Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა


გასული კვირის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა

ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერა ბრძანებულებას “დავით გარეჯის უდაბნოს არქეოლოგიური მემკვიდრეობისა და ძეგლების დაცვის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის "ტროა-უდაბნოს" განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ”, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფო ორგანოებს, პირველ რიგში, ფინანსთა, კულტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს მხარი დაუჭირონ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმისა და ტიუბინგენის უნივერსიტეტის ერთობრივ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტს – “ტროა-უდაბნო”. შესაბამის ორგანოებს დაევალათ შეისწავლონ და დაადგინონ ერთობლივი საერთაშორისო პროექტის, უდაბნოს არქეოლოგიური ძეგლების დაცვითი ზონების მიმდინარე ტერიტორიების, ბუნებრივი ლანდშაფტების საზღვრები. გათხრების ზონაში სასწრაფოდ უნდა მოწესრიგდეს გზები. ამ ბრძანებულების თანახმად, კულტურის სამინისტრომ დავით გარეჯის კომპლექსი სამ თვეში უნდა აქციოს მუზეუმ-ნაკრძალად, რაც, ბუნებრივია, ამიერიდან კრძალავს ამ მიწების გამოყენებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით... რაც შეეხება მეიჯარეებს, კომპენსაციის სახით მათ მიწები დაცვითი ზონის ფარგლებს გარეთ გამოეყოფათ. საქართველოს მხარეს ევალება დააფინანსოს პროექტი 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ კი, მეცნიერებათა აკადემიისთვის განსაზღვრული თანხიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ “ტროა-უდაბნოს” პროექტში ქართული მხარის წილი მინიმალური იქნება – არც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, არც კულტურის სამინისტროს და ძეგლთა დაცვის სამსახურს არა აქვს საშუალება დამოუკიდებლად განახორციელოს ეს გრანდიოზული პროექტი; დავით გარეჯის კომპლექსი დიდი ხანია სავალალო მდგომარეობაშია და, როგორც ვხედავთ, გარეჯის გადარჩენაზე ფიქრი დაიწყო მხოლოდ მაშინ, როცა ამ უნიკალური კომპლექსით უცხოელები დაინტერესდნენ...

ამ ზაფხულს უცხოელები არა მარტო ქართული კულტურის ისტორიით, არამედ თანამედროვე ქართული ხელოვნებითაც დაინტერესდნენ. უფრო სწორად, საკმაოდ იაფი “ქართული ნატურით”, რომლის გადასაღებად კინემატოგრაფისტებს ფაქტობრივად არანაირ თანხას არ სთხოვენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პარიზის ერთი ქუჩა მაინც რომ გადაიღოს, დასავლელ პროდიუსერს კოლოსალური თანხის გადარიცხვა მოუხდება საფრანგეთის დედაქალაქის ბიუჯეტში. შედარებით იაფია ცენტრალური ევროპის ქალაქის ხედის ფირზე ასახვა – ბუქარესტისა, მაგალითად... სრულიად მუქთაა თბილისის გადაღება. უცხოელმა კინემატოგრაფისტმა თბილისში ჩამოსვლა მოინდომოს და... ვინ შეუშლის ხელს. მითუმეტეს, თუ იგი დაუსაქმებელ ქართველ კინორეჟისორებსაც უბოძებს სამუშაოს. ასეთი სამუშაო შესთავაზეს კინორეჟისორ თემურ ფალავანდიშვილს. იგი ქართულ მხარეს წარმოადგენს კინორეჟისორ კარლო ნეროს ახალ ფილმში, რომლის ნაწილი თბილისში უნდა გადაიღონ. მაგრამ ვანესა რედგრეივისა და ფრანკო ნეროს ვაჟს საქართველო დიდი პატივით დახვდა არა იმიტომ, რომ იგი გენიალური რეჟისორია. კარლო გაბრიელ ნეროს სურათი “ლარის ვიზიტი”, მისი, როგორც რეჟისორის დებიუტი დიდ კინოში, დასავლეთში საკმაოდ ცივად მიიღეს. სან-სებასტიანის ფესტივალზე კი ჟურნალისტებმა ისიც აღნიშნეს, რომ ახალგაზრდა რეჟისორი, რომელმაც კინოში მუშაობა დაიწყო როგორც დრამატურგმა, კინოხელოვნების სამყაროში არა იმდენად ნიჭის, რამდენადაც გავლენიანი მშობლების წყალობით მოხვდა. მშობელი ნერომ თბილისშიც ჩამოიყვანა – ამჯერად არა სახელოვანი მამა, როგორც ფესტივალზე “საჩუქარი”, მამა, რომელსაც ბოლო დროს მეორე ხარისხის ფილმებში იღებენ, არამედ სახელოვანი დედა – ქალი, რომელიც მის მეგობარს, ქეთი დოლიძეს თუ დავუჯერებთ, “გიჟდება საქართველოზე და უანგაროდ ეხმარება ჩვენს ხალხს”, ქალი, რომელმაც მთავარი როლი უნდა შეასრულოს კარლო ნეროს ახალ ფილმში, განასახიეროს ადამიანი, რომელიც გაჭირვებულ ქვეყნებში მოგზაურობს, მათ შორის საქართველოშიც, – განასახიეროს ფილმში, რომელიც, ვანესა რედგრეივის პოლიტიკურ მოღვაწეობას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ გლობალიზაციის წინააღმდეგ იქნება მიმართული – ცხადია, მემარცხენის პოზიციიდან.

ვანესა რედგრეივი თავისებური სიმბოლოა არტისტისა, რომელსაც არასდროს შეუქმნია საზღვარი შემოქმედებასა და აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას შორის. თავადაც არაერთხელ უთქვამს, რომ პირველ რიგში მოქალაქეა, მერე კი მსახიობი. ამ თვალსაზრისით მისი მორიგი ვიზიტი საქართველოში ერთგვარი “მესიჯიცაა”, გზავნილი იმ ადამიანების, იმ არტისტების მისამართით, რომლებიც, როგორც წესი, საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ და მაინცდამაინც არ აღელვებთ ის, რაც ხდება ქვეყანაში, მთელ ჩვენს პლანეტაზე ხომ არაფერს ვამბობ.

ბრიტანელი მსახიობის საქართველოში ჩამოსვლა დაემთხვა ერთ ძალზე სამწუხარო ფაქტს – ამ კვირაში ქართველმა ხალხმა უკანასკნელ გზაზე გააცილა დიდი ქართველი პოეტი მურმან ლებანიძე, რომელსაც ნოემბერში 80 წელი შეუსრულდებოდა. პოეტის გარდაცვალების დღიდან საქართველოს ტელევიზია ყოველ საღამოს უჩვენებდა ფრაგმენტებს იმ საარქივი გადაცემებიდან, რომელშიც მურმან ლებანიძემ მიიღო მონაწილეობა. ლიტერატურის მოყვარულები კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდნენ მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ლექსების რადიკალურობაში, სითამამეში, პოეტური შტამპების, შეიძლება ითქვას, “ასპროცენტიან იგნორირებაში”... თუმცა ეს ვიდეოჩანაწერები სხვაგვარ ეფექტსაც ქმნიდნენ: ამბობენ, რომ პოეტები ხშირად ვერ კითხულობენ თავიანთ ლექსებს და თუ კითხულობენ, ყოველთვის ვერ აღწევენ იმ შთაბეჭდილებას, რომელიც ექმნება თავად მკითხველს ლექსის წაკითხვის დროს. მაგრამ მურმან ლებანიძე სხვა ტიპის პოეტია – იგი ამავდროულად მსახიობიცაა. ოღონდ არა მსახიობი, რომელიც თამაშობს, არამედ მსახიობი, რომელიც თავის ლექსს, ანუ საკუთარ თავს განასახიერებს – საკუთარ რიტმს – ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავებულს – მუდმივი იმპროვიზაციით, მოულოდნელი პაუზებით, მოულოდნელი “კრეშჩენდოებით”, პოეტურ სახეთა მოულოდნელი მონტაჟით [მურმან ლებანიძის ხმა].

გასულ კვირას ქართული კულტურა კიდევ უფრო დაცარიელდა. მას გამოაკლდა კიდევ ერთი ხელოვანი, რომელიც სხვებს არ ჰგავდა. ჯერჯერობით უფროსი თაობის მიერ დაცარიელებულ ამ ადგილებს ახლა უკვე დამოუკიდებელი საქართველოს კულტურაში თითქმის ვერავინ ავსებს – უნიკალურობა, ინდივიდუალურობა ნაკლებად ფასობს. ზაფხული იწურება და დედაქალაქი ახალი კულტურული, უფრო სწორად, “მასკულტურული” სეზონისთვის ემზადება.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG