Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა კრიზისი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში - ამ საკითხს დავუთმობთ ყურადღებას უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში.

როგორც გაზეთი ”უოლ სტრიტ ჯორნალი” აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, განვლილი ერთი წლის მანძილზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საბოლოოდ გაუქარწყლა ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო-პოლიტიკურ უწყებათა მესვეურებს იმის რწმენა, რომ ნატო – რუსეთის მარადიული მტერია.მაგრამ, საუბედუროდ, იგივეს ვერ ვიტყვით კრემლის დამოკიდებულებაზე იმ მეზობელ ქვეყნებთან, ერთ დროს საბჭოთა კავშირში რომ შედიოდნენ, და რასაც, თბილის-მოსკოვის ურთიერთობაში ამჟამად შექმნილი კრიზისული ვითარება ცხადყოფს. ოფიციალური ვერსიით, ყოველ შემთხვევაში, რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს თუ დავესესხებით, ურთიერთობის დაძაბულობა, ამ ბოლო დროს რომ მოხდა რუსეთ-საქართველოს შორის, ტერორიზმითაა გამოწვეული. გაზეთი განაგრძობს:

”მოსკოვი აცხადებს, რომ ჩეჩენი მეამბოხეები საქართველოს საზღვარზე გადადიან და ბინავდებიან პანკისის ხეობაში, რომელსაც კვლავ ბომბავს რუსეთის ავიაცია. კრემლი მოითხოვს 14 მამაკაცის გაცემას, რომლებსაც ჩეჩენ მეამბოხეებად მოიხსენიებს. მაგრამ, საქართველო უარს ამბობს ამაზე, ვიდრე რუსეთი არ წარმოადგენს სარწმუნო სამხილს, რომ ამ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს. და საქართველოს რეაქცია -–სავსებით გამართლებულია. მას შემდეგ, რაც მოსკოვი, წლების მანძილზე მოურიდებლად აცხადებს, რომ საქართველო - ტერორისტებს, ანუ ჩეჩენ მეამბოხეებს აძლევს თავშესაფარს, თბილისს, ბუნებრივია, არ სურს საბაბი მისცეს დღეს რუსებს იმის სათქმელად, რომ ამგვარი მტკიცება – დადასტურდა, რაც შემდგომ, საქართველოში სამხედრო ინტერვენციის გასამართლებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული”.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ აქტიურად დაუჭირა მხარი შეერთებული შტატების ანტიტერორისტულ კამპანიას ავღანეთში, და თანაც, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურს თავის ქვეყანაში, ცხადი ხდება, რომ ამჟამინდელი კრიზისი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, ტერორიზმთან ბრძოლასთან არანაირად არაა დაკავშირებული. ეს კრიზისი იმითაა გამოწვეული, რომ რუსეთის ოცნებაა საკუთარ კონტროლქვეშ მოაქციოს, ისევ, დღეს უკვე დასავლეთზე ორიენტირებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა.

კრემლმა არაერთგზის დაადასტურა თავისი ქმედებით, რომ არა და არ სურს სტალინის სამშობლოსან განშორება. რუსეთი სამხედრო ბაზებს ინარჩუნებს საქართველოში და მძაფრი საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, ფეხს ითრევს და აჭიანურებს ხსენებული ბაზების დახურვას. და როცა იგი აღარ შეახსენებს ქართველებს, რომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან, მოსკოვი სხვა ბერკეტს იშველიებს: საქართველოში წყდება ნავთობისა და გაზის მიწოდება. ამგვარი ტაქტიკა ალბად მომავალშიაც გაგრძელდება, როგორც ამას ულტრანაციონალისტი ვლადიმირ ჟირინოვსკი და მისი თანამოაზრენი მოითხოვენ. უკანასკნელ წლებში არსებითად შეიცვალა რუსეთის საგარეოპოლიტიკური გეზი. გაუმჯობესდა მისი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან. და ყოველივე ამის ფონზე, მოსკოვმა უნდა გადასინჯოს დამოკიდებულება თავის ყოფილ საბჭოთა ვასალებთან. პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ, თავის მხრივ, უნდა ისარგებლოს თავისი მეგობრული ურთიერთობით მოსკოვთან და არაორაზროვნად შეახსენოს კრემლის ლიდერებს, რომ ახალი რუსეთი ვეღარ ჩაებღაუჭება აწ უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოს”.

ამავე გაზეთის მიმომხილველს ვლადიმირ სოკორს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ პრეზიდენტ პუტინის უახლოეს მრჩევლებს ვაშინგტონის თანხმობა სურთ დასავლეთზე ორიენტირებულ საქართველოში ”ანტიტერორისტული” სამხედრო ინტერვენციის განსახორციელებლად. კრემლს, როგორც ჩანს, იმედი აქვს, რომ შესძლებს ვაშინგტონის დაყოლიებას გარიგებაზე: ”ერაყი-საქართველოს სანაცვლოდ”, ანუ რუსეთი აღარ აღუდგება წინ ამერიკის სამხედრო ოპერაციას სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ, რამდენიმე თვის შემდეგ, თუ ვაშინგტონი მდუმარე თანხმობას მისცემს, დღესვე, რუსეთის სამხედრო აქციას საქართველოში. ვლადიმირ სოკორი განაგრძობს:

”საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული ინტერვენციის მომხრეთა გუნდი ასე გამოიყურება: პრეზიდენტ პუტინის მრჩეველი სერგეი იასტრჟემბსკი, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები: სერგეი და იგორ ივანოვები, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვი და საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი მიხაილ მარგელოვი. ამ გუნდს, ულტრანაციონალისტი ვლადიმირ ჟირინოვსკი და მისი თანამოაზრეებიც შეუერთდნენ. ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ რუსეთს აქვს ”უფლება” ჯარი შეიყვანოს საქართველოში, როგორც ეს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში, ისრაელმა – მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ხოლო ინდოეთმა, მის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში მოიმოქმედა ”საერთაშორისო ტერორიზმის” წინააღმდეგ. თუმცა, ამგვარი პარალელის გავლება - ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. სწორედ ამას გულისხმობდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, როცა 1 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირა მხარი. განცხადებაში ნათქვამი იყო ასევე, რომ თავად საქართველომ უნდა განახორციელოს, საჭიროების შემთხვევაში, მის ტერიტორიაზე ნებისმიერი ანტიტერორისტული იპერაცია.

მოსკოვმა უმალვე მიანიშნა, რომ წინ აღუდგება შეერთებული შტატების მოსალოდნელ სამხედრო ოპერაციას ერაყში. ოფიციალურმა ორგანომ, ”როსიისკაია გაზეტამ”, სარედაქციო სტატიაში ღრმა იმედგაცრუება გამოთქვა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ვაშინგტონის მიზანია ”კავკასიაში თავის სტრატეგიულ ფორპოსტად აქციოს საქართველო, რასაც ენთუზიაზმით დაუჭირა მხარი ოფიციალურმა თბილისმაო”. როგორც ”როსიისკაია გაზეტას” მიაჩნია, შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს ”ცალმხრივად დაიწყოს ომი ერაყის წინააღმდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობის თანხმობის გარეშე”. ვლადიმირ სოკორი განაგრძობს:

არაერთი წელია უკვე, კრემლი ყოველნაირად ცდილობს თავის ორბიტაზე დააბრუნოს საქართველო. რუსი გენერლები ჩქარობენ, ჯარი გააგზავნონ საქართველოში ოქტომბრამდე, როცა კავკასიის მთიანეთი თოვლით დაიფარება. კრემლი აცხადებს, რომ პანკისის ხეობა ”საერთაშორისო ტერორიზმის” ბაზაა, საიდანაც ჩეჩნეთში მყოფი მეამბოხეები მომარაგებას ღებულობენ. ესაა სასაცილო გაზვიადება, ვინაიდან რუსმა და ქართველმა მესაზღვრეებმა თითქმის მთლიანად გადაკეტეს ჩეჩნეთ-საქართველოს საზღვარი და უკანონო გადასვლა საზღვარზე მინიმუმამდეა დაყვანილი. ცხადია ისიც, რომ პანკისის ხეობა ორგანიზებული დამშავეობის ბუდედ იქცა. მაგრამ ამით, თავად საქართველო ზარალდება, და არა რუსეთი. ეგრედ წოდებულმა ”ანტიტერორისტულმა” კამპანიამ, ფედერალური ჯარი რომ აწარმოებს ჩეჩნეთში, ათეული ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, და გაცილებით მეტია ხეიბრებისა და უსახლკაროდ დარჩენილთა რიცხვი. და რა გასაკვირია, თუ საქართველოს არ სურს ასეთივე ტრაგედიის განმეორება მის ტერიტორიაზე. თუ რუსეთი შეიარაღებულ ინტერვენციას განახორციელებს საქართველოში, ეს უდიდეს დარტყმას მიაყენებს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას, აგრეთვე მოსკოვის თანამშრომლობას ნატოსთან. გარდა ამისა, ანტიტერორისტული რიტორიკის ბოროტად გამოყენება დაანახებს მთელს მსოფლიოს, რამდენად გულწრფელი იყო მოსკოვი, როცა პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვა ამჟამად მიმდინარე, ანდა სამომავლოდ დაგეგმილ ჭეშმარიტ ანტიტერორისტულ ოპერაციებში შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს.

როგორც გაზეთი ”აირიშ ტაიმსი” აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, ამჟამინდელი კრიზისი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, ჩეჩნეთში სამი წლის მანძილზე მიმდინარე ომის პირდაპირი შედეგია. გაზეთს მოჰყავს მოსკოველი სამხედრო ექსპერტის, პაველ ფელგენჰაუერის ნათქვამი იმის შესახებ, რომ რუსეთის დემორალიზებული ჯარის შეყვანით, პანკისის ხეობაში, კიდევ უფრო თუ გართულდება ვითარება. ხოლო გაზეთ ”ჩიკაგო ტრიბიუნის” აზრით, მოსკოვის განრისხება იმითაა გამოწვეული, რომ ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები საქართველოს ჯარს ამზადებენ ანტიტერორისტული ოპერაციის განსახორციელებლად.
XS
SM
MD
LG