Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ჩრდილოეთით საზღვრების მოუწესრიგებლობაზე პასუხისმგებლობასაც შევარდნაძეს აკისრებს


პარადოქსულად კი ჟღერს, მაგრამ რუსეთი თავისი ჩრდილოეთის საზღვრების საკითხის მოუგვარებლობაშიც პასუხისმგებლობას საქართველოს, კერძოდ კი მის ახლანდელ პრეზიდენტს აკისრებს.

ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლებს მისი დასავლური ორიენტაცია ძალიან აღელვებთ და დიდ ეჭვს გამოთქვამენ, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის დროს შეერთებულ შტატებთან ბერინგისა და ჩუკოტკის ზღვების სივრცეების გადანაწილებაზე მოლაპარაკებისას შევარდნაძე საბჭოთა კავშირის ინტერესებს არ იცავდა. ფედერაციის საბჭოს ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარემ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენების თაობაზე რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურორსაც კი მიმართა წერილობითი თხოვნით.

გესაუბრებათ ნინო გელაშვილი:

საქართველოს ძლიერ წაადგებოდა საბჭოთა ლიდერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა ”გადახედვა-ჩასწორება” მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საზღვრების შელამაზების კუთხით. შეგვეძლო პასუხი აწ გარდაცვლილი ჩვენი სახელოვანი თანამემამულეებისთვისაც მოგვეთხოვა, მაგრამ კარგად ვიცით, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ჩრდილოეთისა და მცირერიცხოვანი ხალხების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ნაზაროვი, როგორც ჩანს ასე პესიმისტურად არ არის განწყობილი და თვლის, რომ შევარდნაძე-ბეიკერის მიერ 1990 წელს ბერინგისა და ჩუკოტკის ზღვების სივრცეში შეერთებულ შტატებისა და საბჭოთა კავშირის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც დღემდე ცალმხრივად არის რატიფიცირებული, უკანონოა, რადგან მისმა ხელმომწერმა საბჭოთა მინისტრმა თავის დროზე უფლებამოსილებას გადააჭარბა. სხვა რომ არაფერი, ნაზაროვი საკითხს თავისებურად, უფრო ზუსტად კი - მიკერძოებულად უდგება, რადგან ის საბჭოთა კავშირის ინტერესების დარღვევის გამო მხოლოდ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და არა, მაგალითად მაშინდელი პირველი პირის - გორბაჩოვის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, როცა გენერალურ პროკურორს უგზავნის წერილს და სთხოვს მას შესაძლო ფაქტების შემოწმებას საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის დროს მოქალაქე ედუარდ შევარდნაძის მიერ უფლებამოსილებათა გადაჭარბების თაობაზე. დანაშაულებრივი ქმედებების დამადასტურებელი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში ნაზაროვი ითხოვს გენერალური პროკურორისგან: (ციტატა) ”აღნიშნული პირის მიმართ არსებული კანონმდებლობის შესაბმისად სისხლის სამართლის საქმის აღძვრას”.

ალექსანდრე ნაზაროვი მარტო არ გახლავთ. მას სრულიად ღიად მხარს უჭერს და თავს საკითხის წამოჭრის ინიციატორდ აცხადებს ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ მარგელოვი. შევარდნაძე-ბეიკერის 1990 წლის შეთანხმებით უკმაყოფილოა აგრეთვე დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი როგოზინიც, რომელმაც განაცხადა, რომ შეთანხმებაზე ხელის მოწერით შევარდნაძე ”რუსეთის ინტერესებით ვაჭრობდა”.

რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია არ არის ისეთი კატეგორიული, როგორიც კანონმდებლებისა. უფრო მეტიც, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ იაკოვენკომ განაცხადა, რომ 1990 წლის შეთანხმების ხელმოწერით ბოლო მოეღო თევზჭერასა და მოპოვებით საქმიანობასთან დაკავშირებულ გაუთავებელ კონფლიქტებს შეერთებულ შტატებთან და აგრეთვე მოიხსნა რიგ არქტიკულ კუნძულებზე არსებული ტერიტორიული პრეტენზიების საკითხიც. 1997 წელს კი რუსეთის მთავრობასთან არსებულმა ექსპერტთა საბჭომ გადახედა შეთანხმებას და მივიდა დასკვნამდე, რომ ის მთლიანობაში პასუხობს რუსეთის ინტერესებს და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი მოქმედების გაგრძელება მანამდე, სანამ დასრულდება მოლაპარაკებები საკამათო საკითხებზე, რომლებიც პირველ რიგში შეეხება რუსი მეთევზეებისთვის კომპენსაციის გადახდას იმ დანაკარგისთვის, რაც მათ 1990 წლის შეთანხმების მიხედვით ბერინგის ზღვის ზოგიერთი სამრეწველო რაიონის შტატებისთვის გადაცემით განიცადეს.

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშული შეთანხმების ხელმოწერის საჭიროების საკითხი ჯერ კიდევ 1977 წელს წამოიჭრა, როცა შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა 200 მილიანი თევზჭერის ზონები დააწესეს, რომლებიც მოგვიანებით განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებად გადაიქცა. ბერინგისა და ჩუკოტკის ზღვებში კი ეს ზონები ერთმანეთს ფარავს, რადგან ზოგიერთ ადგილას ორ სახელმწიფოს შორის მანძილი 400 მილზე ნაკლებია. საგარეო საქმეთა სამინისტროსავე ცნობით, შეთანხმების მომზადებაში ყველა დაინტერესებული უწყება მონაწილეობდა. ალექსანდრ ნაზაროვიც აღიარებს, რომ 1990 წლის შეთანხმება ვიზირებული იყო საბჭოთა კავშირის სათანადო უწყებებისა და რაც მთავარია გორბაჩოვის მიერ, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრის განსაკუთრებულ ბრალს ის ხელის მოწერაში ხედავს.

ასე რომ, ფედერაციის საბჭოს წევრის საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული ინიციატივა კიდევ უფრო ხელოვნურად გამოიყურება, თუმცა, კიდევ უფრო ბუნებრივად ჯდება ზოგად სცენარში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG