Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და „ჩარჩო ხელშეკრულების“ პერსპექტივები


საომარ მდგომარეობამდე მისული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების გზები ჯერჯერობით არ ჩანს. რუსეთი დათმობას არ აპირებს,

თბილისს კვლავ ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებს და პანკისის ხეობაში რუსული არმიის შეყვანას ორ ქვეყანას შორს ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობად აყენებს. არც თბილისი აპირებს უკან დახევას და რუსეთის ავიციის მიერ საქართველოს ტერიტორიების დაბობვის ფაქტების საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს. ასეთ ვითარებაში რუსეთ-საქართველოს შორის „მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ჩარჩო ხელშეკრულების“ მზადების პროცესი ჩიხში აღმოჩნდა.

მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობათა ბოლოდროინდელი გამწვავება თან მოჰყვა რუსეთ-საქართველოს შორის „მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ჩარჩო“ ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდის დასრულებას. მხარეებს უკვე შეთანხმებული ჰქონდათ ეკონომიკური, კულტურული თუ საგანმანათლებლო საკითხები და სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის მნიშვნელოვანი ნაწილიც კი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი იმედოვნებდა, რომ ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერა უახლოეს 2 კვირაში გახდებოდა შესაძლებელი. ცხადი იყო ქართული მხარის სურვილი – როგორმე უმოკლეს ვედებში მოეხდინა იმ ტიპის დოკუმენტის შემუშავება, რომელიც მოსკოვს მეგობრობასა და კეთილმეზობლობას აიძულებდა, თუმცა ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ბოლო 2 კვირის მანძილზე მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ რუსეთის სახელმწიფო მოხელეები მიზანშეუწონლად აცხადებენ საქართველოსთან ლაპარაკს მეგობრობასა და კეთილმეზობლობაზე.

კერძოდ, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი ლოშინინმა. ფაქტობრივად მან მოსკოვის ის განზრახვა გაახმოვანა, რაც შემდგომ რუსულმა ავიაციამ განახორციელა კიდეც. მოსკოვი თბილისთან კეთილმეზობლობასა და მეგობრობას მხოლოდ პანკისის ხეობაში რუსული არმიის სამხედრო ოპერაციის ჩატარების შემდეგ მიიჩნევს შესაძლებლად.

პირველი „მეგობრობისა და კეთილმეზობლობის“ ხელშეკრულების მიღება შედეგი იყო აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების განლაგებასა და რუსეთის სამხედრო ბაზების 25 წლით საქართველოს ტერიტორიაზე დატოვების პირობისა. თუმცა, როგორც გასული წლები გვაჩვენებს, მოსკოვისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

საქართველო ახლა რაიმე დათმობაზე წასვლას აღარ აპირებს, თუმცა კი რუსეთთან მეგობრობა და კეთილმეზობლობა კვლავ სურს. თავიდანვე, როდესაც ორ ქვეყანას შორის ახალ “ჩარჩო ხელშეკრულებაზე” საუბარი დაიწყო, რა თქმა უნდა, ქართული მხარე მისგან საოცრებას არ ელოდა, რომელიც თბილისსა და მოსკოვს შორის არსებულ უმწვავეს პრობლემებს ერთი ხელის მოსმით დღისწესრიგიდან მოხსნიდა. უბრალოდ, ოფიციალური თბილისი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოწესრიგების სხვა გზას ვერ ხედავდა, მითუმეტეს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის 90-მდე ხელშეკრულება მოქმედებს, რომელსაც საერთაშორისო სამართლებრივ და იურიდიულ ჩარჩოში მოქცევა ესაჭიროება. ეს იმ დროს, როდესაც მოსკოვიდან მომავალი სამხედრო აგრესია ყველასთვის ნათელია.

მიუხედავად ამისა, ქართული მხარე რუსეთთან დაპირისპირებისა და კატეგორიულობის ლოგიკურ მიზანს ვერ ხედავს. ჩემთან საუბარში საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ აი, რა განაცხადა:

[სიხარულიძის ხმა] „ამდენად, ალბათ, სწორია ის ფორმულა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ გააჟღერა, რომ თუკი ჩვენ ყველაფერზე ხელს ჩავიქნევთ და თუკი საერთოდ შევწყვიტავთ ჩარჩო ხელშეკრულებაზე მუშაობას ეს იმ ძალების გამარჯვებაა, ვისაც დილიდან საღამომდე მხოლოდ და მხოლოდ დაძაბულობა, გართულება, ბომბები და სამხედრო ოპერაციები ესიზმრება ქართულ-რუსულ ურთიერთობებში.“

თუმცა ყველას უჭირს რუსეთის ხელისუფლებაში ისეთი ხალხის გამოძებნა, რომელსაც ამჟამად პანკისის ხეობის დაბომბვა არ ესიზმრებოდეს, ქართული მხარე ოპტიმიზმს მაინც ინარჩუნებს და მომავალი ურთიერთობების ნორმალიზებაზე ფიქრს დაბომბვების დროსაც არ წყვეტს. ეს უფრო არსებული რეალური ვითარებითაა ნაკარნახევი, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსების გამოუსწორებელი ოპტიმიზმით. კახა სიხარულიძის განცხადებით,
[სიხარულიძის ხმა] „უპრიანია, რომ ჩვენი ძალისხმევა, როგორც ქართული მხრიდან, ასევე რუსეთის მხრიდან გაგრძელდეს იმ მიმართულებით, რომ როგორმე ჩვენ ოქროს კომპრომისი მოვნახოთ ჩვენს ურთიერთობებში. იმდენად, რამდენადაც არსებობს ერთი ყველაზე მთავარი ლოგიკა, ამ მთავარ ლოგიკას ჰქვია საქართველოსა და რუსეთის მეზობლობა, რომელსაც ვერც ჩვენ აქ, თბილისში და ვერც ჩვენი კოლეგები იქ, მოსკოვში ვერსად ვერ გავექცევით.“

ამ გეოგრაფიულ ჭეშმარიტებას ხაზს უსვამს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი ლოშინინიც და აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში „ჩვენ ერთმანეთს ვერსად ვერ გავექცევითო“. ამ გარდაუვალი რეალობიდან გამომდინარეობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და „მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ჩარჩო ხელშეკრულების” პერსპექტივაც. მის შესახებ მოლაპარაკებების განახლებას ქართული მხარე სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ვარაუდობს.
XS
SM
MD
LG