Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის მოვლენები საქართველოს ხელისუფლებას სამხედრო ხარჯების გაზრდას აიძულებს


მიუხედავად იმისა, რომ, ჯერჯერობით, ხელშესახები შედეგები არ ჩანს, 25 აგვისტო პანკისის ხეობაში დაწყებულმა პოლიციურმა და სამხედრო ღონისძიებებმა საზოგადოების მხრიდან სრული მხარდაჭერა მოიპოვა.

ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წინაპირობაა ნებისმიერი ჩანაფიქრის განსახორციელებლად. თუმცა, ანტიტერორისტული ოპერაციის ბოლომდე მისაყვანად საქართველოს ხელისუფლებას ახლო მომავალში მოუწევს დამატებითი საბიუჯეტო თანხების მოზიდვაზე ფიქრი. წინააღმდეგ შემთხვევაში ანტიტერორისტულმა და ანტიკრიმინალურმა კომპლექსურმა ღონისძიებებმა, რომელთა დაფინანსებასაც ბიუჯეტის გეგმა არ ითვალისწინებდა, შესაძლოა ძალისმიერი სტრუქტურები სერიოზული ფინანსური კრიზისი წინაშე დააყენოს.

მიუხედავად ჭარბი სამხედრო ძალის კონცენტრაციისა, ოპერატიული ვითარება რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე კვლავინდებურად მეტად რთული რჩება და ვერც ერთი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი ვერ გამორიცხავს სხვადასხვა სახის პროვოკაციის განმეორებას რუსეთის მხრიდან. პანკისის ხეობაში, ანტიტერორისტული სწავლების – "კახეთი 2002"-ის გახნის ცერემონიაზე, ამ საფრთხის არსებობა ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, დავით თევზაძემაც დაადასტურა.

[დავით თევზაძის ხმა] "რომ არ განმეორდება დაბომბვა, ამის გარანტიას მე ვერავის ვერ მივცემ. უფრო სავარაუდოა, რომ განმეორდება."

სიტუაციის გართულებას ელოდება თავის მხრივ საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ჩხეიძეც, რომლის ხელქვეითები, კოორდინაციის მიზნით, ასევე მონაწილეობენ ანტიტერორისტული სწავლების ოპერატიული შტაბის მუშაობაში.

[გენერალ ვალერი ჩხეიძის ხმა] "რთული ვითარებაა, ოპერატიული ვითარება დაძაბულია. ყოველ წუთი წუთზე მოსალოდნელია სახმელეთო საზღვრის დარღვევა. ასე რომ, მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ. დამატებითი ძალებიც არის გადასროლილი, მართალია, სხვა სასაზღვრო საგუშაგოების ხარჯზე, სამწუხაროდ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის."
ასეთ არაპროგნოზირებად ვითარებაში იზრდება იმის ალბათობა, რომ ვერც სამხედრო სწავლება და ვერც ანტიკრიმინალური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები პანკისის ხეობაში დაგეგმილ სამკვირიან ვადაში ვერ დამთავრდება. მეტიც, ბევრი ქართველი სამხედრო უკვე შეგუებულია, იმ აზრს, რომ ისინი ხეობაში შესაძლოა მთელი წლის განმავლობაში დარჩნენ. მოვლენათა ასეთი განვითარება კი დამატებით ფინანსურ სიძნელეს შეუქმნის თავდაცვის სამინისტროსაც და პოლიციის სტრუქტურებსაც, რომლებსაც სამხედრო სწავლებისთვის გამოყოფილი თანხები თითქმის ამოწურული აქვთ.

როგორც საფინანსო საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერალმა ნუგზარ ქევხიშვილმა "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში განაცხადა, "კახეთი 2002"-ის დაფინასება ძირითადად შიდა რეზერვებისა და მესამე კვარტლის დაცული მუხლების ანგარიშზე მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სწავლებაზე დახარჯული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დაიფარა, მომავალში ვალების დაგროვება კვლავ დაცული მუხლების ხარჯზე გაგრძელდება. საბოლოოდ კი თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდება მიმართოს წარსულის მანკიერ საფინასო პრაქტიკას და ყბადაღებული სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, გაუყინოს ხელფასები სამხედრო მოსამსახურეებს.
ამიტომ რამდენიმე ქართველი პარლამენტარი, კერძოდ კი გიორგი ბარამიძე ძალოვანი უწყებისთვის დამატები დაფინასების ინიციტივით გამოვიდა.

[გიორგი ბარამიძის ხმა] "მომავალ წელს კი არა, ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ როდესაც პარლამენტი შეიკრიბება დღის ორ საათზე, ერთ-ერთ საკითხად – გარდა იმ გადაწყვეტილებებისა, რომელიც დაკავშირებული იქნება პოლიტიკურ საკითხებთან, – სასწრაფოდ მივიღოთ გადაწყვეტილება ბიუჯეტის ცვლილებასთან დაკავშირებით."

მაგრამ პოლიტიკური განცხადების თაობაზე გამართულ საპარლამენტო დისკუსიაში ეს ინიციატივა გარკვეულ წილად ჩაიკარგა. მაგრამ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის გარდა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არავის დაუსახელებია კონკრეტულად, თუ სად შეიძლება გამოიძებნოს დამატებითი დაფინანსების წყარო.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "პრეზიდენტ შევარდნაძის პირადი დაცვა, ღირს 80-დან 90 მილიონ ლარამდე. ეს არის ზუსტად ცხრაჯერ მეტი, ვიდრე იხარჯება საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტზე. ამის ნახევარი საკმარისია იმისათვის, რომ ყოველგვარი რუსეთის პროვოკაცია, ყოველგვარი პროვოკაცია საქართველოს საზღვრებზე აღკვეთილ იქნას."

მეტ სიზუსტისთვის დავძენთ, რომ საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის მწყობრში ჩასაყენებლად, ანუ იმისთვის, რომ ქვეყანა შიშით არ ცახცახებდეს რუსეთის ნებისმიერი სამხედრო თვითმფრინავის გამოჩენაზე, სამხედრო უწყებას სულ 12 მილიონი ლარი ესაჭიროება. მაგრამ, როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, თანხების მოკლება არც აღმასრულებელ ხელისუფლებას სურს და, თუ გულწრფელები ვიქნებით, არც ქართული არმიის პრობლემებით შეწუხებულ პარლამენტარებს, რომლებმაც წინა საბიუჯეტო წელს არმიას კვლავ ქამრის წელზე შემოჭერა მოსთხოვეს, თავად კი საკუთარი შრომითი ანაზღაურება თითქმის სამჯერ გაზარდეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG