Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“აგრესიამ საშიში და დაუფარავი ხასიათი მიიღო”, “ბარბაროსული <br>აქტი”, “რუსული ბომბებით საქართველოში


გიორგი კაკაბაძე, თბილისი “აგრესიამ საშიში და დაუფარავი ხასიათი მიიღო”, “ბარბაროსული აქტი”, “რუსული ბომბებით საქართველოში ჩეჩნეთის ომი იწყება”, “რუსული სცენარი მოქმედებაში”,

– ამ სათაურების მქონე წერილებით ეხმაურება 24 აგვისტოს ქართული პრესა რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვას, რომელიც 23 აგვისტოს გამთენიისას მიმდინარეობდა.
გაზეთ “24 საათის” თქმით, “საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული რუსული აგრესია ზუსტად ჯდება იმ მოვლენათა ჯაჭვში, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მიზანმიმართულად და თანამიმდევრულად ვითარდება და, საბოლოო ჯამში, ერთი მიზნის გარშემი იკვრება – საქართველოზე სამხედრო გავლენის შენარჩუნება და ნავთობ და გაზსადენის ბლოკირება.

რუსეთის დაბომბვა გუშინ უფრო ხანგრძლივი და ინტენსიური იყო და, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, მსხვერპლით დამთავრდა: დაიღუპა ერთი ადამიანი და რამდენიმე დაიჭრა. პანიკისა დასაყოველთაო დაბნეულობის ფონზე კი საქართველოს ხელისუფლება უმწეოდ გამოიყურება. პრეზიდენტის კომენტარიც ზედმეტი სიმწვავით არ გამოირჩეოდა და ადრე გაკეთებული შეფასებებისგან
დიდად არ განსხვავდებოდა. განსხვავებული, რაც პრეზიდენტმა თქვა, იყო ის, რომ თუ ურთიერთობა გამწვავდება, შესაბამის ღონისძიებას საქართველოც მიიღებს და რუსულ თვითმფრინავებს ჩამოაგდებენ”.

შემდეგ გაზეთი წერს: “საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში რისი გაკეთებაც შეიძლება, ეს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის მობილიზება და იმ დოკუმენტური მასალის გავრცელებაა, რომელზეც გარდაცვლილი და დასახიჩრებული ადამიანები არიან აღბეჭდილი.

თავად რუსეთი, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს დაბომბვის ფაქტს უარყოფს და სამხილებს ითხოვს. მნიშვნელოვანია , რომ ასეთი სამხილები უკვე აქვს ეუთოს მისიას, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვარზე დამკვირვებლის ფუნქციას ასრულებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს სამხილები ეუთომ ვენაში უკვე გადაგზავნა.

საპასუხოდ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი ამ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციასაც დაუპირისპირდა და მისი მუშაობა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არადამაკმაყოფელებლად შეაფასა. ეს იყო ერთადერთი კონტრარგუმენტი, რომელიც რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ეუთოს წინააღმდეგ მოიყვანეს. თუმცა, ყველაზე დიდი ცინიზმი სერგეი ივანოვმა მაშინ გამოამჟღავნა, როცა პანკისის დაბომბვა ქართველი სამართალდამცავების წარუმატებელ სპეცოპარაციას მიაწერა”.

“24 საათი” აღნიშნავს, რომ “გუშინ ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა რუსეთის აგრესიას “რუსთავი-2”-ის მიერ წინა დღით გავრცელებულ ინფორმაციას პირდაპირ უკავშირებდა და დამოუკიდებელ მასმადიას ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებაში ადანაშაულებდა. ვის-ვის, და ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი მის სამართალდამცავ შტოს, ნამდვილად არ აქვს უფლება, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში, საკუთარ თავზე მეტად, სხვები დაადანაშაულოს. თუ ვინმეს მიუძღვის წვლილი პანკისის პრობლემის შექმნასა და ამ ხეობის სრულ კრიმინალიზაციაში, ეს ქართველი სამართალდამცავებიც არიან, რომლებმაც ეს ხეობა სრულიად უკონტროლო ზონად გამოაცხადეს და ამ უკონტროლო სიტუაციით ხელს თავად ითბობდნენ”.

გამოთქმულ მოსაზრებას იზიარებს “დილის გაზეთი”, რომლის თქმით, ნამდვილად არ გახლავთ შემთხვევითი, რომ რუსეთმა დაბომბვა ცნობილი ტელესიუჟეტის შემდეგ გადაწყვიტა. გაზეთის აზრით, “მტკნარი სისულელეა, თითქოს, მოსკოვში ტელეჟურნალისტებისგან შეიტყვეს რუსლან გელაევის რაზმის გადაადგილებისა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ჯერ ერთი, საქართველოს უშიშროების სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო, აგრეთვე საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ყოველდღიურად ატყობინებდნენ საკუთარი არხებით რუს კოლეგებს პანკისში დაწყებული სპეცოპერაციის შესახებ და იმასაც ვარაუდობდნენ, რუსლან გელაევის რაზმები დაიძრებიან რუსეთის საზღვრისკენ – ჩრდილოდასავლეთის მიმართულებით.

მეორე: რუსეთს თვით გელაევის რაზმში (რომ აღარაფერი ვთქვათ პანკისის ხეობაზე) ჰყავს მსტოვრები, რომლებიც სრულ ინფორმაციას მიაწვდიდნენ გელაევის გადაადგილების შესახებ.
მესამე: თუ გახსოვთ, ორი დღის წინათ, ცხინვალის რეგიონში განლაგებულმა სამშვიდობო ძალებმა განგაში გამოაცხადეს, ახალგორის რაიონში გადავიდნენ და სანგრების გათხრა დაიწყეს აღმოსავლეთიდან შემოტევის მოსაგერიებლად. მაშასადამე, ისინი სწორედ რუსლან გელაევის გამოჩენას ელოდნენ.
ე.ი., ტელესიუჟეტი მხოლოდ საბაბად გამოიყენეს მოსკოვში იმ ეშმაკური გათვლით, რომ საზოგადოების აგრესია ჟურნალისტების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული, რაც კიდევ უფრო დაძაბავდა შიდაპოლიტიკურ ვითარებას და რუსეთს “მღვრიე წყალში თევზის ჭერა გაუადვილდებოდა”.

“დილის გაზეთის” კიდევ ერთ წერილში ნათქვამია, რომ “რუსეთი ორმაგი სტანდარტებით თამაშს აგრძელებს – პანკისის ხეობაში აქამდე განხორციელებული დაბომბვებიდან ყველაზე მძიმე თავდასხმას ახორციელებს. ის კი იმის ფონზე ხდება, როცა ერთი კვირის წინ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს ტელეფონით უსაუბრიათ და რუსეთი ოფიციალურად ყოფილა ინფორმირებული საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანთა ჯგუფების გადაადგილების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტი კი კითხულობს: “ახლა მთავრდება მუშაობა ყოვლისმომცველ ხელშეკრულებაზე, რომლის მომზადებისა და ხელმოწერის ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს და რომელსაც პრეზიდენტმა პუტინმა აქტიურად დაუჭირა მხარი. მაგრამ როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მისი სიტყვიერი გამოხატულება და სისტემატური დაბომბვა?”

გაზეთი “რეზონანსი” კი აღნიშნავს, რომ “საგარეო შემოტევას საქართველოში შიდა დაპირისპირებაც ემატება. სიტუაცია, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად გამწვავდა. გუშინ ხელისუფლების და საზოგადოების ყურადღება მთლიანად პანკისის ხეობაზე იყო კონცენტრირებული. ამასობაში კი საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. კოდორის ინციდენტის შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზე სეპარატისტები სამხედრო გადაჯგუფებას აწარმოებენ და საქართველოს მხრიდან, თითქოსდა, მოსალოდნელი თავდასხმის მოსაგერიებლად ემზადებიან”.

“რეზონანსი” წერს: “შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ რუსულმა ავიაციამ საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმდებარე რაიონები პანკისში სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაბომბა. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რუსეთმა პროვოკაციები სხვა ცხელ წერტილებშიც გაავრცელოს. პრეზიდენტმა შევარდნაძემ გუშინ ჩეჩენ მამაკაცებს საქართველოს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული აგრესიის განმეორება კვლავ მოსალოდნელია. ამ შემთხვევაში ჩეჩნების დაჯგუფებების მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, შესაძლოა, დაგვიანებულიც აღმოჩნდეს.

დაბომბვის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება ანტიკრიმინალური ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს. რუსეთის აგრესიაზე დასავლეთის გამოხმაურებას თბილისში დღეს ელოდებიან. მანამდე კი საქართველო რეალურად დგას ჩეჩნეთის ომის საქართველოში გავრცელების საშიშროების წინაშე”.


გაზეთ “ალიას” წერილის დასაწყისში კი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობებზეა საუბარი. გაზეთი წერს, რომ “თავდაცვის მინისტრი სენსაციურ განცხადებას უკვე მეორედ აკეთებს. ქვეყნის თავდაცვა იმდენად უსუსურია, რომ მინისტრი, შესაძლოა, მხოლოდ რეგალიების გამო მიიჩნევს თავს ძალოვანი უწყების შეფად. როცა საქმე საქმეზე მიდის, დავით თევზაძე ეკოლოგიის მინისტრს ემსგავსება. შემთხვევის ადგილზე მისი გასვლა გარემოს დათვალიერებით უფრო შემოიფარგლება ხოლმე.

პარლამენტი დიდი ხანია, თევზაძის გაძლიერებას მოითხოვს. გია ბარამიძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდოამრის პოსტზე ყოფნისას, თავდაცვის დაფინანსების გაზრდას მოითხოვდა. მაშინ ის არა მხოლოდ მოქალაქეთა კავშირის წევრი იყო და უმრავლესობასაც წარმოადგენდა, არამედ შევარდნაძესთან დაახლოებული პირიც გახლდათ. თუმცა, ამ საკითხში ვერაფერს მიაღწია და ჯერ კიდევ პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლებოდა, როცა პროტესტს დემარშის ფორმა მისცა და ამ თემაზე საუბარი ოპოზიციის ტრიბუნიდან გააგრძელა. მანამდე დეპუტატებს მოუწოდა, არ დაემტკიცებინათ ბიუჯეტი ძალოვნების ასეთი მიზერული დაფინანსებით. თავად ხმა არ მიუცია”.

“გია ბარამიძე პოსტზე ირაკლი ბათიაშვილმა შეცვალა. თუმცა, “ახლებმა” უწყების დაფინანსებაზე მეტად ყურადღება თავად თევზაძის პასუხისმგებლობაზე გაამახვილეს.
თევზაძემ კი საკუთარ უსუსურობას ორჯერ გაუსვა ხაზი. პირველად, წლების წინათ, მაშინ, როცა ჩვენი ძალოვნები შეიარაღებულ ფორმირებებს დაედევნენ. მაშინ თევზაძემ განაცხადა, ოპერაცია კიდევ ორი დღე რომ გაგრძელებულიყო, თავდაცვას საწვავის ფული აღარ ექნებოდაო.
მეორედ – ახლა. გუშინ, როცა მთელი საქართველო შეძრწუნებული იყო საქართველოს დაბომბვით, დავით თევზაძემ ყველას ცივი წყალი გადაგვასხა: “რითი ჩამოვაგდო თვითმფრინავები, რაგატკებითო?” – ანუ, ყველა მიხვდა, რომ საქართველოს პასუხის გაცემა თავად არ შეუძლია. და მაშინ რითი იმუქრება პრეზიდენტი შევარდნაძე, როცა აცხადებს, რომ საქართველო ამდენს აღარ მოითმენს”.

“ალიას” წერილის დასარულს კი ვკითხულობთ: “ასე რომ, აღმასრულებელი ხელისუფლება ისეთივე უძლური და უსუსურია, როგორც თავდაცვის სამინისტრო. ყველაფერს თეთრი სახლის და კრემლის დიპლომატიური მოლაპარაკებები გადაწყვეტს.
ამასობაში, ქვეყნის ხელმძღვანელობა და პოლიტიკური პარტიები გაერთიანებაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ. “გაერთიანებული დემოკრატები” პარლამენტში აპირებენ რუსეთის აგრესიის საკითხის გატანას. ზურაბ ჟვანიას განმარტებით, კრიტიკულ მომენტებში პოლიტიკური პარტიების გაერთიანება აუცილებელია. პარტიები ერთხმად აკრიტიკებენ რუსეთს, თუმცა, ისევ კითხვის ქვეშ დგას მათი ერთად დგომის საკითხი. ყველას იმ “ცარცის წრეში” სურს დგომა, რომელიც რეალურად შეიძლება არც არსებობს”.
XS
SM
MD
LG