს არის საძმო, რომელიც არაერთ საფრთხეს გადაურჩება, მრავალ დაბრკოლებას გადალახავს, რათა მიზანს მიაღწიოს, ხელთ იგდოს ოქროს საწმისი – საგანძური. არგოთი მოგზაური მამაკაცების ამ ერთობას მიბაძეს ”ოქროს საწმისის ორდენის” შექმნით.

და ბოლოს, გარკვეული თვალსაზრისით, მთავარი შეკითხვა: თუ ძველად კოლხეთი ესოდენ მდიდარი იყო ოქროთი, უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ მის მდინარეებს ოქრო დღემდე შემორჩა? აი, როგორია ანდრეას ჰაუპტმანის პასუხი:

[ანდრეას ჰაუპტმანის ხმა]”უდავოა, ოქრო აღარ არის, ის წყალმა ჩამორეცხა. თუმცა, არა მგონია, იგი სულ გამქრალიყო. ინფორმაცია, რომელიც ამჟამად მოგვეპოვება, მწირია: არც ერთი ქვეყნის ხელისუფლება არ ლაპარაკობს ღიად მის ხელთ არსებული ოქროსა თუ სხვა მდიდარი ლითონების შესახებ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, კოლხეთის მდინარეებში დღესაც შეხვდებით ოქროს. რა რაოდენობით? ეს ჩვენ არ ვიცით.”

გერმანელი და ქართველი მეცნიერები თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ. მე კი ისღა დამრჩენია, დავეთანხმო დავით კაკაბაძეს, რომელმაც საქართველოს შესახებ გამოფენაზე შარშან, ოქტომბერში მომზადებული რეპორტაჟი ასეთი რჩევით დაამთავრა – თუ გამოფენის ”განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან ” დამთავრებამდე გერმანიაში მოხვდებით, ნუ დაიზარებთ და ბოხუმშიც ჩადით. მეც გარწმუნებთ: არ ინანებთ.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
“მეათე სტუდიას” და მასთან ერთად ჩვენს დღევანდელ გადაცემას ვამთავრებთ ნაწყვეტით გერმანელი კომპოზიტორის რალფ შმიდტის ნაწარმოებიდან “ჰიმნი კოლხეთს”. ”მეათე სტუდია” პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. რადიოჟურნალს დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG