Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძველი ბოლშევიკის ისტორიული წერილი


დოკუმენტი, რომელსაც დღეს, ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის,

“ოქროს საუკუნის” წამყვანი გიორგი გვახარია გაგვაცნობს, სულ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს რუსეთის (ყოფილი საბჭოთა კავშირის) დახურულ არქივში. ძველი ბოლშევიკის, შულგინის ამ წერილში, რომელიც მან პირადად გაუგზავნა სტალინს, ერთი შეხედვით მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმ გორკის ლიტერატურულ მემკვიდრეობაზეა საუბარი. მაგრამ 1952 წლის სექტემბრით დათარიღებული შულგინის ბარათი უფრო იმას ცხადყოფს, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სტალინი ისევ აპირებდა გორკის გამოყენებას თავისი მიზნებისთვის – თავისი ყველაზე სანუკვარი და განუხორციელებელი მიზნისათვის – ლენინის დისკრედიტაციისთვის.

ზუსტად 50 წლის წინ, აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც კომუნისტურ ბლოკში გაერთიანდნენ, მარქსისა და ენგელსის სახელებს უკვე ნაკლებად ახსენებდნენ. მასობრივ ღონისძიებებზე, საგანგებოდ მოწყობილი სცენას, როგორც წესი, მხოლოდ ლენინისა და სტალინის სურათები ამშვენებდა. სიმღერები ლენინზე ზუსტად ისევე იყო პოპულარული, როგორც სიმღერები სტალინზე. თუმცა პოლონეთში, უნგრეთში, ბულგარეთსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, სტალინზე შექმნილი სიმღერების ტექსტის თარგმნა ცოტა არ იყოს გაჭიანურდა, ლენინს კი აქაური პროლეტარები 20-იან წლებშიც უმღეროდნენ. ამიტომ, ბუნებრივია, რომ პარტიულ ღონისძიებებზე უფრო ხშირად ლენინის შესახებ შექმნილი ჰიმნები სრულდებოდა. უნგრეთში, მაგალითად (მუსიკა)

1951 წელს სტალინის უშუალო ბრძანებით, მოსკოვში, საბჭოთა რესუბლიკების დედაქალაქებში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, დაიწყო გორკის თხზულებათა სრული კრებულის გამოცემა. 1952 წელს რუსულ ენაზე უკვე დაიბეჭდა 17-ე ტომი, რომელშიც თავმოყრილი იყო მაქსიმ გორკის მოგონებები ლენინზე. ცენტრალურ პრესაში, ისივე როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კომუნისტურ ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა აღფრთოვანებულ კრიტიკოსთა წერილები – პარტიის იდეოლოგები განუწყვეტლივ მიმართავდნენ გორკის ციტირებას – როგორც წესი, სტალინის შესახებ გამოთქმულ მის მოსაზრებებს გვახსენებდნენ.

და აი, 50 წლის წინ, ძველი ბოლშევიკი, გვარად შულგინი, როგორც ჩანს, საკმაოდ გულუბყვილო, მართლაც რომ “ძველი” კაცი, სტალინს უგზავნის ვრცელ წერილს, რომელშიც ავტორი ეჭვს გამოთქვამს გორკის მოგონებების დაბეჭდვის მიზანშეწონილობაზე. “ძვირფასო იოსებ ბესარიონის ძევ! – წერს შულგინი – ეს ხომ ლენინის შესახებ დაწერილი მოგონებებია, გორკის მოგონებები. გორკი უყვართ, გორკის სჯერათ, გორკით ამაყობს ჩვენი ქვეყანა...მაგრამ გორკის მოგონებებში ისეთი სიტყვებია გამოყენებული, რომელიც ამახინჯებს ლენინის სახეს. ამიტომ საეჭვოა ჩვენმა მკითხველმა, მითუმეტეს ჩვენმა მეგობრებმა ევროპაში, ეს სიტყვები სწორად გაიგონ”(ციტატის დასასრული)

“არა გგონიათ, რომ სისულელით, წვრილმანებით ხართ დაკავებული?”- უთქვამს ლენინს გორკისთვის ჯერ კიდევ რევოლუციის პირველ დღეებში. როგორც გორკი თავის მოგონებებში აღნიშნავს “ეს იყო ირონია, დამახასიათებელი ლენინისათვის”.

შულგინი შენიშნავს, რომ მწერალს მოეჩვენებოდა ეს ირონია, რადგან მისი აზრით ბოლშევიკების ბელადი ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდა და არასდროს დასცინოდა. სტალინის მისამართით გაგზავნილ წერილში შულგინი ეჭვობს, რომ გორკი უბრალოდ დაიბოღმა, რადგანაც ლენინმა ჯეროვნად არ შეაფასა მისი ნიჭი, შულგინის აზრით, სწორედ ამ ბოღმას ასახავს გორკის შემდეგი სიტყვები: “ლენინს ძლიერი ნებისყოფა ჰქონდა, ის თვისება, რომლითაც გამოირჩეოდა რუსული ინტელიგენცია – თვითშეზღუდვის უნარი, რომელიც ზოგჯერ თვითგვემაში, საკუთარი თავის დასახიჩრებაში, ხელოვნების უარყოფაში გადაიზრდებოდა”.

ძველი ბოლშევიკი შულგინი გაოგნებულია, რომ გორკის თხზულებათა კრებულის გამომცემლებმა ეს ფრაზა კომენტარის გარეშე დაბეჭდეს. შულგინი ახსენებს სტალინს, რომ რევოლუციის ბელადის მუსიკის მიმართ დამოკიდებულების შესახებ ლეგენდები დადიოდა, რომ ლენინს პირადად უთქვამს მისთვის “როგორი სახალისო რამეა ფერწერა, ხატვის დრო კი არასდროს მაქვსო”...შულგინი გაოგნებულია, რომ ლენინის ამგვარ დახასიათებას, სიტყვებს ‘თვითგვემა”, “საკუთარი თავის დასახიჩრება” მთელი მსოფლიო ეცნობა. თუმცა იმასაც აღიარებს, რომ შეცდომების გამოსწორება აღარ შეიძლება – წიგნი უკვე დაიბეჭდა.
(პირველი ნაწილის დასასრული)

როცა ძველი ბოლშევიკი შულგინი სტალინს ამ წერილს წერდა, მას იმის იმედი მაინც ექნებოდა, რომ რამდენიმე დღეში გაზეთი “პრავდა” გორკის თხზულებათა 17-ე ტომის გამომცემლებს კარგა მაგრად გაამათრახებდა. მაგრამ ყველაფერი პირიქით ხდებოდა. პრესა ოცტომეულს აქებდა. უფრო მეტიც, მკითხველს მოუწოდებდა აუცილებლად წაეკითხა სწორედ 17-ე ტომი – გორკის მოგონებები სტალინზე, სადაც მკითხველი გორკის თუნდაც აი, ასეთ ფრაზას გადაეყრებოდა: (ციტატა) “ბავშვებს იგი( იგულისხმება ლენინი) ფრთხილად ეფერებოდა, უცნაურად, მსუბუქად ეხებოდა ხელით”.(ციტატის დასასრული)...”ეს ფრაზა აუცილებლად უნდა ამოვიღოთ – წერს შულგინი სტალინს – სრული სიყალბეა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დააბნევს მკითხველს”.

ძველი ბოლშევიკი შულგინი ეტყობა მართლაც ვერ ხვდებოდა, რომ 1952 წლის საბჭოეთი საერთოდ აღარ ჰგავდა ბოლშევიკური რევოლუციის ეპოქას და რომ “მკითხველის დაბნევა” იყო კიდეც გორკის თხზულებათა სრული კრებულის გამომცემელთა მიზანი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ – ასეთი მიზანი ჰქონდა ამ გამოცემის ინიციატორს – იოსებ სტალინს. შულგინს ვერ გაეგო, რატომ მიმართავენ რეცენზენტები 17-ე ტომის ციტირებას და რატომ, როგორც თავად აღნიშნავს, “ამრავლებენ” გორკის თუნდაც ამ სიტყვებს: “ერთხელ ვკითხე მას, მეჩვენება, თუ მართლა ეცოდება ადამიანები – წერს მაქსიმ გორკი – “ჭკვიანები- მეცოდება – უთქვამს ლენინს – ჭკვიანები ცოტა გვყავს. ჩვენ ნიჭიერი ხალხი ვართ, მაგრამ ზარმაცები. ჭკვიანი რუსი თითქმის ყოველთვის ებრაელია, ან ებრაული სისხლი აქვს”(ციტატის დასასრული)

აქ ძველი ბოლშევიკი შულგინი უკვე ვეღარ მალავს აღშფოთებას. სტალინისადმი მიწერილ წერილში იგი ამტკიცებს, რომ ფრაზაში “ჭკვიანები მეცოდება” – უფრო გორკის მიმართ ირონია უნდა იკითხებოდეს, რადგან მწერალმა რევოლუციის ბელადს უაზრო კითხვა დაუსვა. თუმცა ებრაელების შესახებ შულგინი არაფერს წერს. მართალია იგი ძველი ბოლშევიკია, ის მაინც ესმის, რომ 1952 წელს, სტალინისადმი გაგზავნილ წერილში, ებრაელთა დაცვა უხერხული იქნებოდა. იმხანად, ეგრეთ წოდებული “ექიმების საქმე” ხომ სტალინის პირადი ინიციატივით შეთითხნეს. სტალინის მიერ წამოწყებული ანტისემიტური კამპანია მიზანად ისახავდა სწორედ იმათ დასჯას, რომლებიც თავიანთ სამზარეულოებში “ებრაელი ხალხის გამორჩეულობაზე” ლაპარაკობდნენ, თუნდაც იმაზე, რომ “ჭკვიანი რუსი ყოველთვის ებრაელია, ან ებრაული სისხლი აქვს”.

და აი აღმოჩნდა, რომ ბოლშევიკების ბელადს ასეთი რამ არა სამზარეულოში, არამედ პირადად გორკისთვის უთქვამს. გავიდა ხანი და გორკიმ დააბეზღა ბელადი, რომელსაც, თურმე, მაინც და მაინც არ მოწონდა მისი შემოქმედება – ‘სისულელეებით ხართ დაკავებულიო” –ეუბნებოდა თურმე. დააბეზღა მეორე ბელადთან. ეს უკანასკნელი გორკის ნაწარმოებებით აღფრთოვანებას ვერასდროს მალავდა. გორკის გარდაცვალების შემდეგ, სტალინი შესაფერის მომენტს ელოდებოდა, რათა ნომერი პირველი საბჭოთა მწერლის მოგონებები გამოექვეყნებინა. 1952 წელს უკვე მთელი მსოფლიო გაიგებდა, ვინ იყო სინამდვილეში ბოლშევიკური რევოლუციის ბელადი, კაცი, რომელიც “ბავშვებს საეჭვოდ ეფერებოდა”, დიდ რუს ხალხს “ზარმაცებს” უწოდებდა, ებრაელებს კი –‘ჭკვიანებს’. ახლა უკვე აღარ იმღერებდნენ ასეთი გატაცებით სიმღერებს ლენინზე. კომუნისტურ ღონისძიებებზე, სცენაზე მხოლოდ სტალინის პორტრეტს დაკიდებდნენ და მხოლოდ მის სადიდებლად შეასრულებდნენ ჰიმნებს რუსულ, ქართულ, უნგრულ. გერმანულ ენებზე (მუსიკა)

ძველი ბოლშევიკის წერილს სტალინი არ გამოხმაურებია. რუსეთის სახელმწიფო არქივში ცოტა ხნის წინ აღმოჩენილ ამ დოკუმენტს მხოლოდ რეზოლუცია ადევს გაურკვეველი ხელის მოწერით “გაეცნოს მალენკოვი. გაუგზავნეთ სამდივნოს”. როგორც ჩანს, ძველ ბოლშევიკს დასჯას უპირებდნენ. მაგრამ იგი გადარჩება. რამდენიმე თვეში მსოფლიო სტალინის გარდაცვალების ამბავს შეიტყობს. სიტყვებს ‘ლენინი-სტალინი” ცოტა ხნით კვლავ ერთად მოიხსენებენ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG