Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების უპასუხისმგებლობა ქვეყნის ეკონომიკურ უსაფთხოებას ემუქრება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ”თბილგაზის” გასხვისების ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა ექსპერტებს შორის ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების თემაზე დაწყებულ დისკუსიებს ახალი რაკურსი შესძინა.

საერთოდ, ოცდამეერთე საუკუნეში ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხი სამხედრო უსაფრხოებასთან თანაბარ სიბრტყეში განიხილება და, მართლაც, დღეს მეტად აქტუალურ ეკონომიკური კოლონიზაციის თემას უდავოდ აქვს არსებობის უფლება. და ეს მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკის ინტეგრირების ხარისხი და გლობალიზაციური პროცესები უკიდურესად მაღალია, დღეს, ფაქტობრივად, ეკონომიკური საზღვრების ცნება ფორმალურ ხასიათს ატარებს, ევროპაში ერთიანი ვალუტაა შემოღებული და ქვეყნები სხვადასხვა ტიპის გაერთიანებებში არიან ასოცირებული.

ინტეგრაციული პროცესების მიუხედავად, ნებისმიერი სახელმწიფო, ბუნებრივია, პირველ რიგში, საკუთარი ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის ზრუნავს, ეს ზრუნვა ხანდახან, ერთი შეხედვით, აბსურდულ ხასიათსაც ატარებს ხოლმე, რაც ყველაზე ნათლად სატარიფო პოლიტიკაში გამოიხატება. ამის უახლოესი მაგალითებია ”ბუშის ბარკლების”, თუ ”ფოლადის ომის” გახმაურებული ისტორიები. სატარიფო ომებს ხშირად შეიარაღებულ კომფლიქტზე უარესი შედეგების მოტანა შეუძლია. სწორედ ამიტომ, ამგვარ ომებში ჩართვა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოების ხვედრია და ისეთ ქვეყნებს, რომელთა რიგს საქართველოც მიეკუთვნება, ბუნებრივია, არ ხელეწიფება რაიმენაირად მსოფლიო ეკონომიკურ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა. თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ინერტულად მიჰყვეს ”ძლიერთა ამა ქვეყნისათა” დინებას და საკუთარ ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე არ იზრუნოს. ჩვენში კი საკუთარი ბაზრის დაცვა ხშირად ყოვლად გაუმართლებელ პროტექციონისტულ პოლიტიკაში გამოიხატება, რითაც რეალურად ვერც ბაზარს ვიცავთ და ვერც მომხმარებელთა უფლებების რეალიზაციას ვახდენთ.

ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას გააჩნია ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რომლიც სახელმწიფოებრივ ინტერესებზეა დაფუძნებული და უსაფრთხოების გარანტიებს ქმნის. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველო, უკეთ კი მისი ხელისუფლება, ამ ქვეყნების რიგშიც არ შედის.

დაუწერელი კანონია, რომ ქვეყანა მეტისმეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების პრივატიზებას, არ უნდა მოახდინოს უცხო სახელმწიფოს კომპანიების ხელში რომელიმე, თუნდაც უმნიშვნელო დარგის მონოპოლიზება, უნდა დაიცვას საკუთარი ბაზარი და გაითვალისწინოს საკუთარი მოქალაქეების უფლებები, უნდა დაიცვას საკუთარი საფინანსო სისტემა, არ მოექცეს რომელიმე ინტერესთა ჯგუფის გავლენის ქვეშ და არ დაიკაბალოს თავი სხვადასხვა დამამცირებელი ხელშეკრულებებით.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჯერჯერობით არ შედის იმ სახელმწიფოთა რიცხვში, რომელთა საგარეო ვალი მშპ-თან მიმართებაში ძალიან მაღალია, მაგრამ ეს არა იმდენად ხელისუფლების გონივრული პოლიტიკის დამსახურებაა, არამედ ჩვენი შესაძლებლობებიდან და ქვეყნის რენომედან გამომდინარეობს. ხელისუფლება დღესაც სიამოვნებით აიღებს მილიარდობით კრედიტს, თუ მას ვინმე გაიღებს. ამით მოკლევადიან პერსპექტივაში გაიხანგრძლივებს საკუთარ რეჟიმს და კორუფციის მაღალი დონის წყალობით უზრუნველყოფს საკუთარ კეთილდღეობას, მაგრამ საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს კრედიტორების მძევლად აქცევს.

საქართველოს მწირი სამრეწველო პოტენციალის პირობებშიც კი მაინც მრავლად არსებობენ ობიქტები, რომელთაც სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში მილიონობით შემოსავალის მოტანა შეუძლია ქვეყნისათვის, მაგრამ შეგნებულად ხდება ამ ობიექტების გაპარტახება, გროვდება საეჭვო წარმოშობის ვალები და საბოლოოდ ხელისუფლება მზადაა გადასცეს ასობით მილიონობით დოლარის ღირებულების ქონება მევალეს, ფაქტობრივად, ჩალის ფასად. ამასთან, ცდილობს უცხო, არცთუ მეგობრულად განწყობილი სახელმწიფოს ინეტერესების გამომხატველ კომპანიასთან კაბალური ხელშეკრულება გააფორმოს და ქვეყნის ენერგოსექტორი ამ სახელმწიფოს აბსოლუტურ კონტროლს დაუქვემდებაროს. სხვათა შორის, ამგვარი წინდაუხედავი ქმედებებით, ხელისუფლება ეჭვქვეშ აყენებს იმ გლობალური საერთაშორისო პროექტების რეალიზაციას, რომელთაც საქართველოსათვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს და მომავალი კეთილდღეობის და დასავლეთთან თანაბარმნიშვნელოვანი პარტნიორობის საფუძველი უნდა გახდეს.

ხელისუფლების ლოკალური ინტერესები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მზად ვართ უარი ვთქვათ საბჭოთა კავშირის ქონების სამართალმემკვდრეობაზე და წილზე და სანაცვლოდ კი ფაქტობრივად არაფერი მივიღოთ.

სამაგიეროდ, სახელმწიფო ბიუჯეტით, ანუ საკუთარი მოქალაქეების მიერ გაღებული გადასახადით, გარანტად ვუდგებით კერძო ფირმებს საეჭვო პროექტებში და მათ მიერ გაფლანგულ ფულს ისევ საკუთარი მოსახლეობის ხარჯზე ვიხდით.

ცალკეული ჩინოვნიკების არცთუ უანგარო ლობირებით ვაფრთხობთ რეალურს, მაგრამ შემოგვყავს საეჭვო წარმოშობის ”ინვესტორები”, ხელში ვუგდებთ საექსპორტო პოტენციალის საწარმოების მართვის სადავეებს, ვაფორმებთ მათთან სრულიად უპასუხისმგებლო კონტრაქტებს და როდესაც ფსევდო ინვესტორი ამ ობიექტიდან მაქსიმალურ სარგებელს ამოიღებს, მილიონობით ვალებს და გაპარტახებულ წარმოებას დაგვიტოვებს, შემდეგ ვტეხთ განგაშს და ვაღიარებთ, რომ გამოუცდელობის გამო შეცდომა მოგვივიდა. ამგვარი ვითომ ”უნებური” შეცდომებით, ქვეყნის ხაზინა მილიონობით შემოსავალს კარგავს, უმუშევრობის დონე იზრდება, ბიუჯეტი დეფიციტურია, სოციალური პროგრამების დაფინანსება ვერ ხერხდება და საბოლოოდ სახელმწიფოს ერყევა ისედაც არცთუ უმწიკვლო საერთაშორისო იმიჯი.

სამაგიეროდ, ცალკეული ჩინოვნიკები თუ მაღალ ხელისუფლებასთან დაახლოებული საფინანსო ჯგუფები თავის კაპიტალს კიდევ უფრო ზრდიან და სრულიადაც არ ადარდებთ არც ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება, არც განიავებული ქონება და არც გაღატაკებული მოსახლეობა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს საქართველოს არა აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა. შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ხელისუფლებაში მხოლოდ კორუმპირებული და არაპროფესიონალი დამნაშავეები სხედან და და ისინი შეგნებულად ახდენენ ქვეყნის ეკონომიკურ დაკაბალებას, მაგრამ ზოგადი პრინციპების უქონლობა და უპასუხისმგებლობა შეგნებულად თუ უნებურად სახელმწიფოებრივ ინტერესებს სერიოზულ ზიანს აყენებს.
XS
SM
MD
LG